საქმე # 330100120003793801
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №632აპ-21 ქ. თბილისი
ხ–ი გ., 632აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ხ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გ. ხ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გ. ხ–ი დედას - მ. ი-ს, თითქმის ყოველდღიურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ყოველდღიურად თხოვდა ფულს და თანხის არ მიცემის შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით და თვითდაზიანებების მიყენებით. 2020 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, გ. ხ–მ მ. ი–სუთხრა, რომ მოკლავდა თუ ფულს არ მისცემდა, რა დროსაც ხელით გაიწია მისკენ დასარტყმელად. გ. ხ–ს მუქარა მ. ი–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2020 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი დედის - მ. ი–ს მიმართ იყო ძალიან აგრესიული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რითაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენით:
გ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების ნაწილში გამართლდა.
გ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ. ხ–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 ივნისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ:
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, დანარჩენ ნაწილში კი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ხ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–მ. დაცვის მხარე ითხოვს გ. ხ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. დაზარალებულმა - მ. ი–მ (მსჯავრდებულის დედა) და მოწმეებმა - დ. ხ–მ (მსჯავრდებულის მამა), ც. ხ–მ (მსჯავრდებულის ბებია) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - გ. ხ–ს წინააღმდეგ.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19).
9. სასამართლო ითვალისწინებს სასამართლოში გამოკვლეულ წერილობითი მტკიცებულებებს მათ შორის - დაზარალებული მ. ი–ს განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც დაცვის მხარეს არ გამოუთქვამს პროტესტი (იხ. 2021 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:20:53), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (იხ. ტ.1, ს.ფ.21-26), ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 ივლისის №....... დასკვნას ( იხ. ტ.1, ს.ფ.152. დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ. ბ–მ), რომლის თანახმად, მ. ი–მ შვილის - გ. ხ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა; კ. ყ–ს, ლ. ქ–ს და სხვა პირთა ჩვენებებს.
10. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე