საქმე # 010100120004219127
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №710აპ-21 ქ. თბილისი
თ. ე., 710აპ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერაბიშვილიმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მის მიმართ სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, მართალია, დაზარალებულმა ნ. ბ-მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და ჩვენება არ მისცა თავისი შვილის - ე. თ-ს წინააღმდეგ, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების - მ. ჯ-ს, ნ. ბ-სა და რ. ს-ს ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ე. თ-მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. თ-ს ბრალი დაედო ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე. თ-ს მიმართ ბრალად წარგდენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის .. ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ-ში, ს-ს ქ. N...-ში მდებარე ბინა N..-ში, ალკოჰოლით მთვრალი ე. თ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, დედას - ნ. ბ-ს, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით ე. თ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ე. თ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.
გამართლებულ ე. თ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერაბიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ე. თავდგირიძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთისთან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ე. თავდგირიძის მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ე. თ-მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ:
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ბ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, შვილის - ე. თ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ისევე როგორც ე. თ-ს დამ - თ. თ-მ. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - მ. ჯ-ს, ნ. ბ-სა და რ. ს-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რის გამოც წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, ისევე როგორც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი