Facebook Twitter

საქმე # 330100116001635969

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №605აპ-21 ქ. თბილისი

ვ–ი ო., 605აპ-21 27 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ვ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებებით ო. ვ–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ო. ვ–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განაჩენით ო. ვ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ო. ვ–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 14 ნოემბერს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით ო. ვ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2016 წლის 15 ოქტომბერს, დილის საათებში, ო. ვ–მ ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ლ. ე–თან ერთად, რომელიც ასევე იმუქრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ქ. თ–ში, თ–ის გამზ. №..-ში განთავსებული სავაჭრო სალონიდან, მ. ტ–ს გასტაცა ოქროს სამკაულები, რის შედეგად მ. ტ–ს მიადგა 6110 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ო. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთიდან და 4 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ ო. ვ–ს 11 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე.

ო. ვ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 20 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2016 წლის 12 დეკემბრიდან - 2018 წლის 20 დეკემბრამდე და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან - 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ვ–მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა ო. ვ–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ვ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვს ო. ვ–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ო. ვ–ს მიერ ყაჩაღობის - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია.

9. ვინაიდან საკასაციო საჩივრიდან არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არსებობა, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011).

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას „საქართველოს დემოკრატიული განვითარების სააგენტოს“ მიერ გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით (თითქოს 2018 წლის 5 ოქტომბერს, ადვოკატი ა. კ–ე დილის ათი საათიდან, საღამოს თვრამეტ საათამდე იმყოფებოდა ტრენინგზე). საყურადღებოა, რომ აღნიშნული ცნობა დაბეჭდილია თაბახის ფურცელზე, რომელზეც არ არის დასმული კომპანიის მაიდენტიფიცირებელი რაიმე შტამპი, ადგილმდებარეობა და მისამართი; არ იკითხება ცნობის გამცემი პირის ხელმოწერა და თანამდებობა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხულმა ა. კ–მ კი განმარტა, რომ არ ახსოვს 2018 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა თუ ტრენინგზე; არც ის ახსოვს, ცნო თუ არა უდაოდ ო. ვ–ის საქმეში არსებული მტკიცებულებები. რაც შეეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დოკუმენტი დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზაზე გადაიგზავნა 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის დედანი (ტ.5, ს.ფ.265). ამდენად, არ არსებობს დაცვის მხარის არგუმენტების გაზიარების და 2018 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმის გაყალბებულად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, 2018 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ა. კ–ემ დააყენა შუამდგომლობა მტკცებულებათა უდაოდ ცნობის თაობაზე (15:49:26), რასაც ოთარ ვარამშვილიც დაეთანხმა (15:50:15).

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს.

13. ბრალდების მხარის მიერ ცალკეული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით კასატორის პოზიციასთან მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში და ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას. შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული ვერსია არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ხოლო მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. ვ–ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №504აპ-20; №630აპ-20).

14. ო. ვ–ის მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და მათ გამოკვლევაზე უართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში....ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან მდუმრე თანხმობით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე (იხ.:Hermi v. Italy, no. 18114/02, §73 ECtHR, 18/10/2006; Sejdovic v. Italy, no. 56581/00, § 86, ECtHR 1/03/2006).

15. საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო. ვ–ის უარი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე იყო არაორაზროვანი და არ არსებობს მასში დაეჭვების საფუძველი; არ ეწინააღმდეგებოდა რაიმე საჯარო ინტერესს და საქმის არსებითად განხილვისას მოსამართლის განმარტებების პირობებში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ო. ვ–ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, მსჯავრდებულს გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა თავისი ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის მოტყუების ან მისთვის უკანონო დაპირების ფაქტი საქმის მასალებით არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ო. ვ–ის ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - კანონიერია.

16. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდავოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. სასამართლომ ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ო. ვ–ს განუსაზღვრა სასჯელი მინიმალური ხანგრძლივობით (თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ვ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი