საქმე # 160100120003805959
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №813აპ-21 ქ. თბილისი
ჩ–ი ი., 813აპ-21 15 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჩ–ს, - - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ი. ჩ–სთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 10 ივლისს, დილის საათებში, ქ. მ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ჩ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი. ჩ–მ ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, სახეში ორჯერ გაშლილი ხელის გარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ნ. ჩ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. მ-ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ჩ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი. ჩ–მ ფულის თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ნ. ჩ–ს. მან სამჯერადად მუშტი და ორჯერ გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, მარცხენა მკლავი დაუკაწრა ფრჩხილებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა - ნ. ჩ–მ, განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. მ–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე ჩ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ი. ჩ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, დააზიანა ნ. ჩ–ს კუთვნილი „ფორდის“ მარკის ევაკუატორის (79 ლარად ღირებული) საქარე მინა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ნ. ჩ–ს, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ი. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 წლისა და 6 თვის ვადით, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ი. ჩ–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 17 ივლისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარემ:
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - ი. ჩ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 წლისა და 6 თვით, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ჯარიმა 2000 ლარი.
ი. ჩ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 17 ივლისიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას სრულად წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).
9. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
10. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
11. საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება. დაზარალებულმა - ნ. ჩ–მ, გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (შვილის) - ი. ჩ–ს, წინააღმდეგ. ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს ი. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.
12. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შეუმსუბუქა სასჯელი ი. ჩ–ს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ჩ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR ,18/07/2006).
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი