Facebook Twitter

საქმე # 010100120003947819

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №622აპ-21 ქ. თბილისი

ქ. თ., 622აპ-21 2 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ქ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

თ. ქ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, ......ის ქუჩა №..-ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ. ქ–მ სახისა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. თ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2020 წლის 20 აგვისტოს, დღის საათებში, ხ–ს მუნიციპალიტეტის კურორტ .....ში ყოფნისას, თ. ქ–ე სატელეფონო კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. თ–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით თ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ თ. ქ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, თ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულმა - ქ.; თ–მ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (მეუღლის) - თ. ქ–ს, წინააღმდეგ.

9. 2020 წლის 20 აგვისტოს შემაკავებელი ორდერის თანახმად, თ. ქ–ს მეუღლის ქ. თ–ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - ქ. თ–მ. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. შესაბამისად, იგი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

10. თ. ქ–ს მიერ შესაძლო ძალადობის და მუქარის განხორციელებაზე მიუთითებენ მხოლოდ გ. გ–ე და კ. ძ–ე. აღნიშნული მოწმეები გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, არ არიან ფაქტის თვითმხილველები; ძალადობის ბრალდების ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. ქ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე