Facebook Twitter

საქმე # 110100119002971100

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №676აპ-21 ქ. თბილისი

ჩ. ზ., 676აპ-21 6 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი ემყარება ყალბ ე.წ. “მტკიცებულებებს”, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეს წინააღმდეგობები აღმოფხვრილი არ არის; დაზარალებული კი დაინტერესებული პირია, რომელიც აბრალებს დანაშაულის ჩადენას; რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონდარღვევებით.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ზ. ჩ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა ზ. ჩ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ზ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჩ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.

ზ. ჩ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის ... ოქტომბრის 24:00 საათიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის 02:00 საათამდე პერიოდში, ზ. ჩ. და თ. დ., ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში მცხოვრებ კარლო გაფრინდაშვილს, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ თანხას - 25 ლარს და კარლო გაფრინდაშვილის კუთვნილ „პრაიმის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ კარლო გაფრინდაშვილის, მოწმეების - მ. ბ-ს, ი. ტ-ს, თ. ნ-ს, რ. ა-ს, ლ. კ-ს, რ. ა-ს, ბ. ჩ-სა და სხვათა ჩევენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 6 ოქტომბრის ოქმით, ზ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის 2018 წლის 6 ოქტომბრის ოქმით, ნიმუშების აღების ოქმებით, დაზარალებულ კ. გ-ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, 2018 წლის 8 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

9. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დაზარალებულ კ. გ-ს ჩვენების არგაზიარებისა და საეჭვოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო, დეტალური და სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით - საგამოძიებო მოქმედებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება, რომ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი