საქმე # 160100120004017818
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №717აპ-21 ქ. თბილისი
გ. ნ. 717აპ-21 13 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ, გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტყ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ, გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ, გ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მუქარის ბრალდების ნაწილში ნ. გ-ს დანაშაული არ ჩაუდენია; დაზარალებულ ე. გ-ს ჩვენებაში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების მიუხედავად, სასამართლომ მაინც გაიზიარა მისი ჩვენება, რაც საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს; დაზარალებულის ჩვენებით არ დგინდება, გაუჩნდა თუ არა მას საფუძვლიანი შიში; რაც შეეხება სასჯელს, ძალადობის ნაწილში ნ. გ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რისი გათვალისწინებითაც მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენით ნ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 8 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ნ. გ.ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- 20.. წლის .. სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. მ-ში, გ. ყ-ს ქუჩა N..-ში მდებარე გ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე, სახლიდან გაგდების მიზნით, ნასვამმა ნ. გ-მ ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ფიზიკურად არაერთხელ იძალადა თავის შვილზე - ე.გ-ზე, კერძოდ: ნაჯახი, რკინის გვერდით დაარტყა მარცხენა მაჯის მიდამოში, რის გამოც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
- 20.. წლის .. სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. მ-ში, გ. ყ-ს ქუჩა N..-ში მდებარე გ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე, სახლიდან გაგდების მიზნით, ნასვამმა ნ. გ-მ ფიზიკურად იძალადა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ე.ვ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ.-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ, გ.ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ნ, გ-ს ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, ვინაიდან ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ნ, გ-ს ბრალეულობა ბრალდების მითითებულ ნაწილშიც დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, კერძოდ:
10. მართალია, დაზარალებულმა ე. გ-მ სასამართლოში დაკითხვისას, თავდაპირველად უარყო მამის მხრიდან მუქარის ფაქტი, მაგრამ აღნიშნული დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ. ამასთან, მუქარის ფაქტი, გარდა სუბიექტური კრიტერიუმის - დაზარალებულის ჩვენებისა, ასევე დასტურდება ობიექტური კრიტერიუმებითაც, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, როგორებიცაა დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რომლებიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავო მტკიცებულებებად. გარდა ამისა, დაცვის მხარეც ადასტურებს, რომ ნ. გ. იყო ნასვამი და ხელში ეჭირა ნაჯახი, ხოლო დაზარალებულ ე. გ.ს ჩვენებით კი დგინდება, რომ მას ნ, გ.-მ მოუქნია ნაჯახი, რომელიც მოხვდა მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, მამამისი აგრესიულად ეძახდა, რომ მოკლავდა და თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ დროს მან თავდაცვის მიზნით აიღო ხის სკამი და როდესაც მამამისი მეორედ აპირებდა ნაჯახის დარტყმას, დაასწრო და ნ. გ-ს თავში დაარტყა სკამი, რის შედეგადაც იგი წაიქცა აივანზე და ხელიდან გაუვარდა ნაჯახი. ყოველივე აღნიშნული კი ნათლად ადასტურებს, რომ ე. გ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მისი მოქმედებები განაპირობა სწორედ თავდასხმისა და მუქარის აღკვეთის მიზანმა.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულ ნ, გ.ს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც კასატორი საკასაციო საჩივარში აპელირებს, არამედ, ასევე - მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, დანაშაულის სახე და ხერხი, კერძოდ: ის გარემოებები, რომ ნ, გ. წარსულში ნასამართლევია ასევე ოჯახში ძალადობისთვის და მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაულები, ამასთან, მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი (სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებასთან მიმართებით), აგრეთვე ისიც, რომ მსჯავრდებული იყო ნასვამი და დაზარალებულზე ძალადობდა ნაჯახის გამოყენებით, რასაც შეეძლო მძიმე შედეგის გამოწვევა და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ, გს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი