ბს-1399-974(კ-05) 16 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანებით, ისანი-სამგორის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ........ განყოფილების მთავარი ინსპექტორი ც. გ-ი, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, 2004წ. ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ც. გ-მა 29.11.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივ აღდგენა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორი-მთაწმინდა-კრწანისის მომსახურების რაიონული განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სზაკ-ის 53-ე მუხლის 1 ნაწილის დარღვევით, ვინაიდან ყველა აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 30-ე,31-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებიდან გამომდინარე საჯარო სამსახურის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მომხდარიყო ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, ასეთი კონკურსი არ ჩატარებულა, არ არსებობდა დასანიშნ მოხელეთა შერჩევის არანაირი კრიტერიუმი. მოსარჩელისათვის არ შეუთავაზებიათ არანაირი სხვა თანამდებობა, რითაც დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირებისას საჯარო მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო სისტემაში მუშაობა დაიწყო 15.06.2000წ. ჩატარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად. შესარჩევ კონკურსში მიიღო მაქსიმალურად მაღალი ქულები, წარდგენილ იქნა ისან-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ........ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. საგადასახადო ინსპექციის უფროსის და მისი მოადგილის დაჟინებული თხოვნის გამო ც. გ-მა დათმო აღნიშნული თანამდებობა და დაინიშნა ........ განყოფილების მთავარ ინსპექტორად. 2001წ. 6 აგვისტოდან 2004წ. 8 ოქტომბრის ჩათვლით მოსარჩელე მუშაობდა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, უძღვებოდა ყველაზე რთულ სფეროებს. გასული პერიოდის განმავლობაში არ მიუღია თუნდაც სიტყვიერი შენიშვნა ხელმძღვანელობის მხრიდან. რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომელთა დანიშვნა მოხდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 30-ე, 31-ე, 33-ე მუხლების დარღვევით, რომლებიც ითვალისწინებენ მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით დანიშვნას, რეორგანიზაციისას არ ჩატარებულა ახალი კონკურსი, მოსარჩელის მოსაზრებით საჯარო მოხელეთა დასანიშნად შერჩევისას უნდა ეხელმძღვანელათ 2000-2001 წლებში ჩატარებული კონკურსის შედეგებით. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 4-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 24.01.05წ. გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი მოპასუხე საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის და სამსახურში იძიულებითი არყოფნის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ც. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, დეპარტამენტში წინანდელ თანამდებობაზე ან წინანდელი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მისი სპეციალობის და კვალიფიკაციის გათვალისწინებით და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.08.05წ. გადაწყვეტილებით ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არაკანონიერად იქნა აღიარებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ბრძანება ც. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე და იგი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ........... სამმართველოს ისანი-სამგორის და მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ც. გ-ის სასარგებლოდ გადახდა იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც. გ-ი გათავისუფლებამდე მუშაობდა ისანი-სამგორის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ......... განყოფილების მთავარ ინსპექტორად. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო მოსარჩელე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების შესაბამისად საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანებით განისაზღვრა საგადასახადო ორგანოების სტრუქტურა და განრიგი. ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების დანართი ¹1 «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის დებულების» და ფინანსთა მინისტრის 03.05.04წ. ¹299 ბრძანების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ....... განყოფილებისა და ...... განყოფილების ბაზაზე რეორგანიზებულ თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ჩამოყალიბდა ........ სამმართველო რაიონული განყოფილებებით, სადაც გადატანილია ის ფუნქციები, რომლებსაც რეორგანიზაციამდე ასრულებდა .......... განყოფილება. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ინსპექციაში განხორციელდა სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციის ......... განყოფილების გაუქმება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაშიც, მისი სამსახურიდან დათხოვნა, სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე, წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევას, რადგან მითითებული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ დაიშვება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ........ სამმართველოში საშტატო თანამდებობებზე დაინიშნენ, როგორც ახალი, ასევე, სხვა ინსპექციიდან გადმოყვანილი ყოფილი საგადასახადო ორგანოების მოხელეები, აგრეთვე ატესტაცია გაუვლელი პირები, რაც გამორიცხავს მოპასუხეების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისინი რეალურად შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ, ც. გ-თვის შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას ასევე დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ც. გ-ის სამუშაოდან დათხოვნისას არ გამოიკვლია და არ დაასაბუთა ის პირობები და გარემოებები, რომელიც მას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას (ან პირიქით) ანიჭებდა. ზემოაღნიშნული გარემოებანი სააპელაციო პალატამ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების არაკანონიერად აღიარების და მისი სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის საფუძვლად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ც. გ-ის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 112-ე და 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 19.08.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის უარის თქმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორმა მიუთითა, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა და შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო ინსპექციებში არსებული ....... განყოფილება ახალ საშტატო განრიგში საერთოდ გათვალისწინებული არ არის, ამიტომ სახეზეა საშტატო ერთეულების ფაქტიური შემცირება. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ 2005წ. 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში უფლებამოსილ თანამდებობის პირებად, როგორც წესი, შეიძლება დაინიშნონ უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების პირები, აგრეთვე, პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის მქონე საშუალო-სპეციალური ეკონომიკური განათლების მქონე პირები. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 11.07.2000წ. ¹125 ბრძანებით დამტკიცებული «საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების» თანახმად, ......... სამმართველოს თანამშრომლისათვის სავალდებულო იყო ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, რასაც მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა (არ ჰქონდა ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, არ უმუშავია 5 წელი), რის გამოც არ შეიძლებოდა მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანებების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, რაც კასატორის მოსაზრებით ნიშნავს «დაკავებულ თანამდებობაზე» აღდგენას. მოსრჩელე კი აღდგენილ იქნა თბილისის საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმარველოს ისანი-სამგორისა და კრწანისი-მთაწმინდის განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებით, სადაც მოსარჩელეს არ უმუშავია.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს საჯარო-სამსახურებრივი სამართალურთიერთობებიდან, ც. გ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორი-მთაწმინდა-კრწანისის ....... რაიონული განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენას და გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურიდან ც. გ-ის გათავისუფლების ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, კერძოდ სზაკ-ის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტით და IV თავით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავები განიხილება ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავებად, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა სზაკ-ის აქტის გამოცემის მომწესრიგებელი შესაბამის ნორმებთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმებთან.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში»ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, ისან-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, რასაც «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანების საფუძველზე თან სდევდა შტატების შემცირება. რეორგანიზაციამდე ისანი-სამგორის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ....... განყოფილების ფუნქციები განსაზღვრული იყო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 03.05.04წ. ¹299 ბრძანებით, რომლის თანახმად ისანი-სამგორის ზონალური საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა საგადასახადო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედებო ტერიტორიაზე უზრუნველყოფდა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის ადმინისტრირებას და კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ მომსახურებას. ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ინსპექციები შეიქმნა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გზით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით. ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში არსებულ ........... განყოფილების ბაზაზე, რომლის ფუნქციებსაც ხსენებული ბრძანებით შეადგენდა დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების კომპიუტერული დამუშავება, გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა და სხვ., რეორგანიზებულ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში შეიქმნა ანალოგიური ფუნქციების სამმართველო, რაიონული განყოფილებებით. ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ ¹550 ბრძანებით დამტკიცებულ «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპიური დებულების» მე-9.1 პუნქტის მიხედვით დასტურდება, რომ ....... განყოფილების ფუნქციები გადაეცა ......... სამმართველოს. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო დაეთხოვა მოხელე საშტატო ერთეულის შემცირების მოტივით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შემცირება თავისთავად არ ადასტურებს «ც. გ-ის გათავისუფლების შესახებ» ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანების მართლზომიერებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის გათავისუფლება არ დაიშვება, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციას ც. გ-თვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებიათ. უფრო მეტიც, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ....... სამმართველოში საშტატო თანამდებობაზე დაინიშნენ როგორც ახალი, ასევე სხვა ინსპექციებიდან გადმოყვანილი მოხელეები, აგრეთვე ატესტაციაგაუვლელი პირები, რაც გამორიცხავს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისინი რეალურად მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას შეეთავაზებიათ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა. ამდენად არ არსებობდა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლზე მითითებით, ც. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანება ც. გ-ის ისან-სამგორის ზონალური საგადასახადო ინსპექციის ....... განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ ც. გ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინისტრაცია ვალდებული იყო დაეცვა ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებს სწორედ შტატების შემცირების დროს და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შესაძლოა გამხდარიყო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, უკეთე მოხელე უარს იტყოდა სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ც. გ-თვის სამსახურის შეთავაზება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მოსარჩელე არ პასუხობდა მომსახურების სამმართველოს თანამშრომლისათვის წაყენებულ პირობებს (ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, 5 წლის სტაჟი), გათვალისწინებულს საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლით და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 11.07.2000წ. ¹125 ბრძანებით დამტკიცებულ «საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალურ და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს». საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლის I ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოებში უფლებამოსილ თანამდებობის პირებად როგორც წესი, შეიძლება დაინიშნონ უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირები, აგრეთვე სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის მქონე საშუალო-სპეციალური ეკონომიკური განათლების მქონე პირები. ხსენებულინორმა არ გამორიცხავდა საგადასახადო ორგანოებში სხვა უმაღლესი სპეციალური განათლების მქონე პირების სამსახურს. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 11.07.2000წ. ¹125 ბრძანებით დამტკიცებული «საგადასახადო ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების» თანახმად, ........ განყოფილების მოსამსახურეს უნდა ჰქონოდა უმაღლესი ეკონომიკური ან სპეციალური განათლება. თ. გ-ს მიღებული ჰქონდა უმაღლესი სპეციალური განათლები, რაც აძლევდა მას საგადასახადო ინსპექციაში სამსახურის დაწყების საშუალებას საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად. ც. გ-ს 1972 წელს დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ავტომატიკა და ტელემექანიკა, 1979 წელს ჩაბარებული აქვს საკანდიდატო გამოცდები, 1986 წელს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, 2000 წელს გავლილი აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტის კომპიუტერული კურსები, 2003 წელს მიღებული აქვს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის შემსწავლელი კურსის სერტიფიკატი, ხოლო 2005 წელს დამთავრებული აქვს თბილისის საერო უნივერსიტეტი «......... « ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტის სრული კურსი და საგამოცდო-საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია არ პასუხობდა საგადასახადო ორგანოს მოხელისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთანავე, აღნიშნული საფუძვლად არ დადებია სადავო ბრძანების გამოცემას. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ც. გ-ი არის 9 აპრილს დაზარალებული (მოწამლული) პირი, «ქ. თბილისში 1989წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ» კანონის მე-6 მუხლის «კ» ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის შემცირებისას დაზარალებული პირები სარგებლობენ სამუშაოზე უპირატესი დატოვების უფლებით სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.12.05წ. კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში შეტანილ ცვლილება-დამატებები, კერძოდ კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმება ვერ იქონიებს ზემოქმედებას განსახილველი ურთიერთობების მიმართ, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოქმნილია 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე (01.01.06წ.), «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ასეთ მითითებას 23.12.05წ. კანონი არ შეიცავს. არ დაიშვება კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით ც. გ-ი აღდგენილ იქნა სამსახურში, თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში განჩინება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამსახურში მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენის დაუშვებლობის შესახებ ვაკანტური თანამდებობის არ არსებობის გამო.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ც. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი მართებულად დაკმაყოფილდა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის მოთხოვნით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ მოხელეს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური ხელფასი, რომელიც ამავე კანონის 37.1 მუხლის მიხედვით მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.08.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.