საქმე # 160100120003752113
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №733აპ-21 ქ. თბილისი
ს. ა, 733აპ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო თუ ამ მოთხოვნას საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს, ალტერნატივის სახით მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით:
განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ არის ა. ს-ს ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება; სასამართლოებმა იხელმძღვანელეს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია და არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმეს.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენით ა. ს., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ა ს.ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსაჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. ს-ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ა. ს-ს დანიშნული სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 18 ივნისიდან.
გაუქმდა ა ს-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
ა. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის .. ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ დ. გ-ში, თავიანთ მფლობელობაში არსებული სახლის აივანზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ს-მ, შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა, სახეში გაშლილი ხელის დარტყმითა და აივანზე მიჯახებით, ფიზიკურად იძალადა დედაზე - ბ. ს-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ს-ს მიმართ განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა ს.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი