Facebook Twitter

საქმე # 020100119002827014

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№670აპ-21 ქ. თბილისი

ა. ზ., 670აპ-21 8 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-სა და მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ და მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. კ. ითხოვს ზ. ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო, მეორე მხრივ, არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი მტკიცებულებები და საერთოდ არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ზ. ა-ს უდანაშაულობას.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ბ. ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, არ შეაფასა დაცვის მხარის არგუმენტები, რომელთა ანალიზი ცხადყოფდა, რომ ი. მ-ს მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო, მეორე მხრივ, მტკიცებულებების გამოკვლევისას გაჩენილი ეჭვები მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესით გარანტირებულ პრინციპს; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია ი. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება ი. მ-ს კავშირი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წებოვან ლენტთან, გაყალბებულია, რადგან შეუძლებელია, მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოჩენილიყო წებოვან ლენტზე, რომელიც მანამდე დაქტილოსკოპიური კვლევისას დამუშავდა ქიმიური ფხვნილით და 10 თვის განმავლობაში ინახებოდა გამომძიებელთან.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. ა.ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 22 დეკემბრიდან; ი. მუჯირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 23 დეკემბრიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-მ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ხოლო ი. მ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

5.1. ზ. ა-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა სროლისათვის ვარგისი, 9 მმ ნომინალურკალიბრიანი პისტოლეტი ,,ARAL 1071 N...“, რომელსაც 2018 წლის 22 დეკემბერს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ა-ს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე.

5.2. ზ. ა-მ განიზრახა, ი. მ-სთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ყაჩაღურად თავს დასხმოდა მ. ჩ-ს ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ. ა. შეიარაღდა პისტოლეტისმაგვარი საგნით, გაიკეთა ნიღაბი და 2018 წლის 4 მარტს ი. მ-სთან ერთად მივიდა ქ. ა-ში, დ. ა-ს ქ. №..-ში მდებარე მ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლთან და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწია მის ბინაში. ი. მ მწებავი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრა და პირი აუხვია მ. ჩ-ს მეუღლეს - ლ. ჭ-სა და მის არასრულწლოვან შვილს - ზ. -ს, რომლებიც ჯერ ერთმანეთზე გადააბა, ხოლო შემდეგ მიაბა მისაღებ ოთახში არსებულ მაგიდაზე. ზ. ა-მ დაიწყო ოთახების დათვალიერება და მისაღებში მდგარი მაგიდის ქვეშ აღმოაჩინა შპს „თი-ბი-სი ფეის“ კუთვნილი ფულის ტომრები, რომლებიც დანის გამოყენებით დაჭრეს, ფული გადმოყარეს იატაკზე და დაიწყეს ქაღალდის კუპიურებისა და მონეტების დახარისხება, რის შემდეგაც ფული ჩაყარეს იქვე არსებულ ტომრებსა და პოლიეთილენის პარკებში. რამდენიმე წუთში თავდამსხმელებმა მოაგროვეს და გაიტაცეს - 10 ათას ლარზე მეტი, ხოლო მ. ჩ მეუღლე - ლ. ჭ. და არასრულწლოვანი ზ. ჩ. დატოვეს მაგიდაზე მიბმულები და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ზ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ; მსჯავრდებულმა ი. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზ. ა-სა და ი. მ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ.შ-ს, მ. ლ-ს, ლ. ჭ-ს, ზ. ჩ-ს, მ. ჩ-ს, ი. კ-ს, გ. რ-ს, გ. ა-ს, მ. კ-ს, ნ. კ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ნიმუშის აღების ოქმებით, ბალისტიკური და ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; მოწმეები - გ. შ. და მ. ლ ზ. ა-სათვის პისტოლეტის აღმოჩენასა და ამოღებასთან მიმართებით საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, იძლევიან თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთთავსებადი და თანხვდენილია როგორც ერთანეთთან, ისე - ჩხრეკის ოქმთან და ერთობლივად შეფასებისას აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. ამასთან პოლიციელების ჩვენებების არასანდოდ მიჩნევის ობიექტური და დამაჯერებელი საფუძველი საქმის მასალებით არ გამოკვეთილა; ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ: შესასველი კარის სახელურებზე, პოლიეთილენის პარკებზე, ნაჭრის ტომრებსა და ჩანთებზე აღმოჩენილია ზ. ა-ს, ხოლო წებოვანი ლენტების ხვიაზე - ი. მ-ს ბიოლოგიური მასალა და მტკიცებულებების შეფასებისას, ამ სამხილის ძალიან მაღალი წონის გათვალისწინებით, მტკიცება იმისა, რომ ზ. ა. და ი. მუჯირი მსჯავრად შერაცხული ყაჩაღობის დროს მეგული ჩოჩიას სახლში არ ყოფილან და მათი მაიდენტიფიცირებელი კვლები ხელოვნურად დაიტანეს ნივთმტკიცებებზე, ყოველგვარ გონივრულ საფუძველსაა მოკლებული და მეტად არადამაჯერებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ა-სა და ი. მ-ს მსჯავრდება კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-სა და მსჯავრდებულ ი. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი