Facebook Twitter

საქმე # 120100119003228942

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №660აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი ხ., 660აპ-21 2 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლი კაპანაძისა და მსჯავრდებულ ხ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. გ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე, ბ–ს რაიონის დაბა ბ–ში, კ–ს ქუჩა №-ის მიმდებარედ, ხ. გ–ი ურთიერთშელაპარაკებისას თ. დ–ს დაემუქრა მისი, ასევე არასრულწლოვანი შვილიშვილის თ. დ–ს და მისი სხვა ოჯახის წევრების „დაწვით“, მათი მეზობლური კონფლიქტის გათვალისწინებით, თამარ დიაკონაშვილმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

ხ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ხ. გ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა ხ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ხ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა ხ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ხ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ხ. გ–ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ საცხოვრებელი სახლის გადაწვისა და ოჯახის წევრების დაწვის მუქარის ფაქტი. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების - ვ. ო–ს, არასრულწლოვანი თ. დ–ს ჩვენებებით, რომლებიც პირდაპირი მოწმეები არიან. აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს ხ. გ–ი დაემუქრა დაზარალებულს მისი და მისი ოჯახის წევრების გადაწვით. კონფლიქტსა და მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმას არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ მუქარის განხორციელებას არ აპირებდა.

9. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ისე არასრულწლოვანი მოწმის - თ. დ–ს და მოწმე ვ. ო–ს ჩვენებებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხ. გ–ს მიერ თ. დ–ზე განხორციელებული მუქარის გამო შეშინებული თ. დ–ი შვილიშვილთან ერთად სახლში შევიდა. ის ფაქტი, რომ სახლში დაბრუნებული თ. დ–ი იყო შეშინებული დადასტურებულია მოწმე ნ. მ–ე-დ–ს ჩვენებით. მოწმის განმარტებით, სახლში დაბრუნებული დედამთილი შიშისგან ცახცახებდა, ხოლო შვილმა - თ. დ–მა უამბო მას ხ. გ–ს მიერ განხორციელებული მუქარის შესახებ, რის გამოც მან დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ხ. გ–სთვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდებისა მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ხ. გ–სთვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლი კაპანაძისა და მსჯავრდებულ ხ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე