Facebook Twitter

საქმე # 050100120003780327

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№691აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი

ფ. ა., 691აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მალხაზ სირაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა და ითხოვს მის შეცვლასა და ა. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში; კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით ა. ფ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 12 იანვრიდან და აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 წლით, 3 თვითა და 13 დღით ადრე, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამდენად, აშკარაა, რომ ა. ფ. განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი პირი და მისი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენით ა. ფ. - დაბადებული ... - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ფ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 6 ივნისიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ფ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისისა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ა. ფ. 2020 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 18:10 საათზე, ... ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე გაჩერებული, შპს „ „ კუთვნილი ,,IVECO-ს“ მარკის (სახელმწიფო ნორმით ....) სატვირთო ავტომანქანის სალონიდან ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, კერძოდ: მაგნიტოფონს, რომელიც სახრახნისისა და ბრტყელტუჩას გამოყენებით მოხსნა, მაგნიტოფონზე მიერთებულ ხმამაღალი კავშირის მოწყობილობას, სალონში არსებული სათავსიდან - ჭიქას, წიგნის შალითას, ბრტყელტუჩას, 2 ქანჩგასაღებს, სახრახნისს, ხელის ფანარსა და წებოვან ფირს, ხოლო სალონის უკანა ნაწილიდან - ლეიბსა და ბალიშს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შპს ,, “ მიაყენა - 290,05 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ფ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება: ა. ფ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან გადაკვლიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; ა. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ფ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 6 ივნისიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა დაცვის მხარეს და სააპელაციო სასამართლომ ა. ფ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებულ, დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი და სამხილების სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებით მართებულად მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულის წარმომადგენლის - გ. ც-ს, მოწმეების - რ. მ-ს, ა. გ-სა და რ. გ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, პირადი ჩხრეკისა და ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომელთა ერთობლიობით სარწმუნოდ დგინდება, რომ 2020 წლის 21 აპრილს ა. გ. შპს ,, „ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა 290,05 ლარად ღირებულ სხვადასხვა ნივთებს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

3. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ფ-ს ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქურდობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ა. ფ-ს დანაშაული შეაფასა, როგორც არაერთგზის ჩადენილი ქურდობა, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლას, მდგომარეობს შემდეგში: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებული ა. ფ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა - 2016 წლის 30 სექტემბერს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დანაწესებიდან გამომდინარე, სწორედ 2016 წლის 30 სექტემბერიდან უნდა ათვლოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების სამწლიანი ვადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ფ-ს ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს - 2020 წლის 21 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბაისად, გაქარწყლებული ნასამართლობა არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ახალი დანაშაულის კვალიფიკაციისას.

5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ მოტივაციას და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით აღნიშნავს:

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

7. ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლობის გაქარწყლების ვადები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით და განსაზღვრულია, რომ ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალა პირობითად) - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული აქვს ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული (მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობითად) ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახე არ შეცვლია უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, არამედ მხოლოდ სასჯელის მოხდის ფორმა შეეცვალა პირობითი მსჯავრით, გაცილებით ადრე დაეწყება ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა, ვიდრე იმას, ვისაც თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), რაც, ერთი მხრივ, უსამართლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, სასჯელების სიმძიმის ზრდადობის მიხედვით დალაგებულ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მკაფიოდ დადგენილი ვადების გამოთვლის წესს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერად გაუმართლებელია სასჯელის ფაქტობრივად მოხდის იმგვარად განმარტება, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება დაიწყოს მანამ, სანამ სასჯელი ფაქტობრივად არ დასრულებულა და არსებობს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მოუხდელი სასჯელის აღსრულების რეალური შესაძლებლობა.

9. სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ნასამართლობის გაქარწყლების ორგვარ წესს: სასჯელის დასრულებისთანავე (პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლისას) და სასჯელის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდიდან - 3; 6 და 8 წლის შემდეგ), მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია სასჯელის დასრულებასთან და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ნასამართლობის გაქარწყლების ვადა მიედინებოდეს დაუსრულებელი სასჯელის პარალელურად.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განაჩენით ა. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2014 წლის 12 იანვრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016 წლის 30 სექტემბერს გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 წლით, 3 თვითა და 13 დღით ადრე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ა. ფ-ს, რომელსაც დარჩენილი სასჯელის - 1 წლით, 3 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, თუმცა სასჯელის მოხდა ამავდროულად არ დაუსრულებია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან - 2018 წლის 12 იანვრიდან - სამი წლის შემდეგ - 2021 წლის 12 იანვარს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2020 წლის 21 აპრილს, რომლისთვისაც იგი ამჟამად მსჯავრდებულია, ზემოაღნიშნული ნასმართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონია.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: სასამართლოში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ ა. ფ-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რისი მხედველობაში მიღებითაც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

12. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ექვსიდან ათ წლამდე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა. ფ-ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ა. ფ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვროს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. ფ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს - 2020 წლის 6 ივნისიდან;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი