Facebook Twitter

საქმე # 110100120004036982

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№673აპ-21 ქ. თბილისი

ბ. ს., 673აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ს. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (5 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენა ისეთი სასჯელის სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; მსჯავრდებულმა ს. ბ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლოში წარმოდგენილი, დაზარალებულის ამბულატორიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ თ. ბ. განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. კვლევისას თ. ბ. არ მალავდა, რომ ს. ბ. არის საშიში, არ იცის, რას მოიმოქმედებს, სულ სვამს და იმუქრება.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ბ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (4 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 20.. წლის .. სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაბა ხ-ში, ე. ჭ-ს ქ. №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ბ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის მეუღლეს - თ. ბ.ს ხელი მოუჭირა ყბა-სახის არეში და გადაუგრიხა ორივე ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ს. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. ბ.ს, თუ მომხდარს პოლიციას შეატყობინებდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 202.. წლის .. სექტემბერს, საღამოს საათებში, დაბა ხ-ში, ე. ჭ-ს ქ. №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ბ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეს - თ. ბ-ს ხელი მოუჭირა ყბა-სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ს. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. ბ-ს, თუ მომხდარს პოლიციას შეატყობინებდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 20.. წლის .. აგვისტოს, საღამოს საათებში, დაბა ხ-ში, ე. ჭ-ს ქ. №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ბ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეს - თ. ბ-ს ფეხი ამოარტყა საჯდომის არეში და ხელი მოუჭირა სახეზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ს. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. ბ-ს, თუ მომხდარს პოლიციას შეატყობინებდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. 20.. წლის აგვისტოს დასაწყისში (ზუსტი დღე დაუდგენელია), დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ხ-ში, ე. ჭ-ს ქ. №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. ბ-ს თ. ბ-მ სთხოვა, შეეწყვიტა გინება და ყვირილი, რის გამოც გაბრაზებულმა ს. ბ-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეს - თ. ბ-ს სამჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა ლოყის არეში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც თ. ბ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 20.. წლიდან 20.. წლის .. სექტემბრამდე პერიოდში, დაბა ხ-ში, ე. ჭ-ს ქ. №...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი ს. ბ., არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თითქმის ყოველდღე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს თავის მეუღლეს - თ. ბ-ს, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

3. ს. ბ.ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (5 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი).

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ს. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 8 სექტემბრის; 2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოსა და 2020 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; მისი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან (2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოს; 2020 წლის აგვისტოს დასაწყისისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოს; 2020 წლის აგვისტოს დასაწყისისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები); ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ს. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2020 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოსა და 2020 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდები) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ს. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (5 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ს. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რადგან განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადგინდა ს. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 8 სექტემბრის; 2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოსა და 2020 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდები), მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოს; 2020 წლის აგვისტოს დასაწყისისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2020 წლის 6 სექტემბრის; 2020 წლის 25 აგვისტოს; 2020 წლის აგვისტოს დასაწყისისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ. ბ-მ და არასრულწლოვანმა მოწმემ, ა. ბ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად - ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, არც დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ს. ბ. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულ თ. ბ-ს ან/და გარდა 2020 წლის 8 სექტემბრისა, მეუღლზე ძალადობდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით; რაც შეეხება სასამართლო ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნას, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა თ. ბ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მხოლოდ საექსპერტო კვლევის აღწერილობით ნაწილში მითითებული დაზარალებულის განმარტებები, რომლებიც სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვით არ შემოწმებულა და რომლებიც, თავის მხრივ, ზოგადი ხასიათისაა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

11. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია დანაშაული; რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში; აქვს მარჯვენა იდაყვის სახსრის მკვეთრი კონტრაქტურა, კიდურის ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში კუნთთა ატროფიითა და კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლით; დაზარალებულთან შერიგებულია; დაზარალებულმა სასჯელთან მიმართებით ლმობიერი პოზიცია გამოხატა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ბ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრების საფუძველი სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი