Facebook Twitter

საქმე # 020100120003690327

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №588აპ-21 ქ. თბილისი

ჭ. ნ. 588აპ-21 21 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ფელიქს ჯალაღონიას

გამართლებულ - ნ. ჭ-ის

ადვოკატ - ზ. კ-ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენზე ნ. ჭ-ის მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ნ. ჭ-ს, - დაბადებულს 1…წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ნ. ჭ-მ ხ-ს მუნიციპალიტეტის შ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N.. დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის’’ მე-16 მუხლის გვერდის ავლით დაამონტაჟა ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარი, რაც 2020 წლის 27 იანვარს გამოავლინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით ნ. ჭ. საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული სასამართლოს პროკურორის მოადგილემ ფელიქს ჯალაღონიამ და მოითხოვა ნ. ჭ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენი.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ფელიქს ჯალაღონიამ და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმება, ნ.ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და კანონით დადგენილი სასჯელის განსაზღვრა.

პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ნ. ჭ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გულისხმობს 2014 წლის 10 იანვრის „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ N-- დადგენილებით განსაზღვრული წესის დაცვის გარეშე სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხის ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟს.

3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N-- დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის თანახმად, 12 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე ხე-ტყე წარმოადგენს მრგვალ ხე-ტყე მორს და მისი გადამუშავება ხდება სახერხი დანადგარის მეშვეობით, რომელი დანადგარის მფლობელიც, ამავე დადგენილების მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყე მორის მოწყობილობის მონტაჟის დაწყებამდე დაარეგისტრიროს სახერხი მოწყობილობა ელექტრონულ სისტემაში, ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge).

4. მოწმების: ნ. ხ-ს 2020 წლის 5 თებერვლისა და ა. ს-ს 2020 წლის 5 თებერვლის გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 იანვარს ახდენდნენ სამსახურებრივ შემოწმებას, კერძოდ, ხ-ს მუნიციპალიტეტის შ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში ახორციელებდნენ შემოვლას, დაახლოებით 14:00 საათზე მათ შეამჩნიეს, რომ ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მცხოვრები ნ. ჭ-ს სახლის დამხმარე ნაგებობაში დამონტაჟებული იყო სახერხი დაზგა, რომელიც შესაბამისი განმარტებების შემდეგ, ნ. ჭ-ის თანხმობით, მასთან ერთად დაათვალიერეს. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დამონტაჟებული იყო სადურგლო დაზგა, რომელსაც ერთ მხარეს აქვს ელექტროშალაშინი, ხოლო მეორე მხარეს - ე.წ. ცირკული ხერხი, რომლის სიმაღლემ დაფიდან ჭრილში შეადგინა 19X30 სმ, დაზგა-დანადგარი შეერთებული იყო სამფაზიან დენის მუდმივ წყაროსთან, გააჩნდა ჩამრთველი და გამომრთველი, დაზგა-დანადგარი დაერთებული იყო 4- კილოვატიან ელექტროძრავაზე, ამავე ძრავაზე მუშაობდა შალაშინიც. ნ. ჭ-მ მათ განუმარტა, რომ სახერხი დანადგარი არ ჰქონდა დარეგისტრირებული მრგვალი ხე-ტყის(მორის) გადამამუშავებელი სახერხი საამქროს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. აღნიშნული დაზგა-დანადგარი მათ დალუქეს ლუქის ნომრით …

5. 2020 წლის 12 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, ნ. ჭ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობიდან ამოღებულ იქნა: 1. ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარი, რომლის ზომებია: სიგანე - 70 სმ, სიგრძე - 135 სმ, ცირკული ხერხის სიმაღლე რომელიც დაფიდან ჭრილში შეადგენს 19X30 სმ, ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარზე დაერთებულია 4 -კილოვატიანი ელექტროძრავა; 2. შალაშინის დანადგარი, რომლის ზომებია: სიგანე - 50სმ, სიგრძე - 160 სმ, შალაშინის დანადგარზე დაერთებულია 3-კილოვატიანი ელექტროძრავა. ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარი და შალაშინის დანადგარი ცალ-ცალკე დაილუქა ხ-ს რაიონული სამმართველოს ბეჭდით „…“ და ხელწერილით ჩაჰბარდა ნ. ჭ-ს.

6. 2020 წლის 18 მარტის საინჟინრო ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხ-ს მუნიციპალიტეტის, შ-ს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ნ. ჭ-ს საკარმიდამო ნაკვეთში განთავსებულ დამხმარე ნაგებობაში დამონტაჟებული ხის გადამამუშავებელი დაზგა(ცირკული ხერხი) წარმოადგენს მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტს(სახერხ საამქროს).

7. ნ. ჭ-ს 2020 წლის 6 თებერვლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობაში დამონტაჟებული აქვს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დაზგა-დანადგარი: შალაშინის დაზგა (მასზე დაერთებულია 3-კილოვატიანი ელექტროძრავა და არის მუშა მდგომარეობაში. დაზგაზე ხერხი არ მონტაჟდება), მეორე - ცირკულის ხერხის დაზგა-დანადგარი, რომელზეც ცალკე დაერთებულია 4 კილოვატიანი ელექტროძრავა, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული.

ნ. ჭ-ს განმარტებით, ხერხის დაზგა-დანადგარზე დამონტაჟებული ელექტრო ძრავა მწყობრიდან გამოვიდა დაახლოებით 5 წლის წინ მაგრამ მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ხერხი არ მოუხსნია. მისივე განმარტებით, შალაშინის დაზგა და ხერხის დაზგა არის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და გააჩნიათ ცალ-ცალკე ელექტროძრავა; შალაშინის დაზგა არის მუშა მდგომარეობაში, ხოლო ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარი უმოქმედოა. მოწმემ დაადასტურა, რომ სახერხი დაზგა-დანადგარი რეგისტრაციაში გატარებული არ აქვს.

2020 წლის 23 თებერვალს მოწმემ დააზუსტა მის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის 6 თებერვალს მიწოდებული ინფორმაცია და განმარტა, რომ 2010 წლის შემოდგომაზე საცხოვრებელი სახლის გვერდით დამხმარე შენობა-ნაგებობაზე დაამონტაჟა სახერხი დაზგა, რომელზეც ეყენა ცირკული ხერხი, რითაც ამუშავებდა ხის მორებს და იყენებდა სახლისათვის. სახერხი დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა 2017 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც არ შეუკეთებია.

8. ნ. ჭ-ს მიერ 2020 წლის 6 თებერვლისა და 23 თებერვლის გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები(სახერხი დანადგარის 2010 წელს დამონტაჟებისა და 2017 წლის შემოდგომიდან მწყობრიდან გამოსვლის შესახებ) დაადასტურეს ე.ჭ-მ - 2020 წლის 7 აპრილის გამოკითხვის ოქმში და მ. ქ. - 2020 წლის 7 აპრილის გამოკითხვის ოქმში.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კასატორის საჩივრის იმავე საკითხზე (კვალიფიკაციაზე) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. 2014 წლის 10 იანვრის საქართველოს მთავრობის N-- დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“, რომლის მე-16 მუხლის თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟის დაწყებამდე დაარეგისტრიროს სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტემაში, ვებპორტალზე (https://emoe.gov.ge). სახერხი საამქროს მფლობელი, სახერხი საამქროს დარეგისტრირების მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით. სახერხი საამქრო ექვემდებარება დარეგისტრირებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც: ა) დეპარტამენტი დაადგენს, რომ სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; ბ) დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ სახერხი საამქრო ადგილზე გადამოწმების შემდგომ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. მოცემული პროცედურების შემდგომ დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას სახერხი საამქროს ელექტრონულ სისტემაში სახერხი საამქროს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე თანხმობა გამოიხატება იმაში, რომ სახერხ საამქროს ელექტრონულად ენიჭება რეგისტრაციის უნიკალური ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და სტატუსი − „მოქმედი“. შესაბამისად, დადგენილების თანახმად, შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი დაიშვება მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.

11. ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარის რეგისტრაციის ვალდებულება ნ. ჭ-ს წარმოეშვა 2014 წლის 10 იანვრის საქართველოს მთავრობის N-- დადგენილებით. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განსხვავებულ სამართლებრივ რეგულირებას იმ სახერხ დანადგარებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დამონტაჟებული იყო საქართველოს სსკ-ში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსხვავებულად შეფასდა საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-13 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული თავისი შემადგენლობით დენად დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ჭ-ს მიერ ჩადენილი ქმედება დაიწყო მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობაში ცირკული ხერხის დაზგა-დანადგარის დამონტაჟებით და უწყვეტად ხორიელდებოდა 2020 წლის 27 იანვრამდე - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნ. ჭ-ს მიერ სახერხი დანადგარის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მონტაჟის ფაქტის აღმოჩენამდე.

13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N.. დადგენილებით გათვალისწინებული წესის გვერდის ავლით სახერხი საამქროს რეგისტრაცია 2018 წლის 20 აპრილამდე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას.

14. 2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2871 მუხლი და დანაშაულად გამოცხადდა ,,სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე”.

15. საქართველოს სსკ-ის 2871-მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს სახერხ საამქროში მრგავლი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის(ტექნიკის) ან მოწყობილობის მონტაჟისათვის 2014 წლის 10 იანვრის საქართველოს მთავრობის N-- დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ მე-16 მუხლით დადგენილი წესის დაუცველად.

16. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზანი იყო გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სახელმწიფო საკუთრების დაცვის, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის და დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფისთვის.

17. ნ. ჭ-ს, ე. ჭ-ს და მ. ქ. გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2017 წლის შემოდგომაზე სახერხი დანადგარი გამოვიდა მწყობრიდან, რის შემდეგაც ნ. ჭ-ს არ შეუკეთებია. ამასთან, საინჟინრო ექსპერტიზის N.. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით დანადგარზე რამოდენიმეჯერ მოხდა ძაბვის მიწოდება (ჩართვა), თუმცა დანადგარი, ძრავი არ ჩაირთო(იხ. ტ. 1, ს.ფ. 156-161). 2020 წლის 2 აპრილის დათვალიერების ოქმითაც დგინდება, რომ გამშვები ღილაკით მოხდა დანადგარის ძრავის ჩართვა, თუმცა ძრავი არ ჩაირთო(იხ. ტ. 1, ს.ფ. 173-180). აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარეს. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ნ. ჭ-ს მიერ დამონტაჟებული დანადგარის ვარგისიანობა საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლი პასუხისმგებლობას ადგენს არა სახერხის შენახვისათვის, არამედ სახერხი დანადგარის მონტაჟისათვის რეგისტრაციის გარეშე.

19. 2014 წლის 10 იანვრის საქართველოს მთავრობის N.. დადგენილების მე-16 მუხლის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სახერხი დანადგარის რეგისტრაცია ხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ რაც სამსახური შეამოწმებდა სახერხი დანადგარის შესაბამისობას ადგილზე, რაც თავის თავში სახერხი დანადგარის ვარგისიანობასაც მოიაზრებს. სასამართლო მიუთითებს, რომ რეგისტრაციის მიზანს აღრიცხვიანობასთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების დაცვა, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. საქართველოს სსკ-ის 2871 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემოს დაცვა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ქმედებისათვის, რომელიც გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგაა მიმართული. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კანონის ამოქმედების მომენტში ნ. ჭ-ს სახერხი დანადგარი არ იყო ვარგისი გამოყენებისათვის. სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილება კი არ ემსახურებოდა ნებისმიერი მოწყობილობის აღრიცხვას, ცვლილების მიზანია გამოყენებისათვის ვარგისი სახერხი დანადგარის რეგისტრაცია, რათა გარემოს დაცვის მიზანი იყოს უზრუნველყოფილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ჭ-ს საკუთრებაში არსებული სახერხი დანადგარით საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლით დაცული ობიექტისათვის საფრთხის შექმნა.

20. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ჭ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის - ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე