Facebook Twitter

საქმე # 010100120003766889

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №617აპ-21 ქ. თბილისი

ტ. შ., 617აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და შ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელების შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, შ. ტ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციები იყო სწორი და შეესაბამებოდა მის მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს, მაგრამ, სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებები არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო, მეორე მხრივ, არ იყო გამოკვეთილი შ. ტ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, რადგან იგი არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ. ტ-ს ბრალად დაედო: ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად; დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü შ. ტ-მ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა და 2017 წლის 10 მარტს მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „...“ (ს/ნ ..... ), რომლის საქმიანობის სფეროდ განისაზღვრა ქვიშა-ხრეშით ვაჭრობა. კომპანიის დირექტორი იყო შ. ტ., რომელიც თავად წარმართავდა მის მმართველობით საქმიანობას. ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებითა და საგადასახადო კოდექსით შ. ტ-ს, როგორც შპს „...“ დირექტორს, ევალებოდა, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე სრულად აღერიცხა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, შემოსავლები და ხარჯები.

ü 20.. წლის ... იანვრიდან 20.. წლის .. აპრილამდე პერიოდში შპს „...“ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება 20.. წლის საანგარიშო პერიოდში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „...“ საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები 786 419 ლარის (დღგ-ს გარეშე) მიწოდების შესახებ, თუმცა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილი იყო ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად გაუანგარიშდა სულ - 181 902 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 118 380 ლარი და ჯარიმა - 63 522 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 26 აპრილს გამოსცა №... ბრძანება და №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მეწარმეს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად სულ დაერიცხა - 198 406,1 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 118 380 ლარი, ჯარიმა - 64 422 ლარი და საურავი - 15 604,1 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა შპს „...“ 2018 წლის 17 მაისს ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით, ხოლო 2018 წლის 21 მაისს ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge). საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნის შესრულება სავალდებულო იყო შპს „...“ დირექტორ შ. ტ-სათვის. საგადასახადო შემოწმებით გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღეში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა და არც კანონის საფუძველზე გადახდის ვალდებულება შეჩერებულა. შ. ტ-ს ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია.

ü 20.. წლის .. იანვრიდან 20.. წლის .. ვმაისის ჩათვლით პერიოდში შპს „...“ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება 20.. და 20.. წლების საანგარიშო პერიოდში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „...“ აღნიშნულ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები - 960 201 ლარის (დღგ-ს გარეშე) მიწოდების შესახებ, თუმცა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით იყო წარდგენილი. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად გაუანგარიშდა სულ - 235 500 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 157 000 ლარი და ჯარიმა - 78 500 ლარი. საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 8 მაისს გამოსცა №... ბრძანება, ხოლო 10 მაისს - №... საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მეწარმეს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა სულ - 251 140,87 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი -157 001 ლარი, ჯარიმა - 79 200 ლარი და საურავი - 14 939,87 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა შპს „...“ 2018 წლის 14 ივნისს ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით, ხოლო 2018 წლის 11 ივლისს ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge). საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნის შესრულება სავალდებულო იყო შპს „...“ დირექტორ შ. ტ-სათვის. საგადასახადო შემოწმებით გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა და არც კანონის საფუძველზე გადახდის ვალდებულება შეჩერებულა. შ. ტ-ს ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია.

ü შ. ტ-მ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნა და მეწარმე სუბიექტებად დაარეგისტრირა რამდენიმე კომპანია: შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“( ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ....); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...). ყველა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა თავად შ. ტ.. გარდა ამისა, შ. ტ-მ მასთან დაკავშირებული პირების სახელით დააფუძნა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრირა სხვა კომპანიები: შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...); შპს „...“ (ს/ნ ...), შპს „...“ (ს/ნ ...), შპს „...“ (ს/ნ ...), შპს „...“ (ს/ნ ...) და სხვები, რომელთა მმართველობით უფლებამოსილებასაც ახორციელებდა თავად შ. ტ..

ü ზემოაღნიშნული კომპანიების მეშვეობით შ. ტ. ჩართული იყო მასთან დაკავშირებული კომპანიებისათვის ფიქციური სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება/გამოწერაში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისა და მისი დოკუმენტურად გასწორების სქემაში, დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების, უკანონო/დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის საქმიანობასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ü შ. ტ-მ 20 წლის ... მარტს თავისი მამის - თ. ტ-ს მეშვეობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში გაატარა შპს „...“ (ს/ნ ), რომელიც იმავე დღესვე დაარეგისტრირა დღგ-ს გადამხდელად. ზემოაღნიშნული კომპანიის საქმიანობას წარმართავდა თავად შ. ტ., თუმცა კომპანიას არ გააჩნდა ოფისი, სამეურნეო ეზო, რაიმე სახის ძირითადი საშუალებები, მუშახელი და არც რაიმე სახის შესყიდვა არ განუხორციელებია.

