Facebook Twitter

საქმე # 060100120003792139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №663აპ-21 ქ. თბილისი

ა. დ., 663აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიასა და მსჯავრდებულ დ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ა–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

დ. ა–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ–ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, დ. ა–ე ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს პ. ა–ს და მეუღლეს ე. ა–ს. ამ უკანასკნელებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 26 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ–ი სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. ა–ემ შვილს - პ. ა–ს ხელი დაარტყა სახის არეში და ასევე ხელი მოუჭირა კისრის არეში. პ. ა–მ ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 22 მაისს, საღამოს საათებში, ვ-ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა დ. ა–მ მეუღლეს ე. ა–ს ხელი დაარტყა თვალბუდის არეში. ე. ა–მ ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 19 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, ვ-ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. ა–ე მეუღლეს - ე. ა–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ვ–ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. ა–ე მეუღლეს - ე. ა–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ვ–ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში დ. ა–ე მეუღლეს - ე. ა–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ვ–ი, სოფელ ა–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში დ. ა–ე მეუღლეს - ე. ა–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 19 მაისის, 2020 წლის 25 ივნისის, 2020 წლის 5 ივნისისა და 2020 წლის 12 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

დ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მთლიანად დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესით დ. ა–ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ. ა–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 27 ივნისიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ:

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ა–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო მსჯავრდებული - დ. ა–ე - მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის 19 მაისის, 2020 წლის 25 ივნისის, 2020 წლის 5 ივნისისა და 2020 წლის 12 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 26 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, დ. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც მთლიანად შთანთქა ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დ. ა–ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ. ა–ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 27 ივნისიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ:

ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ა–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დ. ა–ე - გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

8. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

9. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ა–ს მიერ მეუღლის - ე. ა–ს მიმართ 2020 წლის 22 მაისს განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ასევე 2020 წლის 19 მაისის, 2020 წლის 25 ივნისის, 2020 წლის 05 ივნისისა და 2020 წლის 12 ივნისის მუქარის ფაქტები.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროა გამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. მხოლოდ ერთი პირის მიერ შემთხვევიდან მრავალი დღის შემდეგ გაკეთებული განცხადებები მასზე განხორცილებული მუქარისა და ძალადობის შესახებ, თუ ეს ფაქტი არ დასტურდება სხვა ობიექტური მტკიცებულებებით, არ ქმნის საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში კი სახეზეა მხოლოდ დაზარალებულ ე. ა–ს ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2020 წლის 26 ივნისის ეპიზოდი (ე. ა–ს მიმართ განხორციელებული მუქარა) დასტურდება დაზარალებულისა და მისი შვილის - პ. ა–ს ჩვენებებით. დაზარალებულმა ე. ა–მ ჩვენებაში განმარტა, რომ 2020 წლის 26 ივნისს დ. ა–ემ ღვინო დალია სახლში, დათვრა და დაახლოებით 19:00 საათზე დაუწყო მას ჩხუბი და გინება, რაზეც უსაყვედურა შვილმა პ. ა–მ, რის შემდეგაც დ. ა–ემ შვილს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და დაემუქრა მათ ნაჯახის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით (17:05:21).

12. დაზარალებულმა პ. ა–მ ჩვენებაში განმარტა, რომ მამამისი დ. ა–ე მას და დედამისს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (16:14:06).

13. ვ–ს რაიონის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ. მ–მ ჩვენებაში განმარტა, რომ კ. დ–სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას დაძახებაზე არავინ უპასუხა, შემდეგ ე. ა–ა გამოჩნდა თხილის პლანტაციებიდან და განუმარტა პოლიციელებს, რომ მისი შვილიც გაიქცა სახლიდან დასამალად. მოწმის განმარტებით ე. ა–ა შეშინებული იყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აღწერა თავის ჩვენებაში მოწმე კობა დვალიშვილმაც.

14. დ. ა–ს მიერ პ. ა–ს მიმართ 2020 წლის 26 ივნისს განხორციელებული ძალადობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებით დაადასტურა დაზარალებულმა პ. ა–მ და განმარტა, რომ დ. ა–ე ორივე ხელით ეცა კისერში, ყელში წაუჭირა ხელები, ყელში წაჭერის შედეგად განიცადა ტკივილი კისრისა და ყელის მიდამოში. შემდგომ დ. ა–მ მას მუჭი ერთხელ დაარტყა სახის, ანუ ცხვირის მიდამოში, რის შედეგადაც მან ცხვირის მიდამოში განიცადა ძლიერი ტკივილი (16:12:40).

15. ზემოთ აღნიშნული ფაქტი დასტურდება ასევე ე. ა–ს ჩვენებით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №....... დასკვნით (ტ.1, ს.ფ.52-55), რომლის თანახმად, 27.06.2020 წელს 15:39-15:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით პ. ა–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შეუმსუბუქა სასჯელი დ. ა–ს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

19. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიასა და მსჯავრდებულ დ. ა–ს საკასაციო საჩივარები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი