საქმე # 200100120003807037
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №603აპ-21 ქ. თბილისი
წ–ე ზ–, 603აპ-21 29 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. წ–ს, - - ბრალად ედებოდა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: შპს „............“ (ს/ნ.......) რეგისტრირებულია 2019 წლის 5 ივნისს, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია ზ. წ–ე, რომელმაც 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, გასცა სესხი ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე. ამასთან, რომ არ გადაეხადა სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის გადასახადი - 10 000 ლარი, ზ. წ–ე, მსესხებლებს აერთიანებდა ჯგუფებად და ხელშეკრულებაში უთითებდა ერთ მსესხებელ პირს, ხოლო დანარჩენ მსესხებელ პირებს - თავდებ პირად, რომლებიც რეალურად მსესხებლები იყვნენ, ხელშეკრულებაში კი უთითებდა თანხას, რაც ესაჭიროებოდა რეალურ მსესხებლებს. ამგვარად ამცირებდა მსესხებელთა რაოდენობას დოკუმენტურად. შპს „............ს“ სახელით, ზ. წ–მ, 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, დოკუმენტურად 27, ხოლო რეალურად 44 ფიზიკურ პირთან გააფორმა 72 სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება, გაცემული სესხის თანხა კი შეადგენს 194 200 ლარს, საიდანაც კომპანიამ სარგებლის სახით მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი - 21 334 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ზ. წ–ე საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა;
ზ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ გ. მ–ს კუთვნილ ქონებას.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. წ–მ ყველა მტკიცებულება პრეუდიციად, არასადავოდ მიიჩნია, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ეწეოდა კანონიერ საქმიანობას, სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებია და გადასახადი მთლიანად გადახდილი აქვს. მას 20-ზე მეტ ადამიანზე არ უნდა გაეცა სესხი. ხელშეკრულებაში ოთხის მაგივრად აფიქსირებდა ორ ადამიანს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ელისო ტურაშვილმა. აპელანტმა საჩივრით ითხოვა ზ. წ–ს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.
6. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ზ. წ–ს ადვოკატმა ი. ქ–მ და ითხოვა, არ იქნეს დაშვებული განსახილველად პროკურორის საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენით კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ელისო ტურაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ზ. წ–ს მიმართ;
ზ. წ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი;
ზ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; ასევე, უნდა გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 6 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის მიზნით, გ. მ–ს (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. გ–ი, სოფელი ვ–ი ,,წ–ი’’; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 5815.00 კვ.მ; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N.....; ზონა - გ–ი 51, სექტორი - ვ–ი 05, კვარტალი - 54, ნაკვეთი - 106) დადებული ყადაღა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. წ–ს ადვოკატმა ი. ქ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენის გაუქმებას და ზ. წ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
9. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ელისო ტურაშვილმა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზ. წ–ემ, როგორც შპს „............ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცა სესხი; მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, არის თუ არა ზ. წ–ს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ზ. წ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიუთითებს შემდეგს:
13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (მათ შორის: სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ............“-ის დირექტორის განცხადებითა და დართული დოკუმენტებით, მოხსენებითი ბარათით, მოწმეთა: რ. ჩ–ს, ზ. ს–ს, ს. გ–ს, მ. შ–ს, შ. ბ–ს,ზ. მ–ს, ი. ბ–ს, ზ. ო–ს, ბ. ბ–ს, მ. ღ–ს, მ. უ–ს, მ. ა–ს, მ. ა–ს, ლ. კ–ს, ლ. თ–ს, ხ. კ–ს, ქ. მ–ს, ი. მ–ს, მ. ლ–ს, გ. მ–ს, ვ. მ–ს, გ. მე–ს, ბ. ა–ს, გ. ი–ს, ზ. ზ–ს, ბ. მ–ს, ბ. თ–ს, თ. დ–ს, ე. მ–ს, გ.ხ–ს, ნ. კ–ს, ვ. მ–ს, ე. გ–ს, ზ. ნ–ს, ა. ჯ–ს, ვ. ყ–ს, ვ. წ–ს, მ. ბ–ს, ნ. ზ–ს, ნ. ნ–ს, ი. გ–ს, ნ. ყ–ს, შ. მ–ს, ე. ყ–ს, ე. ა–ს, ს. მ–ს, გ. ა. ყ–ს, ე. ა–ს, ს. ნ–ს, მ. ნ–ს, გ. მ–ს, მ. გ–ს, თ. ლ–ს, ნ. მ–ს, გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, ვებგვერდებისა და მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმით და თანდართული დოკუმენტებით, მომართვის წერილით ეროვნული ბანკიდან, შპს ,,........ში“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტებით, რევიზიის აქტით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ ცნო, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება ზ. წ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
14. საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
15. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამავე კანონის 522-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
16. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბერის №..... ბრძანების (სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე) პირველი მუხლის თანახმად, წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გამცემი სუბიექტის (შემდგომში – სგს) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი საქმიანობის რეგულირების საკითხებს; მე-2 მუხლის თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტი არის პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება; მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სგს-დ დასარეგისტრირებელად პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ან ინდივიდუალური მეწარმე ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სგს-ს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.
17. ,,სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი მათ შორის ახორციელებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთით: სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაცია - 10 000 ლარი.
18. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, რომ შპს „............ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზ. წ–ემ, 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, გასცა სესხი ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე.
19. დაცვის მხარის მტკიცებით, სესხის გაცემა ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია და ის უკანონო საქმიანობა არ არის, თუმცა საკასაციო საჩივარში იქვე უთითებს, რომ სგს-დ დასარეგისტრირებელად, ანუ იმ პირად დასარეგისტრირებლად, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს და დარეგისტრირდეს სგს-დ.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსგავსი სესხის გაცემა არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას და ითვალისწინებს, რომ ეროვნული ბანკი უპირობოდ არ ახდენს დაინტერესებული პირის სგს-ად რეგისტრაციას, არამედ 45 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებული პირის მიერ განაცხადზე თანდართული მთელი რიგი დოკუმენტების (კერძოდ, ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაცხადთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს მათ შორის: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გაცემულ აქციათა ამონაწერი; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) სადამფუძნებლო სტრუქტურა; დ) პარტნიორთა/აქციონერთა, გადაწყვეტილება სგს-დ რეგისტრაციის თაობაზე; ე)ინფორმაცია უახლესი დახურული პერიოდისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ანგარიშგება-ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), ინფორმაცია რეგისტრაციაზე განაცხადის შემოტანის მომენტისთვის გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ MSExcel-ის ფორმატში (დანართი №5); ვ) ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი N3). სასაწყობე ფართად მოიაზრება ფართი, სადაც ინახება სგსის მიერ გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფის სახით მიღებული მოძრავი ქონება; ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის მესაკუთრის/მესაკუთრეების (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან“ (დანართი №5); თ)დოკუმენტაცია (მათ შორის, აზომვითი ნახაზი), რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს სგს (იგივე ეხება სგს-ს ფილიალს ან/და სასაწყობე ფართს); ი) სათავო ოფისის, ფილიალის ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი; კ) ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა); ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; ასეთ შემთხვევაში, სგს-ს უფლებამოსილია, საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმოს კერძო კომპანიასთან. მ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიულ პირთა შემთხვევაში კი – იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები: ნ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); ნ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს; ო) „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური და ა.შ.) შესწავლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სგს-ს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და მის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბერის №.... ბრძანების საფუძველზე იმისათვის, რომ პირი გახდეს სესხის გამცემი სუბიექტი, საჭიროა სარეგისტრაციო მოთხოვნების შესრულება და ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაცია - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სგს-ს რეგისტრაციის შესახებ - გამოცემა.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზ. წ–ს სგს პირად რეგისტრაციის გარეშე არ გააჩნდა უფლება, სესხი გაეცა 20-ზე მეტ მსესხებელზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი უტყუარად დადასტურებულია და თავად ზ. წ–ც არ ხდის სადავოდ, რომ 2019 წლის 5 ივნისიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, დოკუმენტურად 27, ხოლო რეალურად 44 ფიზიკურ პირთან გააფორმა 72 სესხის და თავდებობის ხელშეკრულება; ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) კი, 2019 წლის 1 იანვრიდან სასესხო/საკრედიტო ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ და არა ნებისმიერი სამეწარმეო პირის მიმართ.
22. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მტკიცებას, რომ ზ. წ–მ რეგისტრაციის გარეშე ერთდროულად 20-ზე მეტი პირისათვის სესხის გაცემით, დაარღვია სარეგისტრაციო პირობა და არ ჩაუდენია დანაშაული, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №218/04 ბრძანების (სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი) პირველი მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხები; ამავე მუხლის მე-2 პუნქტით - სესხის გამცემი სუბიექტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ხოლო მე-2 მუხლი განსაზღვრავს სესხის გამცემი სუბიექტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების ან/და მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას - სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაშვებული დარღვევების შესაბამისად. ამდენად, მითითებული ბრძანება არ აწესრიგებს ეროვნულ ბანკში არარეგისტრირებული პირების მიერ ნებართვის გარეშე გაცემულ სესხებს და ბრძანებით სახდელი გათვალისწინებულია მხოლოდ სესხის გამცემი იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N217/04 ბრძანების შესაბამისად, წარმოადგენენ სესხის გამცემ სუბიექტებს (სგს).
23. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე