Facebook Twitter

საქმე # 820100121004355673

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №586აპ-21 ქ. თბილისი

შ–ე რ., 586აპ-21 8 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: რ. შ–ს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რ. შ–ემ 2020 წლის 30 სექტემბერს ქ. ბ–ში, ჭ–ის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ..........ის ტერიტორიაზე, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ბუნებრივი წიაღისეული, 3440,45 მ3 ქვიშა-ხრეშის სახით, რითაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის .....ისა და .........ს სამმართველოს მიადგა 3640,45 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით რ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. პ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა რ. შ–ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის ჯარიმის მინიმალური ოდენობით შეცვლას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. პ–მ, რომელმაც მოითხოვა რ. შ–ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის ჯარიმით შეცვლა.

6. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც სასამართლო არ ეთანხმება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. შ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - პირველადაა სამართალში, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და მსჯავრდებულ რ. შ–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

7. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს რ. შ–ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის: გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა(გამოანგარიშებით), რ. შ–ს აღიარებით,საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეების: თ. კ–ის, ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის .....სა და .....ს რეგიონული სამმართველოდან შემოსული მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. შ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე