საქმე # 120100120003995225
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №773აპ-21 ქ. თბილისი
კ. თ., 773აპ-21 23 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და თ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას შემდეგი მოტივებით: მისთვის განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, რაც იწვევს დაუსჯელობის განცდას და შესაძლებელია წამახალისებელიც აღმოჩნდეს მსჯავრდებულისათვის; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. კ-მ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მას არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით თ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების გამოყენებით, ბოლო განაჩენით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
გაუქმდა თ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ე. თ-ს, თ. თ-ს, მ. თ-ს, მ. გ-ს და მ. თ-ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ...).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ.მ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის ივლისში ბ-ს სატყეო უბნის ჩ-ს სატყეოს მე-.. კვარტლის ..-ე ლიტერში, თ. კ.მ უკანონოდ გაჩეხა 28,74 კუბმეტრი მოცულობის წიწვოვანი ჯიშის, მეორე ხარისხის 9 ძირი ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 1872,36 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და თ. კ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. კ.-სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (თ. კ.მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელშიც თავი დამნაშავედ ცნო, აღიარა და გულწრფელად მოინანია, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. კ.ს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, ვინაიდან არსებობდა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლები, თ. კ.ს განსაზღვრული სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გაუქმება და სასჯელის დამძიმება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი