Facebook Twitter

საქმე # 020100120003513269

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №692აპ-21 ქ. თბილისი

ქ. გ., 692აპ-21 27 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების - ი. ჯ–სა და რ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ქ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. გ. ქ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში, ქალაქ ზ–ში, ........ის ქუჩის მე- შესახვევის №..-ში მდებარე გ. ქ–ს საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკის ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ სამსახურებრივ უნიფორმებში ჩაცმული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ............ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კერძოდ: დეტექტივების სამმართველოს უფროსი ა. ხ–ა, დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე დ. გ–ა, დეტექტივ-გამომძიებელი გ. რ–ე, დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი გ. შ–ა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვ. ბ–ა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ს. გ–ა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ. ბ–ი და ამავე დეპარტამენტის .........ის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დ. მ–ა. გ. ქ–მ, მის საცხოვრებელ სახლში გამოცხადებული პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე, გააცნოებიერა, რომ შესაძლოა იგი ემხილათ დანაშაულის ჩადენაში. მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად, საქამრიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ზემოხსენებული პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მიზნით, პოლიციის თანამშრომლების მიმართ განახორციელა სამი გასროლა. მიუხედავად იმისა, რომ გ. ქ–მ პოლიციის თანამშრომლების: ა. ხ–ს, დ. გ–ას, გ. რ–ს, გ. შ–ას, დ. მ–ას, მ. ბ–ის, ს. გ–ასა და ვ. ბ–ას მიმართულებით, მათი სიცოცხლის მოსპობის მიზნით, დამიზნებით სამჯერ გაისროლა, მაინც ვერ შეძლო თავისი განზრახვის ბოლომდე მიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ. ქ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებითაც მან 2020 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქალაქ ზ–ი, ...........ის ქუჩის მეოთხე შესახვევის №...-ში, განახორციელა სამი გასროლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ........... პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების: ა. ხ–ს, დ. გ–ას, გ. რ–ს, გ. შ–ას, ს. გ–ას, ვ. ბ–ასა და მ. ბ–ის მიმართულებით.

გ. ქ–ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა საქამრით 2020 წლის 17 იანვრამდე. მითითებულ დღეს, ღამის საათებში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქალაქი ზ–ი, ..........ის ქუჩის მეოთხე შესახვევის №..-ში, გ. ქ–მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა სამი გასროლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ..................ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების: ა. ხ–ს, დ. გ–ას, გ. რ–ს, გ. შ–ას, ს. გ–ას, ვ. ბ–ას და მ. ბ–ის მიმართულებით, რის შემდეგაც იარაღი დააგდო მეზობლის ს. გ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

გ. ქ–ს ქმედება საქართვლოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 20 იანვრიდან. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი ნინო ჟვანია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, ხოლო განაჩენის სხვა ნაწილის უცვლელად დატოვებას; დაცვის მხარე - გ. ქ–ს გამართლებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ქ–ს ქმედება საქართვლოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

გ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 16 წლით თავისუფების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 20 იანვრიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა - ი. ჯ–მ და რ. მ–მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ გ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე 399აპ-19); საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.....ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011).

9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების - ი. ჯ–სა და რ. მ–ს მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში გ. ქ–ს ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების - პოლიციის თანამშრომლების: ა. ხ–ს, დ. გ–ას, დ. მ–ას, გ. რ–ს, ვ. ბ–ას, მ. ბ–ის, ს. გ–ას, გ. შ–ას ჩვენებები; მოწმეების: დ. კ–ს, ს. გ–ს, რ. ბუ–ს, ა. კ–ს გამოკითხვის ოქმებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 22 იანვრის .... დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის 63/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 23 იანვრის ........ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის ...... ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 24 თებერვლის №.......... ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.

10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ან/და მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ხელყოფა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს რომ ხელყოფა პოლიციელზე განპირობებული იყო და უკავშირდებოდა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ. ქ–მ მის საცხოვრებელ სახლში სამსახურებრივ უნიფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით, მათ მიმართულებით სამჯერ განახორციელა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

12. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ უნიფორმა წარწერით - „პოლიცია“; დაზარალებულ დ. მ–ს განმარტებით, როდესაც ჭიშკარს აღებდა, გ. ქ–მ ამოიღო იარაღი, დაზარალებულმა უთხრა არ ესროლა მათთვის, რადგან დ. მ–ა და პოლიციელები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად გ. ქ–მ მათი მიმართულებით სამჯერ გაისროლა. დაზარალებულ დ. მ–ს მიერ აღწერილი ფაქტები ანალოგიურად აღწერეს დაზარალებულებმა - პოლიციის თანამშრომლებმა: ა. ხ–მ, მ. ბ–მ, გ. შ–ამ, გ. რ–მ, ს. გ–მ, დ. გ–მ და ვ. ბ–მ. პოლიციის მიმართულებით გ. ქ–ს არაზუსტი გასროლები არ გამორიცხავს მსჯავრდებულის განზრახვას და ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების საფუძველი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მისვლა გ. ქ–ს საცხოვრებელ სახლში უკავშირდებოდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას - მსჯავრდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების მიზანს, რა დროსაც, გ. ქ–მ სამსახურებრივ უნიფორმაში ჩაცმული პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების დანახვისთანავე ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი და განახორციელა მათი მიმართულებით სამი გასროლა.

13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის №355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის №658აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 30 ივნისის №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების - ი. ჯ–სა და რ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე