Facebook Twitter

საქმე # 200100117002188305

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №615აპ-21 ქ. თბილისი

ჩ. ი., 615აპ-21 6 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 26 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მის მიმართ კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით:

განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ისინი არიან ურთიერთთავსებადი, მიუთითებენ ერთსა და იმავე გარემოებასა და ფაქტებზე და აშკარად ადასტურებენ, რომ ი. ჩ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები; მოწმეების: ო. ჯ-ს, მ. მ-სა და ი. ჩ-ს ჩვენებები კი არ შეესაბამება როგორც საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ასევე ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

2. გამართლებულ ი. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ძ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ჩ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ი. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ კალიბრიანი „ბრაუნინგ-1900“ მოდელის N... პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 7 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1900 წლის ნიმუშის, 7,65X17 მმ კალიბრიანი ვაზნები, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

- 20.. წლის .. ოქტომბერს გ-ს რაიონის სოფელ ა-ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ი. ჩ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ, 7,65 კალიბრიან „ბრაუნინგ-1900“ მოდელის N... პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1900 წლის ნიმუშის, 7,65X17 მმ კალიბრიან ვაზნას. ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს ი. ჩ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი. ჩ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 26 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ი. ჩ-ს მიმართ გამოყენებული გირაო და დამატებითი ვალდებულებები: პროკურორთან პასპორტის ჩაბარების, მასთან თვეში ერთხელ გამოცხადებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის შესახებ. ასევე გაუქმდა ი. ჩ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, გირაოს უზრუნველსაყოფად ი. ჩ-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

ი. ჩ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2017 წლის 26 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მის მიმართ კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. ჩ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, რაც წარმოადგენს უშუალოდ ჩხრეკის ოქმის არგაზიარების საფუძველს და ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მოპოვებულია კანონმდებლობის არსებითი დარღვევით ჩატარებული, მითითებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მათ შორის - ამოღებული ნივთმტკიცება (ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით) და მასზე დანიშნული ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები - საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, კერძოდ:

10. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ი. ჩ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, თარჯიმნის - გ. გ. ო-ს მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის შედეგად ი. ჩ-ს შარვლის საქამრიდან, კერძოდ, წელის არიდან, ამოიღეს შავი პისტოლეტი, რომელსაც აღენიშნება ნომერი 260182, პისტოლეტში მოთავსებული ერთი მჭიდითა და მჭიდში მოთავსებული შვიდი მოყვითალო ვაზნით, რომლებიც შეიფუთა და დაილუქა. ოქმში აღნიშნულია, რომ თარჯიმანმა გ. გ. ო-მ ოქმის შინაარსი ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე უთარგმნა ი. ჩ-ს.

11. მართალია, აღნიშნული პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ი. ჩ-სა და მისი თანმხლები პირების ჩხრეკაში, მაგრამ პოლიციელთა ჩვენებები სრულად ეწინააღმდეგება ნეიტრალური მოწმის, ი. ჩ-ს პირად ჩხრეკაში მონაწილე თარჯიმნის - გ. გ. ო-ს ჩვენებას, კერძოდ: მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა: ლ. ო., ნ. ვ-ა და გ. ფ-ა განმარტეს, რომ ლ. ო. თარჯიმნის მეშვეობით ი. ჩ-ს გააცნო მისი უფლებები და ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა, რის შედეგად, ი. ჩ-ს წელის არიდან, საქამრედან, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი ტყვიით. თარჯიმანი სრულად ესწრებოდა ი. ჩ-ს მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და სრულად უთარგმნიდა ყველაფერს. ი. ჩ. დააკავეს მხოლოდ მისი პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ და დაკავების ადგილიდან პირდაპირ თელავში მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. როგორც პირადი ჩხრეკის, ასევე ი. ჩ-ს დაკავების ოქმები შედგა ადგილზე და დოკუმენტებში მითითებულ დროის პერიოდებში. პოლიციელებმა - შ. დ-მ და უ. ი. განმარტეს, რომ ერთ-ერთი თარჯიმანი ი. ჩ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მიიწვიეს და ოპერატიული ჯგუფი მასთან ერთად გავიდა ადგილზე, ხოლო მოწმეები - მ. ხ. და ლ. ო. კი განმარტავენ, რომ მათ თარჯიმნები მხოლოდ შემთხვევის ადგილზე ნახეს და ვინ გამოიძახა ისინი, არ იციან.

12. თავის მხრივ, თარჯიმანმა გ. გ. ო. განმარტა, რომ 20.. წლის ... ოქტომბერს, ღამის საათებში, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა შ. დ-მ, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდათ დაკავებული და სჭირდებოდათ თარჯიმანი. შემდეგ, მას საცხოვრებელ სახლში გაუარა შ. დ-მ, რომელმაც ავტომანქანით წაიყვანა თ-ში მდებარე შსს კ-ს პოლიციის დეპარტამენტთან, სადაც გადასვეს პოლიციის სხვა ავტომანქანაში და გაემართნენ გ-ს რაიონის სოფელ ა-ში. სოფელ ა-ში მისვლისას „პიკაპის“ ავტომანქანიდან გადმოიყვანეს დაკავებული ი. ჩ. და მოწმეს სთხოვეს, რომ ეკითხა მისთვის, ჰქონდა თუ არა თან რაიმე ნივთი, ვინაიდან უნდა გაეჩხრიკათ. მოწმემ კატეგორიულად მიუთითა, რომ როგორც შ. დ-მ მას განუმარტა, დაკავებულისათვის სჭირდებოდათ თარჯიმნის დახმარება და ადგილზე მისულს ი. ჩ. დახვდა უკვე დაკავებული, იგი ხელზე ბორკილდადებული გადმოიყვანეს ავტომანქანიდან. თარჯიმანმა ასევე განმარტა, რომ სანამ დაკავებულს რაიმეს უთარგმნიდა, პოლიციელებმა მანამდე ამოუღეს პისტოლეტი. დაკავებულისათვის უფლებების თარგმნა ვერ მოასწრო. ასევე, ადგილზე არავითარი დოკუმენტი არ შემდგარა, ოქმები შედგა პოლიციის დაწესებულებაში მისვლის შემდეგ, სადაც ისე მოაწერა ხელი, რომ მათ შინაარსს არ გასცნობია. ამასთან, გ. გ. ო-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ პირადად მისთვისაც, როგორც თარჯიმნისათვის, არანაირი უფლებები არ განუმარტავთ.

13. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ როგორც ნეიტრალური მოწმე გ. გ. ო-ს ჩვენებით დგინდება, ი. ჩ.ს პირადი ჩხრეკა და დაკავება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და სამართალდამცავებმა უგულებელყვეს ი. ჩ-სათვის კანონით მინიჭებული მთელი რიგი უფლებები (უტყუარად არ დასტურდება, რომ ი. ჩ-ს მისთვის გასაგებ ენაზე წარედგინა და გაეცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და რომ მას პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე განემარტა მისი უფლებები), რაც ვერ ჩაითვლება არაარსებითი ხასიათის დარღვევად. გარდა ამისა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და პირადი ჩხრეკა ჩატარდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის გარეშე, რის შესახებაც სააპელაციო პალატამ ასევე დეტალურად იმსჯელა განაჩენში და რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამდენად, ი. ჩ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი