Facebook Twitter

საქმე # 330100121004318157

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №598აპ-21 ქ. თბილისი

ფ–ი ვ., 598აპ-21 16 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ფ–ს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ში, ..........ის ქუჩაზე, ვ. ფ–ი არ დაემორჩილა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...........ს სამმართველოს მე-.. სამმართველოს უფროსის - შ. ჯ–სა და .........ის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის - გ. ბ–ს კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მითითებებს. ვ. ფ–მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის, პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორივე მათგანს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად იძალადა მათზე, კერძოდ, ვ. ფ–მ შ. ჯ–ს ძლიერად ჩაარტყა მუშტი მარჯვენა თვალის არეში, ხოლო შემდეგ გ. ბ–ს სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც გ. ბ–მ და შ. ჯ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენით ვ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6 150 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 15 დეკემბრიდან 2020 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. ფ–ს ჯარიმა შეუმცირდა 150 ლარით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6 000 ლარი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. ფ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. ფ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ვ. ფ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. თ–მ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ვ. ფ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ვ. ფ–მ ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული, აღიარა იგი, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე