Facebook Twitter

საქმე # 110100119003378792

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №621აპ-21 ქ. თბილისი

თ–ე თ., 621აპ-21 30 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის, მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. თ–ს, ბრალად ედებოდა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც, ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, კერძოდ, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; 4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ზ–ში, .........ს ქუჩა ..-ში მდებარე მ. კ–ს საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა თ. თ–მ, არასრულწლოვანი შვილის - 9 წლის ვ. თ–ს თანდასწრებით, იატაკის საწმენდი ხის ჯოხი სამჯერ დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში ყოფილ მეუღლეს - მ. კ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2006 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე მ. კ–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ. თ–სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - მ. თ–ე (დაბ. ......) და ვ. თ–ე (დაბ. ......). მათი განშორების მიზეზი გახდა ხშირი უთანხმოება. განშორების შემდგომ, 2019 წლის 20 სექტემბერს (ზუსტი დრო დაუდგენელია), სატელეფონო საუბრისას, თ. თ–ე ყოფილ მეუღლეს - მ. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა მ. კ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.

2006 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე მ. კ–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ. თ–სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ–ში, .............ის ქუჩა №..-ში. მათი განშორების მიზეზი გახდა ხშირი უთანხმოება. 2019 წლის 20 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, თ. თ–მ მ. კ–თან დაიწყო სისტემატური სატელეფონო კავშირები, სოციალური ქსელით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სახლში აკითხავდა, რასაც თან სდევდა თ. თ–ს მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარა. აღნიშნულით მ. კ–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რის გამოც მან მნიშვნელოვნად შეცვალა ცხოვრების წესი, საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თ–ში და შეცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე მ. კ–ს შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროება.

2006 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე მ. კ–ი ქორწინებაში იმყოფებოდა თ. თ–სთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ–ში, ..............ის ქუჩა №..-ში. მათი განშორების მიზეზი გახდა ხშირი უთანხმოება. 2019 წლის 26 ოქტომბერს თ. თ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, სხვა ვალდებულებებთან ერთად, აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 26 ოქტომბერს თ. თ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მ. კ–სთან დაამყარა კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენითა და 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით

თ. თ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;

თ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცი სასჯელები და თ. თ–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით თ. თ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 4 წლით - ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ თ. თ–ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;

თ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -

2020 წლის 15 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვდა თ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო დაცვის მხარე ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. თ–ს გამართლებას.

5. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვს თ. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. თ–ს სრულად გამართლებას.

8. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.

9. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს თ. თ–ს სრულად (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით) გამტყუნებას, ხოლო დაცვის მხარე - მის გამართლებას მსჯავრდების ყველა ეპიზოდში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. თ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელები განაპირობა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველი გახდებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ თ. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძისა და მსჯავრდებულ თ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ჩ–სის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი