საქმე # 190100120003508061
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №575აპ-21 ქ. თბილისი
ა. ნ. 575აპ-21 9 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ა–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ. ა–მ 2020 წლის 4 თებერვალს, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 151,4242 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად და ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად 2020 წლის 4 თებერვალს, 17:10 – 17:30 საათებს შორის დროის შუალედში, გ–ს რაიონში გამავალ თ–ე - ლ–ის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ა–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 4 თებერვლიდან.
ნ. ა–ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ნ. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ ნ. ა–ს მიმართ:
ნ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 4 თებერვლიდან.
ნ. ა–ს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ა–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებული ნ. ა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც შეესაბამება სასჯელის სამართლიანობის პრინციპს (ნ. ა. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები). ამასთან, ნ. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ახალი სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებულ საკითხზე.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე