საქმე # 080100120003518550
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №620აპ-21 ქ. თბილისი
დ–ა ა., 620აპ-21 23 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. დ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ა. დ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის მარტის თვიდან 9 ნოემბრის ჩათვლით ა. დ–ა როგორც ფიზიკურად, ასევე ტელეფონის საშუალებით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ყოფილ მეუღლესთან - ნ. ა–სთან. კერძოდ, სისტემატურად ხვდებოდა მას სამსახურთან - ქ–ში, წმინდა ნ–ს ქუჩა №..-ში მდებარე სლოტ კლუბ „.....თან“ და უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. როგორც პირადად ასევე ტელეფონის საშუალებით ა. დ–ა შერიგებას თხოვდა ნ. ა–ს, ასევე, ეუბნებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა და სახლში გამოწვავდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ნ. ა–ე აღნიშნული ქმდებებით იტანჯებოდა და იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი. კერძოდ, სამსახურიდან სახლამდე მას აცილებდა დეიდაშვილი ვ. გ–ე, მოგვიანებით კი იძულებული ხდებოდა საერთოდ აღარ წასულიყო სამსახურში.
2020 წლის 12 თებერვალს, დილის საათებში, წ–ში №..-ე საჯარო სკოლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ა. დ–ამ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ყოფილ მეუღლეს - ნ. ა–ს. კერძოდ, ჩასვა „Toyota Prius-ის“ მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით ....) და წაიყვანა თბილისის მიმართულებით. მგზავრობის განმავლობაში ნ. ა–ს აკრძალული ჰქონდა გადაადგილება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ა. დ–ა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ა. დ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ა. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის დანიშვნას.
4. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურორმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. დ–ს გამართლება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. 2020 წლის 13 თებერვლის №..... შემაკავებელი ორდერის (ტ.1, ს.ფ.18) თანახმად, ნ. ა–მ განმარტა, რომ მეუღლემ მის მიმართ განახორციელა იძულებითი ხასიათის ქმედება და მიაყენა მას შეურაცხყოფა, რის გამოც ა. დ–ს აეკრძალა ნ. ა–სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - ნ. ა–მ. დაზარალებულმა - ნ. ა–მ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (ყოფილი მეუღლის) - ა. დ–ს წინააღმდეგ. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები - გ. უ–ა, ნ. ა–ე, თ. ა–ე, ვ. გ–ე, გ. ა–ი და ლ. თ–ი - არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენებები თავიანთი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, მათ ფაქტის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულისგან გადმოცემით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 27 თებერვლის №..... დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ნ. ა–ს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით დგინდება, რომ ა. დ–ს მხრიდან ნ. ა–ს მიმართ განხორციელებული ქმედებები არ იწვევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს (იხ. ტ.1, ს.ფ.198).
13. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს; მოცემულ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ა. დ–მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები.
14. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ა. დ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე