საქმე # 330100120003769525
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №658აპ-21 ქ. თბილისი
გ–ი ნ., 658აპ-21 28 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ნ. გ–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 19 მაისს, დაახლოებით 19:40 საათიდან 20:50 საათამდე დროის პერიოდში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევმა ნ. გ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში გ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე თ. მ–ს საცხოვრებელ ბინაში და ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა სხვადასხვა სახის ნივთებს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელთა მიერ ბინაშივე იქნა დაკავებული.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ნ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ. გ–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 19 მაისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. გ–მ და მისმა ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. გ–მ და მისმა ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. საკასაციო სასამართლო კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში ნ. გ–ის ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულების: თ. მ–სა და მ. ა–ს ჩვენებები; მოწმეების - დ. ხ–ს, დ. თ–ს, ნ. გ–ს, პ. ჩ–ს, გ. ს–ისა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს; რაიმე ახალი გარემოება რომელიც არ იყო შეფასებული ან არასწორად იყო შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მასალებით არ დგინდება.
9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება;
10. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულების - თ. მ–სა და მ. ა–ს - ჩვენებები სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც შექმნიდა ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ან/და საკმარისი იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებების გაუზუარებლობისთვის.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვეობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი