საქმე # 330100119002791853
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №771აპ-21 ქ. თბილისი
ლ–ი ი., 771აპ-21 28 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1 ი. ლ–ს, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ი. ლ–სისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ოქტომბრიდან, მ. რ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი. ლ–სთან, თავდაპირველად, ისინი ცხოვრობდნენ ი. ლ–სის მშობლებთან - ს. ლ–სთან და მ. ჩ–სთან ერთად, ხოლო შემდგომ ქირით ქ. თ–ში, ვ......, ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. 2017 წლიდან, ი. ლ–ი სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს მეუღლეზე - მ. რ–იზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებს მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს, მიმართავს უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი თავს გრძნობს დამცირებულად, განიცდის ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
2017 წლის ნოემბერში, ქ.თ–ში, .......... , ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–სმა მ. რ–ის მიმართ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა იგი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ტანჯვა განიცადა და თავი დამცირებულად იგრძნო.
2017 წლის დეკემბერში, მ. რ–ი და ი. ლ–სი მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ამ უკანასკნელმა მ. რ–ის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა მას დედის მისამართით, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. იმავდრულად, ორივე ხელი მკლავზე ძლიერად მოკიდა და აჯანჯღარებდა, რა დროსაც მ. რ–ი ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა, აღნიშნულის შემდეგ, მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ქუჩაში, სახეში ერთხელ ძლიერად გაარტყა ხელი. ი. ლ–სის ქმედებების შედეგად, მ. რ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად - ტანჯვა.
2018 წლის თებერვალში, ქ.თ–ში, ......... .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში შესვლისთანავე მ. რ–ის მეუღლემ მიმართა უხეში სიტყვებით, მივარდა მას, მკლავში ხელი მოკიდა და დივანზე მიაგდო, რა დროსაც კეფის არე მიარტყა კედელს. ი. ლ–ი გამეტებით, ძლიერად ურტყამდა მ. რ–ის სახეში ხელებს. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ი. ლ–ი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, სახეში ხელებს ურტყამდა. მასვე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოიხსენიებდა უშვერი და უცენზურო სიტყვებით. ი. ლ–ს ქმედებების შედეგად, მ. რ–მა განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.
2018 წლის მარტში, ქ.თ–ში, ....... .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ ი. ლ–სი, ს. ლ–ი და მ. რ–ი. სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო ი. ლ–სი გამუდმებით საყვედურობდა და შენიშვნებს აძლევდა მეუღლეს, გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას და საძინებელ ოთახში ყოფნისას ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მას. სიტუაციის განმუხტვის მიზეზით მ. რ–ი სამზარეულო ოთახში გავიდა, სადაც გაყვა ი. ლ–ი, სადაც კვლავ ურტყამდა სახეში ხელებს. იმავდროულად, მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. ი. ლ–სი არ ჩერდებოდა, განაგრძობდა მეუღლის ცემას, სანამ ს. ლ–მა არ განარიდა იგი მ. რ–ის. ი. ლ–ს ქმედებების შედეგად, მ. რ–იმა თავი დამცირებულად იგრძნო, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2018 წლის მაისში, ქ.თ–ში, ........... .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–მ მ. რ–ის, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავში რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა ხელი, რა დროსაც მ. რ–მ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
2018 წლის სექტემბრის დასაწყისში, ქ.თ–ში, ........... ..., ...-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №...-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში ი. ლ–მ მ. რ–ის, პირველი ქორწინებიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნ. ს–ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, უცენზურო და უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მის არასრულწლოვან შვილს, აფურთხებდა მას და იწევდა მისკენ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად, თუმცა აღნიშნულის შესაძლებლობა იქ მყოფმა ი. ლ–ს მეგობარმა არ მისცა. ი. ლ–ს ქმედებით, მ. რ–ი თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. თ–ში ........... .., ...-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–ი მეუღლის მშობლებს უცენზურო და უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა, რაზეც პრეტენზია გამოთქვა მ. რ–იმა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ი. ლ–მ სახეში „ნაბეღლავი“ შეასხა მ. რ–ის, რითაც დაამცირა იგი და ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელები და იმავდროულად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც ფსიქოლოგიურად იძალადა მასზე. ი. ლ–სის ქმედებების შედეგად, მ. რ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2018 წლის მარტში, ქ.თ–ში, ........... .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–სი მეუღლეს - მ. რ–ის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2018 წლის ოქტომბერში, ქ.თ–ში, .......... .., ...-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–ი მეუღლეს - მ. რ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2018 წლის 18 ნოემბერს, ქ.თ–ში, ........ .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინაში, ი. ლ–ი და ს. ლ–ი დაემუქრნენ ოჯახის წევრს - მ. რ–ის მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. მ. რ–ის გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 18 ნოემბერს, ქ.თ–ში, ვარკეთილი .., ..-ლი მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, მეუღლემ - ი. ლ–ა და მამამთილმა - ს. ლ–მ მ. რ–ის, მისი არასრულწლოვანი შვილის - ნ. ს–ს თანდასწრებით, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ი. ლ–ა მ. რ–ის ორივე მკლავზე ძლიერად მოკიდა და აჯანჯღარებდა და თან აგინებდა და აფურთხებდა. ამ დროს ნ. ს–ი ტიროდა და ეხვეწებოდა ი. ლ–ს დედის ცემა შეეწყვეტა. მ. რ–ი შევარდა საძინებელ ოთახში და ცდილობდა ნ. ს–ს დამშვიდებას, რა დროსაც ს. ლ–სი და ი. ლ–სი განაგრძობდნენ მ. რ–ის ლანძღვას, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აგინებდნენ მას. საძინებელი ოთახიდან გამთენიისას გამოსულ მ. რ–ის, არასრულწლოვანი ნ. რ–ს თანდასწრებით, ი. ლ–მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში გაშლილი ხელი დაარტყა და თმებით ითრია. ამავე ვითარებაში, ს. ლ–სმა რამდენჯერმე შეაფურთხა მ. რ–ის, რითაც დაამცირა იგი და ორივე მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი. ი. ლ–სისა და ს. ლ–სის ქმედებების შედეგად მ. რ–ი თავს დამცირებულად გრძნობდა, განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
1.2 ს. ლ–ს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ს. ლ–სისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 ნოემბერს, ქ. თ–ში, .......... , .. მიკრორაიონი, მე-... კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ს. ლ–ი რძალს - მ. რ–ის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 18 ნოემბერს, ქ. თ–ში, ......... .., .. მიკრორაიონი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უსაფუძვლო მიზეზით, მეუღლემ - ი. ლ–მ და მამამთილმა - ს. ლ–მ მ. რ–ის, მისი არასრულწლოვანი შვილის - ნ. ს–ს თანდასწრებით, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ი. ლ–სმა მ. რ–ის ორივე მკლავზე ხელი ძლიერად მოკიდა და აჯანჯღარებდა და თან აგინებდა და აფურთხებდა. ამ დროს, ნ. ს–ი ტიროდა და ეხვეწებოდა ი. ლ–ს დედის ცემა შეეწყვიტა. მ. რ–ი შევარდა საძინებელ ოთახში და ცდილობდა ნ. ს–ს დამშვიდებას, რა დროსაც ს. ლ–სი და ი. ლ–ი განაგრძობდნენ მ. რ–ის ლანძღვას, უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აგინებდნენ მას. საძინებელი ოთახიდან გამთენიისას გამოსულ მ. რ–ის, არასრულწლოვანი ნ. ს–ს თანდასწრებით, ი. ლ–მ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში გაშლილი ხელი დაარტყა და თმებით ითრია. ამავე ვითარებაში, ს. ლ–მ რამდენჯერმე შეაფურთხა მ. რ–ის და ორივე მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი. ს. ლ–სისა და ი. ლ–სის ქმედებების შედეგად, მ. რ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ი. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის და 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ლ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 19 ნოემბრიდან - 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
2.2 ს. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. ლ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 19 ნოემბრიდან - 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ:
3.1. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ლ–ს დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და ი. ლ–სისა და ს. ლ–სისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
3.2. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა, ი. ლ–სისა და ს. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ლ–სის დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და ი. ლ–სისა და ს. ლ–სის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ლ–სის გამართლება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის და 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდება განაპირობეს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).
9. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის და 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა; ვინაიდან აღნიშნული ბრალდების ნაწილში საქმეში წარმოდგენილი არ არის არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება. დაზარალებულებმა - მ. რ–მ და ნ. ს–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ი. ლ–ს და ს. ლ–ს წინააღმდეგ. ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ი. ლ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის მარტის თვის და 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.
11. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაუნიშნა სასჯელი ი. ლ–სა და ს. ლ–ს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ლ–სა და ს. ლ–სს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი