ბს-1400-1138-კ-04 10 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ამბულატორიული პოლიკლინიკის დირექტორის 2002წ. 8 ივლისის ¹18-კ ბრძანება და ბ. პ-ე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში ........-ის თანამდებობაზე, რაზეც 2004წ. 25 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ რეორგანიზაციის შედეგად სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროები რაიონული პოლიკლინიკებიდან გადატანილ იქნა სოცდაზღვევის ფონდის შემადგენლობაში, რის გამოც სოცდაზღვევის ფონდის აჭარის ა/რ ფილიალმა ბ. პ-ის სამუშაოზე აღდგენაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ბ. პ-ის სამუშაოზე აღდგენა დაევალა შპს “ხ-ას”, ხოლო სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალში შექმნილ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის რომელიმე რაიონულ ბიუროში დასანიშნად ბ. პ-ე ვერ აკმაყოფილებს სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 17 მარტის ¹01/32-ო ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის გამო, 2004წ. 16 ივლისს ბ. პ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში ........-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
ბ. პ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალმა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. პ-ის სამუშაოზე აღდგენა დაევალა ხელვაჩაურის პოლიკლინიკას, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულ უნდა იქნეს ამ უკანასკნელის მიერ, ხოლო, რაც შეეხება რეორგანიზაციას, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რეორგანიზაცია ფონდში არ განხორციელებულა, “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის შესაბამისად, სოცდაზღვევის ფონდის 2004წ. 22 მარტის ბრძანებით შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რის გამოც სოცდაზღვევის ფონდს ყოფილი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროების მუშაკთა შრომითი მოწყობის ვალდებულება არ ეკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სოცდაზღვევის ფონდის აჭარის ა/რ ფილიალს დაეკისრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და ბ. პ-ის აღდგენა ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში .........-ის თანამდებობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო განხილვამდე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინებით სოცდაზღვევის ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოცდაზღვევის ფონდის აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შექმნის შემდეგ, მას გადაეცა შპს “ხ-ის” სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროში არსებული საქმეები, ხოლო ამ უკანასკნელმა კი შეწყვიტა ფუნქციონირება. აღნიშნული საქმეებით მუშაობას აგრძელებს სოცდაზღვევის ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიურო, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას და სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიურო უნდა ჩაითვალოს შპს “ხ-ში” ადრე არსებული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს უფლებამონაცვლედ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალმა და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ბ. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
კასატორის განმარტებით, ბ. პ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რის გამოც იმავე სარჩელის მიმართ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ხელმეორედ არ უნდა ემსჯელა. გარდა ამისა, “სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის ცვლილებების თანახმად, სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდში შეიქმნა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროები, მაგრამ მათი ჩამოყალიბება არ მომხდარა რომელიმე სამსახურის რეორგანიზაციის საფუძველზე, ამიტომ ბ. პ-ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერებაზე ანგარიშვალდებული ფილიალი ვერ იქნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
ბ. პ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ამბულატორიული პოლიკლინიკის 2002წ. ¹18-კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში ........-ის თანამდებობაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალმა მოსარჩელეს უარი უთხრა .......-ის თანამდებობაზე აღდგენაზე და ბ. პ-ემ 2004წ. 16 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის მიმართ აღძრა ახალი სარჩელი, რომლითაც მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დავალდებულება და ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში ........-ის თანამდებობაზე აღდგენა. ბ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოების მიერ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად. თუ მხარე ნებაყოფლობით არ აღასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, სსკ-ის 267-ე და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მიხედვით, მხარემ (კრედიტორმა, ვის სასარგებლოდაც გამოტანილ იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შეიძლება მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების წესს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაკისრებაზე სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანა პროცესუალურად დაუშვებელია. კერძოდ, არც სსკ-ის მე-11 და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიებს, არ ითვალისწინებენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაკისრების შესახებ სარჩელებს. ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. პ-ის სარჩელი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაკისრების შესახებ არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას, რის გამოც საქალაქო სასამართლოს, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი უნდა ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მაგრამ ვინაიდან საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს და არსებითადაც განიხილეს სარჩელი, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ბ. პ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და მხარეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილი წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. პ-ე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს კომისიაში .......-ის თანამდებობაზე. ბ. პ-ე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ........-ის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალიდან, რაც დაკმაყოფილდა საქალაქო-სააპელაციო სასამართლოების მიერ. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს გადაეცა შპს “ხ-ის” სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროში არსებული სამედიცინო საქმეები, რის შედეგად ამ უკანასკნელმა შეწყვიტა ფუნქციონირება და ამდენად, სასამართლოთა აზრით, ფაქტობრივად ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რის გამოც საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიურო უნდა ჩაითვალოს შპს “ხ-ში” ადრე არსებული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს უფლებამონაცვლედ, რასაც უარყოფს მოპასუხე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს “ხ-ის” რეორგანიზაციის შესახებ მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და სასამართლოთა მიერ დადგენილი ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის ხელვაჩაურის რაიონის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს უფლებამონაცვლეობაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები სასამართლოთა მიერ არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული. შპს “ხ-ის” რეორგანიზაციისა და ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის ხელვაჩაურის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს უფლებამონაცვლეობის საკითხი, საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს და ბ. პ-ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, აღძრას აღიარებითი სარჩელი ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირებს შორის სამართალურთიერთობის ანუ უფლებამონაცვლეობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით.
ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის საკასაციო საჩივარს, თვლის რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გაუქმდეს ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინება და ბ. პ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაკისრების შესახებ ახალი სარჩელის წარდგენა პროცესუალურად დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. ბ. პ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.