Facebook Twitter

საქმე # 120100121004242387

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №567აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე ვ., 567აპ-21 6 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. მ–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - გამოძალვას, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნას, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 17:50 საათზე, ქ. ბ–ში, მესხეთის ქ.N..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის ეზოში არსებულ გ. მ–ს კუთვნილ ავტოფარეხში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ვ. მ–მ მშობლებს: გ. მ–ს და დ. მ–ს მოსთხოვა ავტომანქანის შესაძენად ფულადი თანხა 2000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ხელთ არსებული თ–ი წარმოების ქარხნული წესით დამზადებული 9მმ ნომინალური კალიბრის ,,........."-ს აირის, ხმოვანი ტიპის პისტოლეტით და მაგიდის ფეხით დაემუქრა მათ მოკვლით.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენით ვ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ბრალდების მხარემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. მ–ს გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს გამოძალვისთვის, რაც გულისხმობს - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ან/და მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ და ამავე დროს შედარებით დამოუკიდებელ მოქმედებას: მოთხოვნას და მუქარას. ამასთან, არ უნდა არსებობდეს ქონების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი, ხოლო ძალადობის მუქარა მიმართული უნდა იყოს მომავლისაკენ, არ უნდა ატარებდეს იმწუთიერ ხასიათს.

11. ბრალდების მხარის მიერ ვ. მ–ს ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია გამოძიების აღრიცხვის ბარათი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გამომძიებლების: დ. ნ–ს, გ. ყ–ს და ა. ჩ–ს ჩვენებები (დაადასტურეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე), დაცვის მხარის მიერ უდაოდ ცნობილი გ. მ–სა და მ. მ–ს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებები და ვ. მ–ს ბრალდების შესახებ დადგენილება.

12. დაზარალებულებმა გ. მ–მ და დ. მ–ც საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ვ. მ–მ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაზარალებულმა გ. მ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, მის ჩვენებას ვერ ჩაანაცვლებს მის მიერ სსიპ 112-ისთვის შეტყობინება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში დაზარალებულმა მიუთითა ხის საგანზე, რომლითაც ვ. მ–ე მას დაემუქრა და ეს საგანი ამოღებული და დალუქული იქნა, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება სხვა მამხილებელი მტკიცებულების არ არსებობის პირობებში არ არის საკმარისი ვ. მ–ს მსჯავრდებისათვის.

14. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული თურქული წარმოების ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის “EKOL MAJOR”-ს მოდელის აირის ხმოვანი ტიპის პისტოლეტი და მაგიდის ფეხი დაზარალებულთა ჩვენებების გარეშე არ წარმოადგენს ვ. მ–ს მსჯავრდებისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულია ერთიანი - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად (იხ.: საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი, 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

15. ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი