საქმე # 330100119003277466
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №604აპ-21 ქ. თბილისი
ჯ–ე ვ., 604აპ-21 24 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ჯ–ს, ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ვ. ჯ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ. ჯ–ს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობითად.
2019 წლის 10 ოქტომბერს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ვ. ჯ–ე, N.. სამგზავრო მიკროავტობუსში, ქ.თ–ში, ყ–ს ქუჩა N..-დან ............ის გამზირ N..-მდე მგზავრობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მანო ბაზუაშვილის ხელჩანთიდან საფულეს, რომელშიც მას პირად ნივთებთან ერთად მოთავსებული ჰქონდა თანხა - 35 ლარი და 1 აშშ დოლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
ვ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 10 ოქტომბრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. ჯ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. მ–მა და გ. რ–მა, რომლებმაც მოითხოვეს ვ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ვ. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის შესაგებელი.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ჯ–ს მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. ვინაიდან კასატორთა რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე