საქმე # 010100119003136983
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№675აპ-21 ქ. თბილისი
მ. ზ., 675აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ზ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში - უკანონო და დაუსაბუთებელია. კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ბ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ს. ჯ-ს, ა. ჩ-ს, ე. ბ-ს, გ. დ-ს, ო. წ-ს, ა. ქ-სა და ლ. ც-ს ჩვენებებით, მოწმე მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და დაზარალებულის სხეულის დათვალიერების ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ზ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ.ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 20.. წლიდან 20.. წლის .. ივნისამდე პერიოდში, ქ. ბ-ში, ზ. მ. ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა წინასწარი შეცნობით ორსულ მ. ბ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რის შედეგადაც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
2.2. 20.. წლის .. დეკემბერს ქ. ბ-ში, მ-ს ქ. №..-ში მდებარე №.. ბინაში ყოფნისას, ზ. მ-მ ეჭიანობის ნიადაგზე სახის არეში დაარტყა ხელი წინასწარი შეცნობით ორსულ მ. ბ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რის შედეგადაც დაზრალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 20.. წლის .. იანვარს ქ. ბ-ში, ს. მ-ს ქუჩაზე არსებულ ე.წ ,,..“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. მ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა წინასწარი შეცნობით ორსულ მ. ბ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 20.. წლის .. ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ბ-ში, ს. ხ-ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ზ. მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში ხელის დაარტყმით მ. ბ-ს, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც დაზრალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენით ზ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ზ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 31 დეკემბრისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) და მიესაჯა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ზ. მ.ს ჩაეთვალა მოხდილად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (3 ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის შეფარდებას, თუმცა ყურადსაღებია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ.ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა და, ამდენად, ბრალდების ფარგლებს გაცდენასა და საკასაციო სასამართლოში ზ. მ-ს იმაზე მკაცრი კვალიფიკაციით მსჯავრდებას, ვიდრე ბრალდების მხარე მას ბრალდების შესახებ დადგენილებით ედავებოდა, არ აქვს კანონიერი გამართლება.
10. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ზ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 31 დეკემბრისა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. დაზარალებულმა მ. ბ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: მოწმეების - ს. ჯ-ს, ა. ჩ-ს, ე. ბ-ს, გ. დ-ს, ო. წ-ს, ა. ქ-სა და ლ. ც-ს ჩვენებები, მოწმე მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დაზარალებულის სხეულის დათვალიერების ოქმი, ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან მიმართებით არის, ერთი მხრივ, ირიბი, ხოლო, მეორე მხრივ, არაფრისმთქმელი; რაც შეეხება სასამართლო ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნას, რომელზეც ასევე აპელირებს ბრალმდებელი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. ბ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მხოლოდ საექსპერტო კვლევის აღწერილობით ნაწილში მითითებული დაზარალებულის განმარტებები, რომლებიც სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვით არ შემოწმებულა და რომლებიც, თავის მხრივ, ზოგადი ხასიათისაა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად ვერ გამოდგება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კანონიერი და სამართლიანია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი