Facebook Twitter

საქმე # 330100120003684233

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №661აპ-21 ქ. თბილისი

ფ–ი ზ., 661აპ-21 1 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ფ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ზ. ფ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 17:05 საათზე, თ. თ–ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ. თ–ი, .........ის გამზირი №..-ში, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ზ. ფ–მ, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ არ აცოცხლებდა და მოკლავდა. აღნიშნული მუქარის შედეგად, თ. თ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 5 აპრილს, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ....... სამმართველოს განყოფილების უფროსი გამომძიებლის ო. ბ–ს მიერ გამოიცა №...... შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს ზ. ფ–ს, 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - თ. თ–თან მიახლოება, კერძოდ, ზ. ფ–ს აეკრძალა მიახლოებოდა იმ ადგილს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, შესაძლოა იმყოფებოდეს და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2020 წლის 20 აპრილს, დახლოებით 19:30 საათზე, ზ. ფ–ი მივიდა ყოფილი მეუღლის, თ. თ–ის საცხოვრებელ სახლთან, მისამართზე ქ. თ–ი ........... გამზირი №...-ში, სადაც შეხვდა ყოფილ მეუღლეს თ. თ–ს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ზ. ფ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ზ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ. ფ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ. ფ–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 20 აპრილიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და ზ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატ ნ. პ–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და ზ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

8. დაზარალებულმა - თამარ თამაზაშვილმა ჩვენებაში განაცხადა, რომ 2020 წლის 9 თებერვალს, საღამოს საათებში, როდესაც იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მას მობილურ ტელეფონზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაუკავშირდა მისი ყოფილი მეუღლე - ზ. ფ–ი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა როდესაც ციხიდან გამოვიდოდა არ აცოცხლებდა. დაზარალებულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზ. ფ–ს აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, ძალიან შეეშინდა და დახმარებისთვის მიმართა პოლიციის განყოფილებას. ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ. ფ–ი პენიტენციური დაწესებულებიდან თავისუფლდებოდა 2020 წლის 27 თებერვალს, მან 2020 წლის 11 თებერვალს აღნიშნული ფაქტის შესახებ განაცხადა პოლიციაში (ტ.1, ს.ფ.64). მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტ.1, ს.ფ.63). ასევე, თ. თ–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე პენიტენციური დაწესებულებიდან ზარის განხორციელება დასტურდება დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა (ტ.1, ს.ფ.70) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №42200/01 მომართვის წერილით (ტ.1, ს.ფ.95).

9. 2020 წლის 26 თებერვალს გამოცემულ №..... შემაკავებელ ორდერში (ტ.1, ს.ფ.131) მითითებულია, რომ 2020 წლის 9 თებერვალს ზ. ფ–მ დაურეკა თავის მეუღლეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ზ. ფ–ი აღნიშნულ ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ. ფ–სთვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. ფ–სთვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე