საქმე # 330100120003793175
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №700აპ-21 ქ. თბილისი
დ–ა ნ., 700აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. დ–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ნ. დ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ნ. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
2020 წლის 16 ივნისს, შუადღით, თ–ში, ც–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ნ. დ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ. დ–ს. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით წამოიწყო კონფლიქტი და სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განაჩენით ნ. დ–ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ნ. დ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ნ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. 2020 წლის 16 ივნისის №...... შემაკავებელი ორდერის თანახმად, ნ. დ–ს აეკრძალა მ. დ–სიასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლებს მიაწოდა დაზარალებულმა - მ. დ–მ; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით; მასში არ არის მითითებული ფიზიკური ძალადობის შესახებ.
10. დაზარალებულმა - მ. დ–მ (გამართლებულის და) და მოწმეებმა - ნ. მ–მ (გამართლებულის დედა), მ. დ–მ (გამართლებულის მამა) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - ნ. დ–ს წინააღმდეგ.
11. სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები: ა. ჭი–ი და ი. გ–ე არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ა. მ–ე არის გამომძიებელი. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები. მათი ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულისგან. ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის კი დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ნ. დ–ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. დ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ.გაბინაშვილი