ü 20.. წლის .. მარტს შ. ტ-მ შპს „...“ სახელით შპს „...“ (ს/ნ ...) გამოწერა ფიქციური სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები (ტრანსპორტირების გარეშე) და №... საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომ თითქოსდა, შპს „...“ შპს „..“ მიაწოდა - 150 000 ლარად ღირებული 15 000 კუბმეტრი ქვიშა-ხრეში. აღნიშნულის საფუძველზე შპს „...“ უსაფუძვლოდ/ხელოვნურად მიიღო დღგ-ს ჩათვლა - 22 881,36 ლარი, რაც გამოიყენა მიმდინარე გადასახდელების გადასახდელად.

ü 20.. წლის .. აპრილს შ. ტ-მ შპს „...“ სახელით შპს „...“ (ს/ნ ...) გამოწერა ფიქციური სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები (ტრანსპორტირების გარეშე) და №... საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომ თითქოსდა, შპს „...“ შპს „ავტომზიდს“ მიაწოდა - 140000 ლარად ღირებული 10 000 კუბმეტრი ქვიშა-ხრეში, რითაც უსაფუძვლოდ/ხელოვნურად გადასცა 21 355,93 ლარის დღგ-ს ჩათვლა.

ü შპს „...“ სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების პარალელურად, 2020 წლის 7 მარტს შ. ტ-მ შპს „...“ (ს/ნ ) სახელით შპს „...“ (ს/ნ ...) გამოწერა ფიქციური სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები (ტრანსპორტირების გარეშე), ხოლო 2020 წლის 15 მარტს გამოწერა №... ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომ თითქოსდა, შპს „...“ შპს „...“ მიაწოდა 100 000 ლარად ღირებული 10000 კუბმეტრი ქვიშა-ხრეში, რითაც უსაფუძვლოდ/ხელოვნურად გადასცა 15 254,24 ლარის დღგ-ს ჩათვლა. შ. ტ-მ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა მონაწილეებმა ზემოაღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო მოტყუებით ქონებრივად დააზარალეს - 22 881,36 ლარით.

3. შ. ტ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შ. ტ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი; შ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; შ. ტ-ს სასჯელი აეთვალა 2020 წლის 18 მაისიდან.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ტ-მ ჩაიდინა: ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დიდი ოდენობით; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი; დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ შ. ტ-მ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, გამოყენება და მოტყუებით ქონებრივი დაზიანება ჩაიდინა, ერთი მხრივ, ჯგუფთან, ხოლო, მეორე მხრივ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და შ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციებით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ შ. ტ-მ დანაშაულები ჯგუფურად ჩაიდინა; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, შ. ტ-ს მსჯავრდება არის კანონიერი, კერძოდ: მხოლოდ ის გარემოება, რომ სასაქონლო-სამეურნეო ოპერაციები შესრულებულია სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს შორის, რაც კასატორის მტკიცებით, გამორიცხავს მხოლოდ ერთი მათგანის პასუხისმგებლობას, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ შ. ტ-მ, ერთი მხრივ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით დააზიანა სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, ჯგუფურად დაამზადა და გამოიყენა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რადგან დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებების უტყუარად დასადასტურებლად სასამართლოში სარწმუნო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

11. რაც შეეხება შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ტ-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის აუცილებელი წინაპირობების (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ შ. ტ. არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და, შესაბამისად, მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას არ აქვს კანონიერი გამართლება, ვინაიდან დადგენილია, რომ მსჯავრდებული იმთავითვე აღიარებდა იმ ქმედებების ჩადენას, რომლებისთვისაც მას მსჯავრი დასდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, თუმცა არ ეთანხმებოდა ბრალად წარდგენილ იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, რომლებიც სასამართლოების დასკვნებით მის ქმედებებში უტყუარად ვერ დადგინდა. ამდენად, მტკიცება იმისა, რომ შ. ტ. არ აღიარებდა დანაშაულს და არ არსებობდა მისთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის აუცილებელი წინაპირობები, მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე - სამართლებრივ საფუძველს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი