Facebook Twitter

საქმე # 010100120003863029

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №674აპ-21 ქ. თბილისი

ხ. დ., 674აპ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. ხ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: საქმეზე დაკითხული პირები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო დაზარალებულის ჩვენება კი საერთოდ ეწინააღმდეგება ყველა სხვა მტკიცებულებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით დ. ხ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

მსჯავრდებულ დ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 8 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

გაუქმდა დ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბ-ში, ზღვისპირა პარკში, რესტორან „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ხ-მ ურთიერთშელაპარაკებისას სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ა. კ-სა და მოწმეების, რესტორან „...“ დაცვის სამსახურის თანამშრომელ გ. კ-სა და პოლიციის თანამშრომლების - ო. ა-სა და მ. მ-ს ჩვენებები, რომლებიც არიან მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები და მათ დაინახეს, თუ როგორ აყენებდა დ. ხ. ა. კ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც მომხდარი შემთხვევისთანავე ადგილზე დააკავეს; ასევე, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ ა. კ-ს სახის არეში, ხელებსა და ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები და მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ა. კ-ს მარცხენა, ზედა ქუთუთოს, მარცხენა თვალბუდისქვედა, მარცხენა მხრისა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო წელის არეში და მარჯვენა მტევნის მიდამოში - ნაჭდევები; ასევე, საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ხ-ს მიერ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებების ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ, ვინაიდან რაიმე არსებითი სხვაობა დაზარალებულისა და მითითებულ, პირდაპირ მოწმეთა ჩვენებებს შორის არ იკვეთება, ისინი იდენტურად გადმოსცემენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მასალებთან, მათ შორის - დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რის შესაბამისადაც, არ არსებობს არანაირი საფუძველი, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების თვალსაზრისით.

10. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულმა ანა კუპრაძემ უარი განაცხადა, რომ მსჯავრდებულ დ. ხ. გავრცელდეს ამნისტია, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი კანონიერად ვერ გავრცელდა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი