საქმე # 330100120003726697
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №597აპ-21 ქ. თბილისი
ა–ე მ., 597აპ-21 22 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
მ. ა–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქ. თ–ი, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების მანძილზე, მ. ა–ე სისტემატურად, თითქმის ყოველ მეორე დღეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის შვილთან: დ. გ–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. კ–ს, კერძოდ, უწოდებდა მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, ბინძურს, „ნირიახას“ და სხვა ღირსების შემლახავ სიტყვებს, მუდმივად აძლევდა შენიშვნებს საყოფაცხოვრებო საქმეების კეთების ირგვლივ და უკმაყოფილებას აგრესიით გამოხატავდა, რითაც ამცირებდა მ. კ–ს პატივსა და ღირსებას. 2020 წლის 9 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე, როდესაც მ. ა–ე თავის რძალს კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა მას, რომ უმაქნისობის გამო გამოაგდეს სახლიდან და იგი ან უნდა მომკვდარიყო ან თავი მოეკლა, მ. კ–მ პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირება ვერ აიტანა და დანით მაჯის არეში ჭრილობის მიყენების გზით სცადა თვითმკვლელობა.
2020 წლის 9 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თ–ი, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა თავის შვილთან: დ. გ–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. კ–ს მიმართ, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, ასევე, ხელით დაუჩხაპნა სახის მიდამო, მ. კ–მ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისას დაიზიანა ტუჩი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ი, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ემ, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავის შვილთან - დ. გ–სთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. კ–ს მიმართ, კერძოდ, მარცხენა ლოყაში შემოარტყა მარჯვენა ხელი, რის შემდგომაც იმავე კონფლიქტურ ნიადაგზე, დაახლოებით 20:30 საათზე, წვდა თმაში და ძლიერად მოჰქაჩა. მ. კ–მ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფისას თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისი, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ე, დანის გაყრით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილთან, დ. გ–თან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. კ–ს, რომელსაც იმავე კონფლიქტურ ნიადაგზე, ასევე დაემუქრა თავის გატეხვით 2020 წლის 1 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თ–ი, კ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ. კ–ს თითოეულ შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 9 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ. ა–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 1 მაისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულს, მისი ბუნებიდან გამომდინარე გააჩნია ლატენტური ხასიათი, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, „ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი“ (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019).
7. დაზარალებული მ. კ–ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტამდე დროის პერიოდში მ. ა–ე მასზე მუდმივად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, „არაბების ნათრევი“, „ნირიახა“, უსუფთაო და ა.შ. მსგავს შეურაცხყოფას მ. ა–ე აყენებდა ყოველ მეორე-მესამე დღეს, იმ დროს როდესაც მისი შვილი დ. გ–ი არ იყო სახლში. დაზარალებულს მ. ა–ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საათების განმავლობაში, დ. გ–ის სახლში დაბრუნებისას კი წყვეტდა მის შეურაცხყოფას. მ. კ–ს განმარტებით, 2020 წლის 9 მარტს, მ. ა–მ შეაღო დაზარალებულის საძინებელი ოთახის კარი და უთხრა, რომ „ან თავი უნდა მოეკლა, ან უნდა მომკვდარიყო“. მ. კ–მ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო ზეწოლას, ხშირ და სისტემატურ შეურაცხყოფას, მოწოდებებს რომ უნდა მომკვდარიყო და გადაწყვიტა თავის მოკვლა, აიღო დანა და მარცხენა ხელზე მიიყენა დაზიანება.
8. მოწმე დ. გ–მ (მ. ა–ს შვილი) სასამართლოში დაკითხვისას ანალოგიურად აღწერა ვითარება და განმარტა, რომ მ. ა–ე მ. კ–ს სისტემატურად, ორ ან სამ დღეში ერთხელ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მანვე მიუთითა, რომ მ. ა–ს ქმედებების შესახებ იცოდა მ. კ–სგან, თავად იშვიათად შესწრებია მათ კონფლიქტს. დ. გ–მ დაადასტურა, რომ მ. კ–ს ჰქონდა მძიმე ემოციური მდგომარეობა, იყო შეშინებული, აღელვებული, ნერვიულობდა და განიცდიდა მომხდარს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმესა და მ. ა–ს შორის (დედა-შვილი) რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა.
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 მაისის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის მასალებითა და მ. კ–ს ექსპერიმენტალურ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ. კ–მ დედამთილის - მ. ა–ს - მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ტ.1, ს.ფ.105). დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ. ბ–მ.
10. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის №... სამედიცინო ბარათის თანახმად (ტ.1. ს.ფ.227), მ. კ–ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მაჯის მიდამოში მცირედი სისხლდენით.
11. 2020 წლის 9 მარტს მ. ა–ს მიერ მ. კ–ზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
12. დაზარალებულის ჩვენებითვე დგინდება, რომ 2020 წლის 9 მარტს მ. ა–ე დ. გ–ის თანდასწრებით თავს დაესხა, აგრესიულად ურტყამდა ხელს სახის არეში და ქაჩავდა თმას, რის შედეგადაც მ. კ–მ განიცადა ტკივილი და მიიღო დაზიანებები. აღნიშნული დაადასტურა მოწმე დ. გ–მ და განმარტა, რომ მ. ა–ე მივარდა მ. კ–ს, სწვდა თმაში და დაუწყო ცემა. ჩხუბის შედეგად მ. კ–ს დაუზიანდა ტუჩი და მოსდიოდა სისხლი.
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით დასტურდება, რომ მ. კ–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წარბის მიდამოში სისხლნაჟღენთის და მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტ.2, ს.ფ.38). დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ. ტ–მ.
14. 2020 წლის 29 აპრილს მ. ა–ს მხრიდან მ. კ–ზე განხორცილებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
15. დაზარალებულმა ჩვენებაში განმარტა, რომ 2020 წლის 29 აპრილს, მან დაალაგა სახლი, რა დროსაც მას შენიშვნა მისცა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ. ა–მ, რომელმაც ხელი გაარტყა სახის არეში. იმავე დღეს, საღამოს საათებში, მ. ა–ე მას სწვდა თმაში და ძლიერად მოქაჩა. აღნიშნულით მ. კ–მ ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარ ფაქტს შეესწრო მ. ა–ს შვილი - დ. გ–ი.
16. მოწმე დ. გ–ის განმარტებით, 2020 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, როდესაც დაბრუნდა სახლში, მ. ა–ე მივარდა მ. კ–ს, სწვდა თმაში და დაუწყო ჩხუბი.
17. დაზარალებულის ჩვენებით, 2020 წლის 30 აპრილს, მ. კ–ე იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, მ. ა–ე ემუქრებოდა, რომ ჩაამტვრევდა საძინებელი ოთახის ფანჯრის მინას და მოკლავდა. მუქარის რეალურად აღქმისთვის მ. ა–მ ჩაამტვრია ფანჯრის მინა, რითაც განამტკიცა მუქარა. ამასთან, 1 მაისს დ. გ–ის სახლიდან წასვლისას, მ. ა–ემ მას კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ თუ არ წავიდოდა სახლიდან დანას გაუყრიდა. დაზარალებულ მ. კ–ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე დ. გ–ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 30 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მას დაუკავშირდა მ. კ–ე და უთხრა, რომ მ. ა–ე ჩხუბობდა, თავად კი საძინებელ ოთახში იყო ჩაკეტილი. შემდეგ მოწმემ შეიტყო, რომ მ. ა–ემ ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამტვრია ფანჯრის მინა. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი, რომ მ. ა–ს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან მისი მეუღლის განმარტებითვე მ. კ–ე იყო შეშინებული, განერვიულებული, აღელვებული და დახმარებას სთხოვდა დავით გორელაშვილს.
18. 2020 წლის 1 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ტ.1. ს.ფ.140-148) თანახმად, მ. კ–მ მიუთითა საცხოვრებელი სახლის კარებიდან მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯარაზე და აჩვენა ფანჯრის შუშა, რომელიც 2020 წლის 30 აპრილს მ. ა–მ ჩაამსხვრია.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დ. ბ–მ, ვ. გ–მ და ე. ლ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.
20. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. ა–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
21. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებიდან გამომდინარე დაცვის მხარეს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა. ვინაიდან კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები დაზარალებულის და მოწმე დ. გ–ის მიკერძოებული უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ მ. ა–ს მიმართ არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
22. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ მ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან (Volodina v Russia, no. 41261/17, §78, 0ECtHR, 9/07/2019).
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
25. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი