Facebook Twitter

საქმე # 330100121004650030

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1014აპ-21 ქ. თბილისი

ჯ. გ., 1014აპ-21 16 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შეცვლას იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი მას აეთვალა 2020 წლის 19 ივნისიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან უნდა გათავისუფლდეს 2021 წლის 19 დეკემბერს, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შემჭიდროებულ ვადაში უნდა განიხილოს საჩივარი, რათა თავიდან აიცილოს მისი უკანონო პატიმრობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით გ. ჯ., - დაბადებული ... - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რომლის ნაწილი - 3 წელი და 9 თვე განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 3 თვე - ჩათვლილი პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ნაწილი - 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ჯ-ს სასჯელი აეთვალა 2020 წლის 19 ივნისიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მ ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით. 2018 წლის 5 ნოემბერს გ. ჯ-ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეეცვალა - 2000 ლარიანი ჯარიმით, რომელიც არ გადაუხდია, ხოლო 2019 წლის 1 მაისს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა - 3 თვით.

3.2. 2019 წლის 8 მაისს განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ჯ. ... მიმდებარედ, ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც იმის მხედველობაში მიღებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით და გ. ჯ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის გარეშე, მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჯ-სათვის განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი შთანთქას არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა, არამედ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ და გ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2020 წლის 19 ივნისიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გნაჩენის კანონიერება, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, პირადი გასინჯვისა და ნივთის გასინჯვის № ოქმი, საქართვეოს შსს საექსპერტო-კრმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის № დასკვნა, მოწმეების - გ. ბ-სა და ლ. მ-ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ჯ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მითითება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი იყო გასაჩივრებული, ამდენად, საქმეზე არ იყო მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს იგი მხედველობაში არ უნდა მიეღო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას და განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე, რისი მხედველობაში მიღებითაც მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი შესული იყო კანონიერ ძალაში და იგი დაუყოვნებლივ უნდა მიქცეულიყო აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი გასაჩივრებული იყო საკასაციო წესით.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარი და წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, ერთი მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და იმ მოტივით შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტლება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. ჯ-ს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 დეკემბრის განაჩენთან ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც იყო გასაჩივრებული და მოგვიანებით შეცვალა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო, მეორე მხრივ, თავად გაიმეორა იგივე და გ. ჯ-ს ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენთან ერთობლიობით განუსაზღვრა საბოლოო სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ასევე გასაჩივრებული იყო საკასაციო წესით და საბოლოოდ, სწორედ სასჯელის ნაწილში შეცვალა საკასაციო სასამართლომ, კერძოდ:

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბერის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ჯ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი და 6 თვე; გ. ჯ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა - 2020 წლის 19 ივნისიდან.

8. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის გასაჩივრებული განაჩენით მივიღეთ მოცემულობა, როდესაც განაჩენთა ერთობლობით გ. ჯ-სათვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და გ. ჯ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბერის განაჩენით შეცვლილია და ბუნებაში პირველადი მოცემულობით აღარ არსებობს.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსრულებელი სამართალწარმოებისას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად შესაძლებელია მხოლოდ ისეთ განაჩენთან ერთობლივად, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოოც (გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის რეალური საფრთხე, რაც დაუშვებელი და გაუმართლებელია.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრედებულის მიერ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გაუქმებული ან შეცვლილი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, რაც თვალნათლივ გამოიკვეთა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს განაჩენის აღსრულების წესს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ მიუთითებია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის რომელი ნაწილის გამოყენებით განუსაზღვრა გ. ჯ-ს საბოლოო სასჯელი და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ცალსახად გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა.

12. ამდენად, გ. ჯ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბოლო განაჩენით შეფარდებული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი უნდა შთანთქას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის მიერ ისეთი სასჯელის მოხდის თავიდან ასარიდებლად, რომელიც აღარ არსებობს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯოს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი და 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯოს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 1 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 წელი და 6 თვე;

5. გ. ჯ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 16 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2020 წლის 19 ივნისიდან 2021 წლის 16 დეკემბრამდე;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი