საქმე # 080100119003277487
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№690აპ-21 ქ. თბილისი
ო. კ., 690აპ-21 9 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. და გ. ო-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - კ. და გ. ო-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ. და გ ო-ების ბრალეულობას; კასატორის მტკიცებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების დამაჯერებელი განმარტებები, რომ ამოღებული ნარკოტიკები მათ არ ეკუთვნოდათ და პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ კ. ო-ს მიმართ უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რადგან იგი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მსჯავრდებული პირები ამნისტიის საფუძველზე სრულად გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით კ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და კ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 3 ოქტომბრიდან; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. გ ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 3 ოქტომბრიდან; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ო-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დიდი ოდენობით, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, ხოლო გ ო-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით ნასამართლევმა კ. ო-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით, 0,2541 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 0,0894 გრამი უკანონოდ შეინახა სპორტული მოსაცმლის მარჯვენა ჯიბეში, ხოლო დარჩენილი 0,1647 გრამი - ქ-ში, ა-ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში.
3.2. 20.. წლის .. ოქტომბერს თ-ს რაიონის სოფელ ჭ-ში, ... საავტომობილო გზის მე-.. კილომეტრზე, კ. ო-ს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს 0,0894 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო ქ-ში, ა-ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0,1647 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება.
3.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით ნასამართლევმა კ. ო-მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ-ში, ა-ს მე-.. ჩიხის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში. 2019 წლის 3 ოქტომბერს კ. ო-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 0,0113 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვახტანგ ჭუმბურიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულების - კ. და გ ო-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება; კ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და კ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობით მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე დაეკისრა ჯარიმა - 130,84 ლარი; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. გ ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდა და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა კ. და გ ო-ების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - დ. დ-ს, ნ. გ-ს, გ. ხ-ს, კ. ს-ს, ლ. შ-ს, მ. კ-ს, დ. კ-ს, მ. გ-ს, გ. ხ-ს, გ. ტ-სა და თ. თ-ს ჩვენებებიდან, ჩხრეკის ოქმებიდან, ექსპერტიზის დასკვნებიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისისა და 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოწმეების - დ. დ-ს, ნ. გ-ს, გ. ხ-ს, კ. ს-ს, ლ. შ-ს, მ. კ-ს, დ. კ-ს, მ. გ-ს, გ. ხ-ს, გ. ტ-სა და თ. თ-ის მამხილებელი ჩვენებები, რომლებიც მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ხოლო უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ერთობლივად შეფასებისას, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას. ყურადსაღებია, რომ საქმის მასალებით არ დადგენილა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებებში დაეჭვების ობიექტურ საფუძველს გააჩენდა ან/და მათ შესაძლო მიკერძოებაზე დამაჯერებლად მიუთითებდა.
9. მსჯავრდებულ კ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად - ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, კ. ო. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მაგრამ ამ დანაშაულების ჩადენის დროს - 2019 წლის 3 ოქტომბერს იგი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულ კ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მართებულად არ გავრცელდა.
11. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ კ. ო. წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მსჯავრდებული პირები „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე სრულად გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ნასამართლობის არმქონე პირები, რომელმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ ეს გარემოება ვერაფრით შეცვლის იმ მოცემულობას, რომ კ. ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი პირი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, მაგრამ პრინციპულად არასწორია ამნისტიის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორის არგუმენტები არარელევანტურია და ვერ გახდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - კ. და გ ო-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი