საქმე # 330100121004558610
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №697აპ-21 ქ. თბილისი
პ. გ., 697აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. პ–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გ. პ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 19 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი..........ს სამმართველოს მე-.. განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოიცა №......... შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს, გ. პ–ს, 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - ნ. მ–სთან მიახლოება, კერძოდ, გ. პ–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აგრეთვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სხის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2021 წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, ნ. მ–სე იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ. თ–ი, ........ გამზირი, კორპუსი №..., ბინა №...-ში, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა გ. პ–მ, თუმცა ნ. მ–მ არ უპასუხა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი იმ მოტივით, რომ ნ. მ–ს, გ. პ–ს შეხედულებით არ ჰქონდა უფლება თავად მიეღო გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება, დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია და გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - უსაყვედურა შემაკავებელი ორდერის გამოცემის გამო, აგრეთვე სთხოვდა, რომ მოეხსნა აპლიკაცია „მესენჯერზე“ აკრძალვა, რითაც გ. პ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით:
გ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
გ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 25 მარტიდან 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით პერიოდი. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდა.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. პ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ზ. მ–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. პ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. პ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. პ–ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს2017 წლის 22 ივნისის განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ( გამოსაცდელი ვადა სრულდებოდა 2021წლის 6 ივლისს), საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს რეციდივს. რეციდივის არსებობისას, თუკი მსჯავრდებულს სასჯელად ენიშნება თავისუფლების აღკვეთა, მაშინ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულისთვის დანიშნული რეალური სასჯელის ზომა ერთი წლის ვადით მაინც უნდა აღემატებოდეს კონკრეტული დანაშაულისათვის კანონით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზომას. მაგრამ თუ კონკრეტული დანაშაულისთვის სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას შეიძლება გადააჭარბოს რეციდივის წესით დანიშნულმა სასჯელმა, მაშინ მსჯავრდებულს სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მხარეტა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. პ–ს მიერ დანაშაულის ცადენა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით. საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშნვისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის სპეციფიკას და ვინაიდან საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გასაჩივრებული განაჩენით გამოყენებულია სასჯელის ნაწილობრივი შეკრება, მოცემულ შემთხვევაში საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშნვის კანონისმიერი საფუძველი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი