საქმე # 050100119002829617
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №776აპ-21 ქ. თბილისი
ზ. გ., 776აპ-21 23 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ მალხაზ სირაძემ. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:
განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან; დაზარალებულ მ. ვ- ს ჩვენებით დგინდება, რომ ალექსანდრე ზ. გ. ზ-ს შეჩერებას კი არ ცდილობდა, არამედ - მასთან ერთად სცემდა დაზარალებულს, რაც ასევე დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - ს. მ-ს ჩვენებითაც, რომელიც განმარტავს, რომ გ. ზ-ს გარდა, მ. ვ-ს ასევე სცემდა ა. ზ-ც.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ზ-ს ბრალი დაედო ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).
გ. ზ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 19:00 საათიდან 19:20 საათამდე დროის შუალედში, ქ. ო-ში, ე-ს ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „...“ მიმდებარედ, გ. ზ-მ თავის ძმასთან - ა. ზ-სთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. ვ-ს, კერძოდ: მ. ვ. ე-ს ქუჩაზე გადაადგილდებოდა თავისი მიკროავტობუსით. მას სავალი გზის გამო შელაპარაკება მოუხდა გ. ზ-სთან, რა დროსაც გ. ზ-მ მ. ვ-ს დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, გადმოაგდო მიკროავტობუსიდან და დაუწყო ფეხით ცემა მუცლის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. ზ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
გ. ზ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გ. ზ., რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული და რომელიც არ განეკუთვნება ოჯახურ დანაშაულს, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
გაუქმდა მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. აპელანტმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ზ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. ზ-ს დანაშაული არ ჩაუდენია ჯგუფურად, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, კერძოდ:
9. დაზარალებულმა მ. ვ-მ მოწმის სახით დაკითხვისას ვერ დააკონკრეტა, ურტყამდა თუ არა მას გ. ზ-ს თანმხლები მეორე პირი. მან განმარტა, რომ ზუსტად არ იცოდა და შესაძლოა, მეორე პირი აშველებდა კიდეც მათ: ,,იქნებ მაშველებდა, კი არ ვიცი ზუსტად, მე რას დავინახავდი მიწაზე დაგდებული, ...ის მეორე შეიძლება ისე მკიდებდა ხელს გასაშველებლად, მე დაწოლილი მაგას ვერ გავარჩევდი’’. რაც შეეხება მოწმე ს. მ-ს ჩვენებას, რომელიც ასევე მომხდარი ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირია, ვერც აღნიშნული მოწმე უთითებს ცალსახად, რომ დაზარალებულს ფიზიკურ შეურაცხყოფას ა. ზ-ც აყენებდა. მოწმე აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ზ. თავის ძმას „აკავებდა“ და გაშველების დროს მ. ვ-ს ა-ს ხელი რამდენჯერმე მოხვდა, მაგრამ განზრახ გააკეთა მან ეს თუ არა - არ იცის. სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება რაც ქმედების ჯგუფურად ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოიქმნა საფუძვლიანი ეჭვი გ. ზ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი