საქმე # 120100119003303045
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №657აპ-21 ქ. თბილისი
გ. ლ., 657აპ-21 16 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ-ს, - - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ოქტომბერს დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბ-ში რ-ს ქუჩაზე მდებარე ......... ბანკის მიმდებარედ ე.წ. „........ის“ ტერიტორიაზე, ლ. გ-მ წარსული უსიამოვნების გამო ც. ლ-ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის მოჭერით კისრის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ც. ლ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
ლ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ. ბრალდების მხარე ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ტ-მ. ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, 2019 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბ-ში, რ-ს ქუჩაზე მდებარე ....... ბანკის მიმდებარედ, ე.წ. პატარა სკვერის ტერიტორიაზე, ლ. გ-მ, წარსული უსიამოვნების გამო, ც. ლ-ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ, კისრის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ც. ლ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 20 ოქტომბერს ბავშვები მამასთან უნდა დარჩენილიყვნენ თუმცა ვინაიდან სახლში არავინ იმყოფებოდა და თვითონაც სამსახურში უნდა ყოფილიყო ბავშვებს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა და უკან დედასთან გააბრუნა. სამსახურის დამთავრების შემდეგ მან გამოიარა მისი რძლის საცხოვრებელ სახლთან რათა გარედან ვიზუალურად შეემოწმებინა მის შვილიშვილებს ხომ არაფერი უჭირდათ. სახლში სიმშვიდე და შუქებიც ჩამქრალი იყო. სახლის წინ იჯდა ლ. გ-ს მამა - ლ. გ. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და მოიკითხეს ერთმანეთი, რადგან ცუდი დამოკიდებულება არ აქვთ. ლ. გ-მ იქვე მდებარე სკვერში გაიყვანა სალაპარაკოდ. სკვერში გასვლისას ლ. გ-მ ხმამაღლა დაიწყო მისი ყოფილი რძლის ლანძღვა. ამ დროს სადარბაზოდან გამოვარდა ლ. გ. შორიდანვე უშვერი სიტყვებით ლანძღავდა დაზარალებულს შემდეგ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც - მარცხენა ხელი ყელისა და კისრი არეში წაუჭირა რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რომ არა ლ. გ. მას უფრო მეტად დააზიანებდა. ლ. გ-მ ლ. გ-ს ხელი მოჰკიდა და იქაურობას გაარიდა. კონფლიქტს მათ გარდა სხვა არავინ შესწრებია. მომხდარის შემდეგ, როდესაც ის ოდნავ გონზე მოვიდა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას და განაცხადა მომხდარის შესახებ. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მას სახეზე სიწითლეები აღენიშნებოდა, ცუდად იყო და ტკივილს განიცდიდა, იმ ღამეს მან ტკივილგამაყუჩებელი აბებიც დალია.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით დგინდება, რომ ც. ლ-ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვის მონაცემებით კი უჩივის ტკივილს კისრის მარცხენა არეში და მარცხენა მხრის სარტყლის არეში.
5. 2019 წლის 20 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ც. ლ-ს ჩვენება. დაზარალებულმა მიუთითა ქ. ბ-ში რ-ს ქუჩაზე სს „......... ბანკის“ გვერდით არსებულ ხის სკამზე, სადაც იჯდა ლ. გ. და მიუთითა რომ გვერდით მდებარე სკვერში ლ. გ-მ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა ხოლო შემდეგ მოუჭირა ხელი ყელში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა მიუთითა ადგილები, სადაც ლ. გ-მ მასზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება, ვითარების აღდგენა და რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ექსპერიმენტის დროს არ ამოღებულა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ამიტომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები 315აპ-20; 49აპ-20; 679აპ-20; 442აპ-21).
7. გამომძიებლებმა - გ. ბ-მ და დ. ბ-მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ხოლო ექსპერტებმა - თ. ს-მ, რ. გ–მა და დ. მ-მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული მოქმედებები.
8. ლ. გ-მ დუმილის უფლება გამოიყენა, ხოლო ლ. გ-მ - საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.
9. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის თვითმხილველი და მონაწილე პირების ჩვენების არარსებობა a priori არ წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მათ შორის მოწმის მიკერძოების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოწმის ჩვენება თანმიმდევრულია, მაგრამ თავად დაზარალებულის ჩვენებით და კასატორის მტკიცებითაც დგინდება დაზარალებულსა და ლ. გ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა. კერძოდ, დაზარალებული ც. ლ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მას და ლ. გ-ს აქვთ დაძაბული ურთიერთობა. ლ. გ. არის მისი შვილის ყოფილი მეგობარი. მას შემდეგ, რაც ლ. გ–მ ცოლად მოიყვანა მისი რძალი - მ. ლ. - მათი ურთიერთობა დაიძაბა. ვინაიდან მისი შვილიშვილები დედასთან ცხოვრობენ იგი არ ენდობა ლ. გ-ს და მუდმივად ამოწმებს, რომ მან მის შვილიშვილებს არაფერი დაუშავოს. მოწმის განმარტებით მისი სურვილია, რომ ლ. გ. და მ. ლ. დაშორდნენ და მისმა შვილმა - ი. ლ-მ - და მ. ლ-მ კვლავ ერთ ოჯახად იცხოვრონ.
10. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის ჩვენებით, ისევე როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნითი და პირადი გასინჯვის ოქმით, ასევე გამოძიების მწარმოებელი პირების ჩვენებებით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ დასტურდება. შესაბამისად, ლ. გ-ს მსჯავრდება ემყარება დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებას, რომელიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი (არც პირდაპირი და არც ირიბი) მტკიცებულებით. იმავდროულად, დაზარალებულის ჩვენების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის თავად დაზარალებულის ჩვენებითაც) დგინდება დაზარალებულის მიკერძოებული დამოკიდებულება ლ. გ-ს მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს) და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ტ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი ლ. გ-ს მიმართ;
3. ლ. გ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი წარდგენილ ბრალდებაში;
4. გამართლებულ ლ. გ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. ლ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
6. ყადაღა მოეხსნას, ლ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებულ, ნ. მ-ს (პ/ნ ............) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ.ბ-ში, რ-ს ქ.№----ში, ს.კ ...., ფართით 67,10 კვ.მ;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი