Facebook Twitter

საქმე # 080100120003688160

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №672აპ-21 ქ. თბილისი

გ. ლ., 672აპ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- მსჯავრდებულ ლ. გ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჯ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას (კასატორი სადავოდ არ ხდის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებას, რომლის მოხდისაგან ლ. გ. გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე) , შემდეგი ძირითადი მოტივებით: მოწმეთა ჩვენებები არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია; ლ. გ-ს არ ჰქონია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი; ლ. გ. ი. ფ-ს საცხოვრებელ სახლში ხშირად მიდიოდა და არასდროს წინასწარ ნებართვას არ იღებდა მისგან.

- ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზიტა ჭულუხაძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ. შ-მ სასამართლოში უარი განაცხადა ლ. გ.ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. გ-მ ასევე ჩაიდინა ის დანაშაულებიც, რომლებშიც სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო უდანაშაულოდ.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. გ-ს ბრალად ედება:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;

ლ. გ.ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-ში, გრ. ჩ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. გ-მ არასრულწლოვანი შვილების - ნ. და გ. გ-ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. შ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, კერძოდ: თვალის არეში დაარტყა ხელი, ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში და ასევე, ხელებით სცემა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ნ. შ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- ლ. გ. და ნ. შ. 20.. წლის იანვრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 20. წლის .. მარტიდან 20.. წლის ... მარტამდე პერიოდში ლ. გ. სოციალური ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა ნ. შ-ს, შერიგებოდა და ასევე, არ შეეტყობინებინა პოლიციისათვის მის მიერ ნ. შ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ.

- 20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 21:20 საათზე, ლ. გ-მ მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ, კარის შეტეხვით, ძალადობით შეაღწია ქ-ში, გრ. ჩ-ს ქუჩის N-ში მდებარე ნ. შ-სა და ი. ფ-ს საცხოვრებელ ბინაში, რითაც დაარღვია ი. ფ-სა და ნ. შ-ს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება. ლ. გ. და ნ. შ. 20.. წლის იანვრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო ი. ფ-სთან ლ. გ. მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

- ლ. გ. და ნ. შ. 20.. წლის იანვრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ-ში, გრ. ჩ-ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. გ. დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. შ-ს, რის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 20.. წლის ... მარტს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ-0ი, გრ. ჩ-ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლ. გ. აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. შ-ს კუთვნილ “SAMSUNG Galaxy A6“ ფირმისა და მოდელის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც ნ. შ-ს მიადგა 140 (ას ორმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.

- 20.. წლის .. აპრილს, ტ-ს რაიონის სოფელ მ-ში, ლ.ი გ-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ლ. გ-ს მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და პირადად შენახული 2 აბი, რომელიც შეიცავს - 0,00398 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ლ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ. გ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

ლ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ლ. გ.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

ლ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2020 წლის 7 აპრილიდან

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- მსჯავრდებულ ლ. გ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

- ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზიტა ჭულუხაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ლ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ. გ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. ლ. გ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მასვე, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ლ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

ლ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

ლ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 7 აპრილიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ. შ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და არ მისცა ჩვენება თავისი ახლო ნათესავის - ლ. გ-ს წინააღმდეგ. ბრალდების მხარეს ოჯახის წევრზე ძალადობის ეპიზოდში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ი. ფ-ს ჩვენება, რომელიც საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო იძულებისა და მუქარის ეპიზოდებში კი არ არის წარმოდგენილი ლ. გ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება. რაც შეეხება ძარცვისა და ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლის ბრალდების ეპიზოდებს, მოცემულ ნაწილებში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. გ-მ ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:

9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი. ფ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 21:20 საათზე, იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ლ. გ. კარის შემტვრევით მისი და ნ. შ-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მათ ბინაში, ისე, რომ შესვლის უფლება მისთვის არცერთს არ მიუცია. მანვე განმარტა, რომ ნ. შ-ს საძინებელ ოთახში შესულმა დაინახა, რომ ნ-სთან გვერდით იდგა ლ. გ., რომელსაც მარჯვენა ხელში საშუალო ზომის, მუქტარიანი, გასაშლელი დანა ეჭირა, რომელიც მისკენ ჰქონდა მიმართული და ეუბნებოდა, რომ ტელეფონი მიეცა. შემდეგ ლ. გ-მ ნ. შ-ს ტელეფონი, რომელიც ბალიშის ქვეშ იდო, გამოიღო და წავიდა, ხოლო ნ. კი ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა.

10. ი. ფ-ს ჩვენებას სრულად ადასტურებს მოწმე მ. ჯ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ გაიგონა ი. ფ-ს ბინის შესასვლელ კარზე ,,ბრახუნი’’ და დაინახა, რომ ბინაში ლ. გ. შევიდა. მანვე მიუთითა, რომ დაინახა ნ. შ-ს საძინებლიდან გამოსული ლ. გ., რომელსაც ხელში შავი მობილური ტელეფონი ეჭირა. იგი ბინიდან გავიდა, რის შემდეგაც საძინებელი ოთახიდან ნ. შ-ც გამოვიდა, რომელიც იყო ძალიან აღელვებული და განმარტა, რომ ლ-მ მისი კუთვნილი ტელეფონი წაიღო.

11. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 20.. წლის .. მარტის ოქმით დგინდება, რომ ლ. გ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს შავი „SAMSUNG A6” მოდელის მობილური ტელეფონი, ხოლო 20.. წლის .. აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით კი დგინდება, რომ დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა ნ. შ-მ ამოიცნო მისი კუთვნილი ტელეფონი და განმარტა, რომ სწორედ ეს ტელეფონი გასტაცა ლ. გ-მ.

12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 20.. წლის .. მარტის ოქმით დგინდება, რომ ნ. შ-სა და ი. ფ-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარის საკეტს ვიზუალურად აღენიშნება დაზიანების კვალი, კერძოდ, საკეტის გულანა ენა არის გაღუნული და არ მოძრაობს, ასევე დაზიანებულია ბინის შესასვლელი კარის ჩარჩო იმ ადგილას, სადაც საკეტის გულანა შედის, რომელიც გამოგლეჯი..

13. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნით კი დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N... საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ კარში ჩასადგმელ საკეტი მექანიზმის ჩამკეტ ენაზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები ლითონის ღუნვისა და ნაკაწრების სახით, რომლებიც განვითარებულია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

14. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება, რომ ლ. გ-მ ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, მფლობელებზე ფიზიკური ძალადობის შედეგად შეაღწია.

15. ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ლ. გ., ნ. შ-სა და ი. ფ-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მათ საცხოვრებელ ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ასევე უკანონოდ, აშკარად დაეუფლა დაზარალებულ ნ. შ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რითაც მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 160-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებთან მიმართებით კი არ არის წარმოდგენილი მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი