Facebook Twitter

¹ბს-1400-975(კ-05) 27 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ერთდროული დახმარების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ერთდროული დახმარების ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998წ. 1 თებერვლიდან გავიდა პენსიაზე აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს რიგებიდან. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” მე-60 მუხლის “გ” ქვეპუნქტის (ნამსახურობის გამო) და 67-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) თანახმად, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე დაენიშნა წელთა ნამსახურობის პენსია.

თადარიგში გასვლამდე მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 117 ლარს. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნისას ერთდროული დახმარების სახით ეკუთვნოდა უკანასკნელი 10 თვის ხელფასი, სულ 1170 ლარი, მაგრამ აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო განყოფილებამ აუნაზღაურა 10 თვის ხელფასი, მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდების განაკვეთის ოდენობით _ 480 ლარი. ხელფასის სხვა შემცველობა _ წელთა ნამსახურობის დანამატი არ აუნაზღაურა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, ვინაიდან მან არ იცოდა ზემოაღნიშნული დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათები, პრეტენზია არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით. გასული წლის ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა რა მითითებული შეღავათების თაობაზე, განცხადებით მიმართა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს საფინანსო განყოფილებას ერთდროული დახმარების მისაღებად, სადაც განუმარტეს, რომ ნამსახურობის განაკვეთისა და სასურსათო ულუფის ღირებულებას ერთდროული დახმარების სახით, სამინისტრო არ აფინანსებდა დებულების 75-ე მუხლში შესული ცვლილებების გამო. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ცვლილებების შესახებ დირექტიული მითითება დეპარტამენტის თავმჯდომარის _ ვ. დ-ას ხელმოწერით, აფხაზეთის შს სამინისტროში გაიგზავნა 1998წ. 15 აპრილს 9/5-592 წერილით მას შემდეგ, რაც იგი უკვე თადარიგში იყო გასული და არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მასზე.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მისი კუთვნილი ერთდროული დახმარების შემცირება მოპასუხის მხრიდან დირექტიული მითითების მიღებამდეც და შემდგომშიც მოკლებული იყო კანონიერ საფუძველს და ითხოვდა მოპასუხისათვის ერთდროული დახმარების დაკისრებას 690 ლარის ოდენობით.

შს სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, ვინაიდან მოთხოვნა წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, იგი უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული გარიგება. ზაკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო გარიგების დადებისას გამოიყენება სკ-ის შესაბამისი ნორმები. სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს. ამასთან, არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი და შს სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთდროული დახმარების _ 690 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი, აფხაზეთის შს სამინისტროს დაეკისრა 790 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას, მოცემულ შემთხვევაში ზაკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით გამოიყენებოდა სკ-ის შესაბამისი ნორმები. სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა შეადგენდა სამ წელს და ამდენად, ვ. ჯ-ის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჯ-მა, რომელამც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 8 ივნისის განჩინებით ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შევიდა ცვლილება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სარჩელი დაკმაყოფილდეს და აფხაზეთის ა/რ შს მთავარ სამმართველოს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 747,80 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ი პენსიაზე გავიდა 1998წ. 1 თებერვალს. თადარიგში გასვლამდე მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 117 ლარს. “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლის თანახმად, ვ. ჯ-ს, როგორც პენსიის მიღების უფლებით სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციის თანამშრომელს, ერთდროული დახმარების სახით ეკუთვნოდა უკანასკნელი ათი თვის ხელფასი, რომელიც ამავე დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთებს, ნამსახურობის დანამატს და სასურსათო ულუფის ღირებულებას. ვ. ჯ-მა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი მიიღო 1998წ. 21 მაისს, ხოლო აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს დაფინანსებაში არსებული დაბრკოლებების გამო, სპეციალური წოდებისათვის დადგენილი განაკვეთი – 2002წ. 21 ივნისს. იმავე დღეს მას განემარტა, რომ აღარ მიიღებდა ნამსახურობის დანამატსა და სასურსათო ულუფის ღირებულებას – 747,40 ლარს. მოსარჩელემ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების მოთხოვნის თაობაზე სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 15 ივნისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს შს ორგანოებში სამასახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლი არ ეწინააღმდეგება ვ. ჯ-ის პენსიაზე გასვლისას მოქმედ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის არსს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს”. ამდენად, როგორც ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, პოლიციის თანამშრომლის ხელფასში გაეთვალისწინებინა სხვა დანამატი, მათ შორის, სასურსათო ულუფის ღირებულება, ხოლო 2000წ. 28 ივნისს “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლში შეტანილი ცვლილებები გავლენას ვერ მოახდენს ვ. ჯ-ისათვის ასანაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების ოდენობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა იმის გამო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ მოხდა აფხაზეთის ა/რ შს სამინისტროს ლიკვიდაცია და იგი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – აფხაზეთის ა/რ შს მთავარი სამმართველოთი, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების პირველ პუნქტში უნდა შევიდეს ცვლილება და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: სარჩელი დაკმაყოფილდეს და აფხაზეთის ა/რ შს მთავარ სამმართველოს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 747,40 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასურსათო ულუფის ნაწილში გაუქმებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ “ დებულების 75-ე მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი.

მოსარჩელის პენსიაზე გასვლამდეც კი არ იყო “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში, კერძოდ, 31-ე მუხლში სასურსათო ულუფის შესახებ მოხსენიებული. აღნიშნულის შესახებ მოხსენიებულია მხოლოდ ზემომითითებული დებულების 55-ე მუხლში, ანუ კასატორი მიუთითებს, რომ სასურსათო ულუფა არის დანამატი, რომელიც პოლიციელმა სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება მიიღოს, მაგრამ არის არა ხელფასის ნაწილი, არამედ მხოლოდ თანხა, რომელსაც პოლიციელი იღებს პოლიციაში სამსახურისათვის.

“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.

შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონს აქვს უპირატესი ძალა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით. სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს უპირატესი ძალის მქონე ნორმატიული აქტი, ანუ “პოლიციის შესახებ” კანონი და არა პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება, რასაც ავალდებულებს კიდეც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 26-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სასურსათო ულუფის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ვ. ჯ-ი მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის .... განყოფილების უფროსად. 1998წ. 1 თებერვლიდან გავიდა პენსიაზე “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ვ. ჯ-ის ყოველთვიური ხელფასი ნამსახურობის გამო თადარიგში გასვლამდე შეადგენდა 117 ლარს. “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 75-ე მუხლის შესაბამისად, შს ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი. ასევე დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ ვ. ჯ-ს თადარიგში გასვლისას აუნაზღაურდა 480 ლარი, რომელიც შეადგენს თანამდებობრივ სარგოსა და სპეციალური წოდების ათი თვის ოდენობას, ხოლო წელთა ნამსახურობის დანამატი და სასურსათო ულუფის ღირებულება არ ანაზღაურებია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას სასურსათო ულუფის ნაწილში და მიუთითებს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობისა და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია.

“საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ). ამავე დებულების 75-ე მუხლი კი ადგენს პოლიციის ორგანოებიდან დათხოვნილთა შეღავათებს, ანაზღაურებას და მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი სოციალური დაცვის ზუსტად იმავე პირობებს განსაზღვრავს პოლიციის თანამშრომლის მიმართ, რაც ზემოთ აღნიშნული დებულების 55-ე მუხლით არის გათვალისწინებული, მხოლოდ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი სასურსათო ულუფის ღირებულებას არ თვლის პოლიციის თანამშრომლის ყოველთვიური ხელფასის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლსა და “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლს შორის არსებობს აზრობრივი წინააღმდეგობა “პოლიციის მუშაკის ხელფასის” ცნების განსაზღვრის ასპექტში. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ორგანოს ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით მისაცემი უკანასკნელი 10 თვის ხელფასში არ შედის სასურსათო ულუფის ღირებულება, ვინაიდან ზემოთ მითითებული დებულების 55-ე მუხლის თანახმად, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევა პოლიციის თანამშრომელს) თანამშრომელი იღებს პოლიციაში სამსახურის დროს და არა პენსიაზე გასვლის შემდეგ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ვ. ჯ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას ეკუთვნის ერთდროული დახმარების _ ულუფის თანხა 480 ლარი და მიიჩნევს, რომ მისი ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სასურსათო ულუფის მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ჯ-ის სარჩელი ერთდროული დახმარების _ ულუფის თანხის _ 480 ლრის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.