საქმე # 330100120003959482
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №595აპ-21 ქ. თბილისი
კ–ა ო., 595აპ-21 29 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ო. კ–სა და ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. კ–ს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ბ. ა–ს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
დ. ქ–ს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
2. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ბ. ა–მ, ო. კ–სა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ო. კ–მ, ბ. ა–ს მითითებითა და დახმარებით, 2020 წლის 11 მარტს დააფუძნა არარეზიდენტი იურიდიული პირის მსგავსი სახელწოდების საწარმო - შპს „..............“ და კომპანიის სახელზე სს „.............ში“ გახსნა მულტისავალუტო საბანკო ანგარიშები. საწარმოს დაფუძნება ატარებდა ფიქციურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ.
2020 წლის 13 მაისს შპს „......................“ სს „......................საბანკო ანგარიშზე ნორვეგიული კომპანია „A-C A--დან“ განხორციელდა 17 301 ევროს ჩარიცხვა, დანიშნულებით „I- -“. 2020 წლის 14 მაისს ჩარიცხული თანხა კომპანიის დირექტორმა ო. კ–სიამ ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა ბანკის ზუგდიდის ფილიალიდან.
2020 წლის 21 მაისს შპს .................სს „................“ საბანკო ანგარიშზე ნ–ი კომპანია „..........-დან“ განხორციელდა 76 492 ევროს ჩარიცხვა. ო. კ–ა სს „......................სხვადასხვა ფილიალიდან ცდილობდა ჩარიცხული თანხის გატანას, მაგრამ ვინაიდან ბანკს ვერ წარუდგინა თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნული ვერ შეძლო.
მოგვიანებით სს „..........მ“ მოკორესპონდენტო ბანკისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება შპს „............“ საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხების თაღლითური გზით ჩარიცხვის შესახებ და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. ნ–ი კომპანიის საბანკო ანგარიშიდან თანხების გადმორიცხვას წინ უძღოდა გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ „........-ის“ ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული გზით შეღწევა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული გზით წვდომის მოპოვების შემდეგ, „.............-ის“ წარმომადგენლებმა თითქოსდა მათი პარტნიორისგან მიიღეს წერილი ფინანსური ვალდებულების შესრულების თაობაზე, შეცვლილი საბანკო რეკვიზიტებით. კომპანიამ აღნიშნული შეტყობინება აღიქვა რეალურად და ნაცვლად ე–ი კომპანიისა „...“, თანხა გადმორიცხეს ო. კ–ს მიერ რეგისტრირებულ შპს „.................“ საბანკო ანგარიშზე ს–ში.
აღნიშნული ქმედებით ბ. ა–ე, ო. კ–სიასა და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი იურიდიული პირის კუთვნილ, ჯამურად - 93 793 ევროს.
ბ. ა–ე აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, იგი დაუკავშირდა დ. ქ–ს, რომელმაც აღნიშნული მიზნით 2020 წლის 1 მაისს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრირა შპს „...............“ (ს/კ ..........) (იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ზ–ი, გ–ს .. შეს. №..). საწარმოს დირექტორს, დამფუძნებელსა და 100% წილის მფლობელს წარმოადგენს თავად დ. ქ–ა. რეალურად, საწარმოს რეგისტრაცია ატარებდა ფიქციურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ.
წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, დ. ქ–მ, ბ. ა–ს მითითებითა და დახმარებით, შპს „....................ის“ სახელზე სს „............ ბანკში“ გახსნა მულტისავალუტო საბანკო ანგარიშები. 2020 წლის 18 მაისს შპს „...........ს“ სს „........... ბანკის“ საბანკო ანგარიშზე ი–ი კომპანია „............-დან“ განხორციელდა 41 169 ევროს ჩარიცხვა დანიშნულებით „...............“. მიღებული თანხიდან 40 960 ევრო იმავე დღეს საწარმოს დირექტორმა - დ. ქ–მ გაიტანა სალაროდან ნაღდი ფულის სახით.
2020 წლის 22 მაისს სს „......... ბანკმა“ მოკორესპონდენტო ბანკისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება შპს „............ის“ საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხის თაღლითური გზით ჩარიცხვასთან დაკავშირებით და მოთხოვნილ იქნა ჩარიცხული თანხის დაბრუნება.
შპს „................ის“ საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვას წინ უძღოდა ბ. ა–სთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიერ იტალიური კომპანიის „..........-ს“ წარმომადგენლებისთვის ყალბი ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა, რის შედეგადაც განხორციელდა დაზარალებული კომპანიის კუთვნილი 41 169 ევროს გადარიცხვა დ. ქ–ს მიერ რეგისტრირებულ საწარმო შპს „...............ის“ საბანკო ანგარიშზე.
აღნიშნული ქმედებით ბ. ა–ე, დ. ქ–სა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, დაეუფლა ჯამურად - 41 169 ევროს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით დ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
დ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;
დ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;
ბ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
ბ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 ივნისიდან;
ბ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;
ო. კ–სია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
ო. კ–სიას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 19 ივნისიდან;
ო. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს 2020 წლის 27 მაისის პროკურორის დადგენილების საფუძველზე (რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2020 წლის 28 მაისის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი) ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა, მოეხსნას: 2020 წლის 27 მაისს 13:00 საათიდან - 13:22 საათამდე დროის შუალედში სს „..........-ს“ (ს/ნ .............) საბანკო ანგარიშს;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა გაუქმდეს 2020 წლის 3 ივნისის პროკურორის დადგენილების საფუძველზე (რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი) ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას: სს „.......... ბანკში“ გახსნილ შპს „..........ის“ (ს/კ ...........) საბანკო ანგარიშს, დ. ქ–ს (პირადი №.............) საბანკო ანგარიშებს: 2020 წლის 3 ივნისს, 14:55 სთ - 15:10 სთ სს „............ ბანკში“ გახსნილ დ. ქ–ს (პირადი N...........) და 2020 წლის 3 ივნისს, 16:02 სთ - 16:19 სთ სს „....... ბანკში“ გახსნილ დ. ქ–ს (პირადი #.............) საბანკო ანგარიშებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ო. კ–სიასა და ბ. ა–ს ადვოკატმა გ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ო. კ–სიასა და ბ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ო. კ–სა და ბ. ა–ს ადვოკატმა გ. კ–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება და ო. კ–სიასა და ბ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეო-აუდიო და ფარული სატელეფონო ჩანაწერებით არ გამოიკვეთა ო. კ–სა და ბ. ა–ს დანაშაულებრივი ქმედება, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები ირიბადაც კი არ ადასტურებენ მათ ბრალეულობას; საქმეში არ მოიპოვება: ო. კ–სიასა და ბ. ა–ს წინასწარი შეთანხმებისა და თანხების მოტყუებით დაუფლების განზრახვის მტკიცებულება; დ. ქ–სა და ბ. კ–ს შორის კომპანიის და საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების დამადასტურებელი ინფორმაცია; ფარული სატელეფონო საუბრების ამსახველ ჩანაწერებში გაჟღერებული ხმა და ტექსტი არ ეკუთვნის ო. კ–სიას ან/და ბ. ა–ს; ბრალდების მხარემ შეგნებულად არ წარმოადგინა ვიდეო, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც იდენტიფიცირდებოდა კონკრეტული ხმები. ამასთან, ჩანაწერში არ ფიქსირდება 17000 ევროს ირგვლივ რაიმე საუბარი. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა დაზარალებულისათვის კითხვების დასმის საშუალება.
დაცვის მხარე ასევე არ ეთანხმება პოზიციას, რომ ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება ბანკიდან 76 492 ევროს ო. კ–ს მიერ გატანის მცდელობა, რადგან არც ამ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ან/და ამოცნობის ოქმი. თავად ო. კ–ა კი ადასტურებს, რომ ის არ მისულა ბანკში მითითებული თანხის გამოსატანად.
გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, არ არის გასაზიარებელი: 1. კომპანია „.........ის“ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რადგან დარღვეულია კანონი, კერძოდ, დაუდგენელია წარმომადგენლების კავშირი კომპანიებთან; ასევე, მათი ვინაობა - არ არის წარმოდგენილი მათი პირადობის დამადასტურებელი ან/და პიროვნების შესახებ ინფორმაცია; 2. ა. ფ–ს დისტანციური გამოკითხვის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ნორვეგიის სახელმწიფოს სამართლის წესი ან/და პრაქტიკა, რომელიც პირის მსგავსი წესით გამოკითხვის საშუალებას იძლევა, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-11 ნაწილი.
ის ფაქტი, რომ ო. კ–ს კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა და მას მანამდე არ ჰქონია რაიმე სამეწარმეო საქმიანობა, არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ვინაიდან ბანკიდან არ არის ამოღებული ფული, მას არ უცდია 76 492 ევროს ბანკიდან გატანა, არ დგინდება მსჯავრდებულების კავშირი ა. ფ–სთან, ასევე, ბაჩუკი ლაფენიძის ანგარიშზე არ ჩარიცხულა რაიმე თანხა.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ო. კ–სიას და ბ. ა–ს მსჯავრდებას, ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა ადვოკატის მიერ წარმოდგენილ ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიუთითებს შემდეგს:
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულის წარმომადგენელის - ა. ფ–ს გამოკითხვის ოქმი, გამოკვლეული ჩანაწერი, პ. მ–სთან სატელეფონო გასაუბრების ოქმი, მოწმეების, მათ შორის: ნ. ბ–ს, გ. თ–ს, მ. მ–ს, ლ. ხ–ს ჩვენებები, 2020 წლის 11 მარტისა და 1 მაისის ამონაწერები, საბანკო ანგარიშები და ამონაწერები, ბანკიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, მობილური ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერები და კრებსები) უტყუარად დასტურდება ო. კ–სა და ბ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. დაზარალებულის წარმომადგენელის - ა. ფ–ს გამოკითხვის ოქმით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ჩანაწერით დადგინდა, რომ კომპანია „..........“ ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული გზით წვდომის მოპოვების შემდეგ, „........-ის“ წარმომადგენლებმა თითქოსდა მათი პარტნიორისგან მიიღეს წერილი ფინანსური ვალდებულების შესრულების თაობაზე, შეცვლილი საბანკო რეკვიზიტებით. კომპანიამ აღნიშნული შეტყობინება აღიქვა რეალურად და ნაცვლად ესპანური კომპანიისა, თანხა გადარიცხეს ს–ში (ო. კ–ს მიერ რეგისტრირებული კომპანიის) შპს ...................... საბანკო ანგარიშზე. თავდაპირველად გადარიცხეს 17 316 ევრო, ხოლო 2020 წლის 21 მაისს ნორვეგიული კომპანია „...........-დან“ შპს .............. საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 76 507 ევრო. აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა მათ კომპანიას და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
12. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2020 წლის 11 მარტის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ............... დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე არის - ო. კ–სია; გამოვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „.........“ ბანკში კომპანია ......................ს გახსნილი ჰქონდა სანაკო ანგარიში, რომელზეც 2020 წლის 13 მაისს კომპანია „........-ისგან“ ჩაირიცხა - 17 301.00 ევრო; 2020 წლის 14 მაისის სალაროს გასავლის N......... ორდერის თანახმად, შპს „.................ის“ საბანკო ანგარიშიდან ო. კ–სიამ გაიტანა 17 197.00 ევრო (ნაღდი ანგარიშსწორებით ბანკის .........ის ფილიალიდან). მითითებული თანხის ჩარიცხვისა და გატანის ფაქტი დადასტურდა ო. კ–სიას სატელეფონო საუბრებით, ბანკიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერებითა და მასზე რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების შესახებ მობილური ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (სს ,,.......... ბანკი ........დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის 2020 წლის 14 მაისის ვიდეოჩანაწერის თანახმად, ჩანაწერში ასახულია ბანკის თანამშრომლის და კლიენტის (სავარაუდოდ, ო. კ–სიას) კომუნიკაცია, კადრში ასევე ჩანს კლიენტის რამდენიმე სატელეფონო საუბარი, ხოლო მობილური ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, იმავე დროს ო. კ–ს მობილურ ტელეფონს ემსახურება ერთი და იგივე ანძა (2020 წლის 7 ივნისის ლუქის ახსნის, CD-R დისკის დათვალიერებისა და ხელახალი დალუქვის შესახებ ოქმი)).
13. საბანკო ამონაწერით ასევე დადასტურდა, რომ ......................სანაკო ანგარიშზე 2020 წლის 21 მაისს კომპანია „..........სგან“ ჩაირიცხა - 76 492.20 ევრო.
14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ო. კ–ს არ ჰქონია ბანკიდან 76 492 ევროს გატანის მცდელობა, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, სს „...................... ანგარიშების მთავარმა მენეჯერმა მ. მ–მ განმარტა, რომ მაისის ბოლოს ბანკში მისული იყო კომპანიის დირექტორი - ო. კ–ა, რომელსაც სურდა კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული 76 000 ევროს გატანა. ო. კ–ს გამოართვა პირადობის მოწმობა და შევიდა კომპანიის ანგარიშზე. თანხა ჩარიცხული იყო, თუმცა აღნიშნული ანგარიში მონიტორიგნის სამსახურს კონტროლზე ჰქონდ აყვანილი, სადაც მითითებული იყო, რომ არ ჰქონდა არანაირი ოპერაციის შესრულების უფლება მონიტორინგის სამსახურის გაფრთხილების გარეშე. ინფორმაცია მიაწოდა მონიტორინგის სამსახურს, რომლის თანამშრომელმა უთხრა, რომ კლიენტ - ო. კ–სიასთვის მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. ო. კ–სიას მოსთხოვა საჭირო ინფორმაცია, ამ უკანასკნელმა გამოართვა ელექტრონული ფოსტის მისამართი და გავიდა გარეთ. დაახლოებით 15-20 წუთში დაბრუნდა და უთხრა, რომ მის ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნილი იყო ხელშეკრულება. ო. კ–სიას მიერ გადაგზავნილი დოკუმენტები გადაუგზავნა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს. ო. კ–სიამ ვერ მოახერხა ტრანსპორტირების ინვოისის გადაგზავნა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახურის მითითების საფუძველზე, ჰკითხა, რა სახის აღჭურვილობაზე იყო საუბარი, თუმცა ო. კ–ს ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა. თავდაპირველად ის მშვიდად იყო, მაგრამ როდესაც უთხრა, რომ დეტალური ინფორმაცია სჭირდებოდა და კითხვები დაუსვა, გაღიზიანდა. რამდენჯერმე გავიდა ფილიალიდან და დაუბარა, თავად დაკავშირებოდა, როცა გაარკვევდა, რომ შეეძლო თანხის გატანა. დღის ბოლოს ო. კ–სია კვლავ მივიდა ბანკში და მოითხოვა თანხის გატანა ან უკან გადარიცხვა. ის გაესაუბრა ფილიალის მმართველს - ლ. ხ–ს, რომელმაც აუხსნა, რომ ეს იყო სტანდარტული პროცედურა და თანხას ვერ დააბრუნებდნენ, სანამ მონიტორინგის სამსახური არ მისცემდა ამის უფლებას.
15. სს „...... ბანკის“ ვაკის ფილიალის მმართველმა ლ. ხ–მ ასევე დაადასტურა, რომ ბანკში მისული იყო შპს ................. წარმომადგენელი - ო. კ–ა, რომელსაც სურდა ნ–დან ჩარიცხული თანხის - 76 000 ევროს გატანა. ო. კ–სია შეხვდა მენეჯერს - მ. ხ–ს. ამ უკანასკნელმა ლ. ხ–ს უთხრა, რომ ანგარიში მონიტორინგის სამსახურს ჰქონდა კონტროლზე. როგორც შემდეგ გაარკვია, საუბარი იყო ე.წ. „თაღლითურ“ ტრანზაქციაზე. ო. კ–ა მ. ხ–ს ეკითხებოდა, რატომ არ აძლევდნენ თანხის გატანის უფლებას, მაშინ, როცა ერთხელ უკვე გატანილი ჰქონდა თანხა. თავის მხრივ, ლ. ხ–მ ო. კ–ს აუხსნა, რომ ბანკს ჰქონდა გასავლელი პროცედურები. მან გამოთქვა უკმაყოფილება და წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა და უთხრა, რომ თუკი არ ატანდნენ, თანხა გადაერიცხათ უკან, რაზეც მან უპასუხა, რომ ბანკი გაივლიდა პროცედურებს და შემდეგ გადაწყდებოდა აღნიშნული საკითხი. ო. კ–სია გაბრაზდა, უთხრა, რომ უჩივლებდა და წავიდა.
16. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია არა ო. კ–ა, არამედ სხვა პირი. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია შესაბამისი ექსპერტიზები ან/და ამოცნობები, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც, მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად, დაადასტურებდა სადავო ვიდეოჩანაწერში არა ო. კ–ს, არამედ სხვა პირის ფიქსაციას, ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული სადავო საკითხის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
17. 2020 წლის 8 ივნისის სატელეფონო გასაუბრების ოქმით დადგინდა, რომ საუბარი შედგა ი–ი კომპანია „...........-ს“ წარმომადგენელთან - ფინანსურ დირექტორ პ. მ–სთან, რომლის განმარტებით, 2020 წლის 18 მაისს კომპანია „...........-ს“ სახელზე საბანკო დაწესებულება „..............-ში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან ს–ში თაღლითური გზით გადაირიცხა 41 169 ევრო. მათი კომპანია კი წარმოადგენს დანაშაულის მსხვერპლს.
18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2020 წლის 1 მაისის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ნ–ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე არის - დ. ქ–ა; გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 13 მაისს შპს „ნ–ს“ სს „......... ბანკის“ საბანკო ანგარიშზე იტალიური კომპანია „.............-დან“ ჩაირიცხა 41 169 ევრო, დანიშნულებით - „.............“ მითითებული თანხიდან 40 960 ევრო იმავე დღეს საწარმოს დირექტორმა დ. ქ–მ გაიტანა სალაროდან ნაღდი ფულის სახით, რაც დასტურდება სს „....... ბანკიდან“ ამოღებული სალაროს გასავლის N....... ორდერით. ასევე, სს „.......... ბანკის“ თანამშრომელ ნ. ბ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ დ. ქ–აზე გასცა - 40 960 ევრო. გარდა ამისა, მოწმემ მიუთითა, რომ მასთან მისულ კლიენტს ახსნევინებს პირბადეს და ართმევს პირადობის მოწმობას. პირის ვიზუალურ მონაცემებს ადარებს პირადობის მოწმობის მონაცემებს და ახდენს მის იდენტიფიკაციას. ამის შემდეგ შეჰყავს კლიენტის პირადი ნომერი, რის შემდეგაც კლიენტს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებით ეგზავნება კოდი. კლიენტის მიერ მითითებულ ციფრებს წერს პროგრამაში. სწორედ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ აქვს წვდომა კონკრეტული პირის - კლიენტის ანგარიშზე და მის მიერ მითითებული ოდენობის თანხის გამოწერის საშუალება. გარდა ამისა, ამოწმებს კლიენტის ხელმოწერას, კერძოდ, ის უნდა დაემთხვეს პროგრამაში მითითებულ ხელმოწერას, დამთხვევის შემთხვევაში გასცემს თანხას.
19. მოწმე გ. თ–მ (სს „........... ბანკის“ თანამშრომელი) კი დაადასტურა, რომ ბანკის სათავო ოფისიდან დაევალა დაკავშირებოდა შპს „ნატურე პეარლს პრივატე ლიმიტედის“ დირექტორს - დ. ქ–ს. საუბრისას მან დაუდასტურა, რომ იყო შპს „ნატურე პეარლს პრივატე ლიმიტედის“ დირექტორი - დ. ქ–ა. განუმარტა, რომ მისი შპს-ს ანგარიშზე ჩარიცხული იყო თანხა, ამ თანხის გადმომრიცხავი ითხოვდა თანხის უკან დაბრუნებას და თუკი თანახმა იყო, მისულიყო ბანკში. დ. ქ–ა გამოცხადდა ბანკის ფილიალში, რა დროსაც კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მისი შპს-ს ანგარიშზე ჩარიცხული იყო თანხა და გადმომრიცხავი ითხოვდა მის უკან დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ დააბრუნებდა თანხას, თუმცა ამის შემდეგ დ. ქ–ს ვეღარ დაუკავშირდა.
20. ამასთან, სს „..........ს ბანკისა“ და სს „.........“ მონიტორინგის სამსახურის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა თაღლითური ტრანზაქციები. 2020 წლის 22 მაისს სს „............ს ბანკმა“ მოკორესპონდენტო ბანკისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება შპს „ნ–ს“ საბანკო ანგარიშზე 41 169 ევროს თაღლითური გზით ჩარიცხვის შესახებ და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. ასევე, სს „..........მ“ მოკორესპონდენტო ბანკისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება შპს ...................... საბანკო ანგარიშზე ფულადი თანხების თაღლითური გზით ჩარიცხვის შესახებ და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.
21. სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ფარული ჩანაწერების შინაარს, სადაც მსჯავრდებულები საუბრობენ თავიანთ ანგარიშებზე, თანხების უკანონოდ ჩარიცხვისა და გამოტანის თაობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ თანხების დარიცხვისა და გამოტანის გამო დასაჭერად აქვს (ო. კ–ს) საქმე; უშუალოდ ო. კ–სა და ბ. ა–ს შორის ასევე გაიმართა საუბარი, ეს უკანასკნელი მოსაუბრეს მიმართავს, რომ ცოტა მოიცადოს და ყველაფერი დალაგდება, ასევე ეუბნება - ,, „ბიჭო, არ მინდა ტელეფონზე ბევრი ლაპარაკი და ამას ვერ უნდა მიხვდე?! ბავშვები ხომ არ ვართ! ... ცოტა ხანი დამელოდე და გნახავთ, ... ხომ უნდა მიხვდე, რომ არ მინდა ტელეფონით ლაპარაკი“. ამავე ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ო. კ–სია სწორედ ბ. ა–სთან არკვევს იმ საკითხებს, თუ რატომ დაედო მის ანგარიშებს ყადაღა. ამდენად, ბ. ა–ე არკვევს საკითხს თანხების გადმორიცხვასთან დაკავშირებით, იჩენს ზედმეტ სიფრთხილეს და არ სურს დეტალურად ტელეფონის მეშვეობით კონკრეტულ საკითხებზე საუბარი.
22. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ჩანაწერში არ ფიქსირდება 17000 ევროს ირგვლივ რაიმე საუბარი, რადგან მათ შორის, 2020 წლის 27 მაისის ჩანაწერის თანახმად, ტელეფონის ნომრიდან, რომელიც, შპს „........ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტიდან - 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით პერიოდში რეგისტრირებული იყო ..............ს მოქალაქე ო. კ–სიაზე, განხორციელდა ზარი ქალბატონთან. საუბარი მიმდინარეობს სწორედ 17 000 ევროზე, კერძოდ: ,,..........ში არ ავიღე 17 000? იმან მე მითხრა, ბატონო ო–ე, თუ კიდევ დაგერიცხებათო, მე ვუთხარი კი, უნდა დამერიცხოს, ოღონდ დიდი თანხა; ...მე ვუთხარი დიდი თანხა იქნება, სადღაც 80-მდე, დამირეკე, რომ დაგახვედრო ფულიო“, მოსაუბრე აგრძელებს: ,,17 000 ევრო ხომ იშოვა, 17 000 ევროდან ხომ მომცეს 500, 500 კი არ იყო მოსაცემი 3000 იყო“. გარდა ამისა, 2020 წლის 30 მაისს ო. კ–სა და მამაკაცს შორის ასევე საუბარია მითითებულ თანხაზე.
23. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, ფარული ჩანაწერებითა და ფარული სატელეფონო საუბრების ამსახველი კრებსებით უტყუარად დადასტურდა, რომ ო. კ–სა და დ. ქ–ს მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე განხორციელდა თაღლითური ტრანზაქციები, რასაც მოკორესპოდენტო ბანკები ატყობინებდნენ შესაბამის საბანკო დაწესებულებებს. ამასთან, ო. კ–სა და დ. ქ–ს მიერ დაარსებულ კომპანიებს სხვა თანხები, გარდა თაღლითური გზით ჩარიცხული თანხებისა, არ ჩარიცხვიათ და რაიმე სახის ბრუნვა არ უწარმოებიათ. მსჯავრდებულები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად მოქმედებდნენ, ს–ში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით. რეალურად საწარმოს რეგისტრაცია ატარებდა ფიქციურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისაკენ.
24. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არ არის გამოკვეთილი ა. ფ–სა და პ. მ–ს კავშირი დაზარალებულ კომპანიებთან, ვინაიდან ვებგვერდის დათვალიერებისა და ელექტრონული კომუნიკაციის 2020 წლის 25 მაისის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გ. მ–მ (ინგლისური ენის თარჯიმნის ი. შ–ს მონაწილეობით), დაათვალიერა ინტერნეტში არსებული საჯარო ინფორმაცია - ნორვეგიული კომპანიის „........-ის“ საკონტაქტო მონაცემები, მის წარმომადგენლებთან დაკავშირების მიზნით. შესაბამის ვებგვერდზე ნახა კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერის (....) ა. ფ–ს (.........) ტელეფონის ნომერი და ელექტრონული საფოსტო მისამართი, სადაც თარჯიმნის დახმარებით გაგზავნა ინგლისურენოვანი წერილი, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებით. აღნიშნულის შემდეგ, დათვალიერების 2020 წლის 26 და 28 მაისის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გ. მ–მ თავის სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე 2020 წლის 26 და 28 მაისს მიიღო კომპანია „.........-ის“ წარმომადგენლ „.............-გან“ წერილები (გამომძიებლის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად). მნიშვნელოვანია, რომ ა. ფ–ი წერილებში საუბროს იმ თაღლითური სქემის დეტალებზე, რომელმაც დააზარალა კომპანია „.........-ი“, ხოლო 2020 წლის 28 მაისის წერილს თან ურთავს 17 301 ევროსა და 76 492 ევროს გადარიცხვასთან დაკავშირებით დოკუმენტებს, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ ის სწორედ მითითებული კომპანიის წარმომადგენელია და სადავო გადარიცხვების შესახებ არათუ ფლობს ინფორმაციას, არამედ სწორედ მას აქვს დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.
25. ანალოგიურად, ვებგვერდის დათვალიერების 2020 წლის 8 ივნისის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გ. მ–მ დაათვალიერა ინტერნეტში არსებული საჯარო ინფორმაცია ი–ი კომპანია „............-ის“ საკონტაქტო მონაცემების მოძიებისა და მის წარმომადგენლებთან დაკავშირების მიზნით. შესაბამის ვებგვერდზე ნახა კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი +............. ასევე კომპანიის მისამართი: „......... (..) - .....“. სატელეფონო გასაუბრების 2020 წლის 8 ივნისის ოქმის თანახმად, გ. მ–ი თარჯიმნის მონაწილეობით დაუკავშირდა კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. კომპანიის მხრიდან მას გაესაუბრა ფინანსური დირექტორი პ. მ–ო, რომელმაც განუცხადა, რომ კომპანიას არ ჰყავს ს–ში პარტნიორები, შესაბამისად, ს–ში რეგისტრირებულ შპს „............თან“ არანაირი საქმიანი კავშირი არ აქვთ. მისივე განმარტებით, 2020 წლის 18 მაისს კომპანია „..............-ს“ სახელზე საბანკო დაწესებულება „............-ში“ არსებული საბანკო ანგარიშიდან .............ში გადმოირიცხა 41 169 ევრო თაღლითური გზით. შესაბამისად, მათი კომპანია არის დაზარალებული.
26. აღნიშნული დათვალიერების ოქმები, სატელეფონო გასაუბრების ოქმები და გამომძიებელ გ. მ–ის ჩვენება აქარწყლებს დაცვის მხარის ეჭვებს და ადასტურებს, რომ ა. ფ–ი და პ. მ–ო დაზარალებული კომპანიების წარმომადგენლები არიან.
27. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა დაზარალებულისათვის კითხვების დასმის საშუალება. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და აღნიშნავს, რომ პირის მსჯავრდება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებით სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული არ არის საქართველოს მოქალაქე და ის საქმის განხილვისას არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს მსჯავრდების ერთადერთ და ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა ა. ფ–ს უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა, აღნიშნულის უარყოფითი გავლენა კასატორთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების სამართლიანობაზე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, 15.12.2015; Al-Khawaja and Tahery, no. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011), მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვებს ან/და ბუნდოვანებას არ აჩენს ა. ფ–ს 2020 წლის 20 ივლისის გამოკითხვის ოქმი და გამოკითხვის ამსახველი ჩანაწერი.
28. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გასაზიარებელი არ არის ა. ფ–ს დისტანციური გამოკითხვის ოქმი და მისი ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება ან ნორვეგიის სახელმწიფოს სამართლის წესი ან/და პრაქტიკა, რომელიც პირის მსგავსი წესით გამოკითხვის საშუალებას იძლევა, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-11 ნაწილი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე 2020 წლის 18 ივლისის მიმოწერის დათვალიერების ოქმი და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილები. კერძოდ, 2020 წლის 8 ივლისის წერილის თანახმად, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის დირექტორი ლ. კ–ა ჰ. ე–ი, საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომელ ი. ბ–ს, კითხვაზე - ექნება თუ არა საქართველოს უფლება დაკითხოს დაზარალებული ოფიციალური .... პროცესის გვერდის ავლით, უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში დაკითხვა განიხილება, როგორც პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა, ამიტომ არ სჭირდებათ ... განაცხადის წარდგენა. მანვე აცნობა, რომ ეს უნდა იყოს კოორდინირებული სისხლის სამართლის საგამოძიებო ეროვნული სამსახურის (.....) საშუალებით, რომელიც დაეხმარება ს–ს მხარეს. მანვე მიაწოდა საკონტაქტო ინფორმაცია და განუცხადა, რომ დისტანციური დაკითხვისათვის საჭიროა იმ პირის თანხმობა, რომელსაც უნდა მოუსმინონ. ამავე წერილის თანახმად, ლ. კ–ა ჰ. ე–ს მოთხოვნა გადაუგზავნა ვესბი ვისმა. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 17 ივლისს, ი. ბ–მ (მისი ფოსტის საშუალებით) მისწერა ოსლოს პოლიციის განყოფილების პროკურორ ა. კ–ს და აცნობა, რომ გამოძიება ცდილობს დისტანციურად დაკითხოს „..........-ის“ წარმომადგენლი ა. ფ–ი დაზარალებულის სტატუსით, ოფიციალური ........ პროცესის გვერდის ავლით. წერილს თან დაერთო ა. ფ–სთან გამართული ელექტრონული კომუნიკაცია და მის მიერ გაცხადებული თანხმობა ელექტრონული საშუალებით დაკითხვის თაობაზე. ამასთან, ა. ფ–ს შეატყობინეს დაკითხვის დრო. 2020 წლის 17 ივლისის ა. კ–ის წერილის თანახმად, ის ადასტურებს, რომ გამომძიებელს ელექტრონული ფოსტით მისცა დავალება, რომ დაკითხვა გაიმართება ორშაბათს, თავის მხრივ, ი. ბ–ე უგზავნის გამომძიებელ გ. მ–ის მობილური ტელეფონის ნომერს, რათა განიხილონ დაზარალებულის დაკითხვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, ხოლო ა. კ–ი კი უდასტურებს, რომ მან მიიღო ოსლოს პოლიციის უფროსის თანხმობა, რომ ს–დან საქმის გამომძიებელი/გამომძიებლები მონაწილეობას მიიღებენ დაკითხვაში, რომელიც ჩატარდება ორშაბათს, ,,S--ის“ საშუალებით. ამასთან, დაზარალებულის დისტანციურად გამოკითხვის 2020 წლის 20 ივლისის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ გამომძიებელმა ი. ც–მ თარჯიმნის მონაწილეობით გამოკითხა ნ–ს მოქალაქე ა. ფ–ი. სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი.
29. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. კ–სა და ბ. ა–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
30. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
31. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების - ო. კ–სა და ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე