საქმე # 330100120003465765
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №576აპ-21 ქ. თბილისი
შ–ი მ., 576აპ-21 8 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. შ–ს, - ბრალად ედებოდა: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ჩადენილს არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას, ჩადენილს ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა - 3000 ლარი.
ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - ი. ტ–ის 2020 წლის 14 იანვრის პასუხის თანახმად, მითითებული ჯარიმა გადახდილი არ არის.
მიუხედავად ამისა, მ. შ–მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - წონით 1,598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წლის 12 იანვარს, ქ. გ–ს, ს. ო–ს გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოუღეს მ. შ–ს პირადი ჩხრეკისას. იმავე დღეს მ. შ–ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ,,ბუპრენორფინის“ და ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით მ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
მ. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 12 იანვრიდან;
მ. შ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 წლით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლით; პასიური საარჩევნო უფლება - 5 წლით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარი. საბოლოოდ, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა - 3000 ლარი.
ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის დადგენილებით მ. შ–ი გათავისუფლდა მითითებული განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ავადმყოფობის გამო.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 14 იანვრის წერილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მ. შ–ის მიმართ განსაზღვრული ჯარიმა - 3000 ლარი გადახდილი არ არის.
მიუხედავად ამისა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა მ. შ–მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - წონით 1,598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წლის 12 იანვარს, ქ. გ–გ–ი, ს. ო–ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. შ–ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. იმავე დღეს მ. შ–ი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ,,ბუპრენორფინისა“ და ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ფაქტი.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-ემ,რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მძიმე ავადმყოფობის გამო, მ. შ–ის განთავისუფლება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან ან განაჩენის აღსრულების გადავადება მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ განაჩენის აღსრულების გადავადება მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნოდარ ცინცაძეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ მ. შ–ის მიმართ შევიდა ცვლილება:
მ. შ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 12 იანვრიდან;
მ. შ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით; საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 წლით; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლით; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლით; პასიური საარჩევნო უფლება - 5 წლით; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლით.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ–ის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. შ–ისათვის განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. შ–ის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის №116/სქ-№116/ქრ დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №70221 დასკვნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენები, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის - ი. ტეტუნაშვილის 2020 წლის 14 იანვრის წერილი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენის აღსრულების გადავადებას იმ მოტივით, რომ მ. შ–ი არის მძიმედ დაავადებული, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სრულად გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არის.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. შ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის და დანიშნული თავისუფლების აღკვეთის გადავადებაზე უარის თქმა განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის დანაწესს, რომ იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, მათ შორის, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ასევე, 284-ე მუხლის დანაწესს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
13. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 27 თებერვლის N01-02/09 დასკვნის თანახმად: სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის მონაცემებიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ. შ–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მიოკარდიოსტროფია (I 51.5), არტერიული ჰიპერტენზია I სტადია (JNC VII) (I10), ტახიკარდია დაუზუსტებელი (R 00.0), გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I 50.9), ფილტვების ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი მდგომარეობა (2008წ) (A15), ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი (J42), ფილტვისმიერი გული (27.9), ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი C (B12.8) (მკურნალობის შემდგომი პერიოდი), ფიბროზის F3 სტადია;
მ. შ–ი ქრონიკული და პროგნოზულად არსებულ დაავადებათა ხასიათისა და მათი თანაარსებობის მხედველობაში მიღებით, მძიმე ავადმყოფია, სრული გამოჯანმრთელების პერსპექტივის გარეშე;
ესაჭიროება მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური (ჰეპატოლოგი, კარდიოლოგი, პულმოლოგი, თერაპევტი) საექიმო მეთვალყურეობა და ადეკვატური მკურნალობა;
ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების გათვალისწინებით, იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს მ. შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.
14. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის პარალელურად, სასამართლო ითვალისწინებს მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებებს, კერძოდ: ექსპერტ ა. გ-ის ჩვენებას, რომელმაც თავდაპირველად განმარტა, რომ არსებულ დაავადებათა ხასიათისა და მათი თანაარსებობის მხედველობაში მიღებით, მ. შ–ი ქრონიკული და მძიმე ავადმყოფია (10:44:56), თუმცა მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ მ. შ–ისათვის დადგენილი დიაგნოზი - „ფილტვების ტუბერკულოზის გადატანის შემდგომი მდგომარეობა“ (2008წ) განსხვავდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის -- ბრძანებაში დაფიქსირებული დაავადებისაგან - „რესპირაციული პროგრესირებადი ტუბერკულოზი“, მიუთითა, რომ შპს „ვექტორის“ დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, კოდი - A15 მითითებულია არასწორად და განმარტა, რომ ავადმყოფის სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი იყო არა ზემოაღნიშნული დიაგნოზი, არამედ - გულსისხლძარღვთა სისტემასა და ღვიძლთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები (10:57:06; 11:00:55). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ აღნიშნული არ დაადასტურა კარდიოლოგ-თერაპევტმა თ. ბ-მა, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მე-6 გვერდზე, თამარ ბოჭორიშვილის კვლევის ნაწილში მითითებულია, რომ მ. შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, იგი ქრონიკული ავადმყოფია, სრული გამოჯანმრთელების პერსპექტივის გარეშე, თუმცა ჯანმრთელობის სიმძიმე უნდა შეფასდეს ექსპერტთა კომისიის ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მითითებულ დასკვნაში ექიმ- ინფექციონისტმა ნ. ბ-ემ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, მიუთითა, რომ ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით - მ. შ–ის მდგომარეობა არის პროგნოზულად მძიმე და მას ესაჭიროება ჰეპატოლოგის მეთვალყურეობა და პერიოდული სათანადო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევების ჩატარება, თუმცა ნ. ბ. სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, შესაბამისად, არც მხარეებს და არც სასამართლოს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, უშუალოდ მისგან მიეღოთ ინფორმაცია მ. შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კონკრეტული პრობლემების შესახებ.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის -- ბრძანებაში მითითებულია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, თავად ექსპერტის ჩვენებიდან გამომდინარე, არ არის მითითებული ბრძანებით განსაზღვრული რომელიმე მძიმე და განუკურნებელი დაავადება, რაც შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა მ. შ–ის სასჯელის გადავადებას. ამ პირობებში კი ასევე მნიშვნელოვანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N- დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის - ნ. მ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, მ. შ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და ამჟამად (დღეის მდგომარეობით) ის არ მიეკუთვნება მძიმე პაციენტების კატეგორიას (17:33:07), ამასთან, პენიტენციური დაწესებულების ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფარგლებში, ისე საჭიროების არსებობისას - სამოქალაქო პროფილის კლინიკებში (17:34:21). მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაწესებულებაში ჰყავთ ჯანმრთელობის მსგავსი მდგომარეობის სხვა ბევრი პაციენტი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მათგანი არის ინდივიდუალური, თითოეულ პაციენტს უტარდება მასზე მორგებული - საჭირო გამოკვლევები და მკურნალობა. თუ მკურნალობა დაწესებულების სამედიცინო პუნქტის ძალებს აღემატება, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გადაჰყავთ, როგორც სამკურნალო დაწესებულებაში, ასევე - სამოქალაქო პროფილის კლინიკებში (17:36:50). ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
17. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კანონიერია სააპელაციო სასამართლოს უარი განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორივე პირობის ერთდროულად არსებობასთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. აღნიშნული კი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინება №429აპ-18).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე