საქმე # 010100119003214894
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №587აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ი ნ., 587აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ბ–ს, - - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ნ. ბ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ქ–ში, დ. ა–ს გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ბ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით გ. ლ–ს მიაყენა გულმკერდის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, სიცოცხლისათვის სახიფათო, ჭრილობა ნეკნთა შორის კუნთის დაზიანებით, შემავალი პლევრის ღრუში, ჰემოპნევმოთორაქსი. გ. ლ–ი სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს და დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენით:
ნ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვით.
მსჯავრდებულ ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 აგვისტოდან. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე 227აპ-16; 680აპ-17; 355აპ-19; 329აპ-20; 543აპ-20); კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რა დროსაც ცალსახად დადგინდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პირი, რომელმაც დაზარალებულს მიაყენა გულმკერდის წინა კედლის დაზიანება, არის მსჯავრდებული ნ. ბ–ი. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ნ. ბ–ს ჰქონდა საკმაო დრო და საშუალება, რომ კიდევ მიეყენებინა ჭრილობა გ. ლ–ისთვის მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში. დაზარალებულმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მისთვის ჭრილობის მიყენების მომენტში ნ. ბ–ს ხელს არავინ და არაფერი უშლიდა, თუმცა განმეორებით აღარ დაარტყა, ისე წავიდა. მხოლოდ ჭრილობის ლოკალიზაცია (გულმკერდის წინა კედლის მიდამოში) ვერ გახდება ნ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობას.
9. ამდენად, საკასაციო სასამართლო ნ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს ნ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას პროკურორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
11. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ვლადიმერ თურმანიძის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე