საქმე # 330802221005204169
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№448I-21 ქ. თბილისი
რ. შ., 448I-21 2 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების – შ. რ-სა და შ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ. რ-სა და შ. რ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2016 წლის 14 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. რ. და შ. რ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
2018 წლის 15 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე-16 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ განაჩენში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც შეიცვალა ქმედების კვალიფიკაცია და შედეგად, შ. რ-სა და შ. რ-ს მსჯავრი დაედოთ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის იარაღის მიწოდება/უზრუნველყოფა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად, რის შემდეგაც განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
2018 წლის 9 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოსცა შ. რ-სა და შ. რ-ს დაკავების შესახებ ბრძანებები.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
,,ქურთისტანის მუშათა პარტია” (PKK/KCK) და მასთან ორგანულად დაკავშირებული მყოფი ,,ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები” (TAK) წარმოადგენენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომელთა ძირითად მიზანსაც შეადგენს ტერორისტული აქტებითა და ბრძოლის სხვა მეთოდების გამოყენებით მოახდინონ თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაცია და საბოტაჟი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, მოსახლეობის დაშინება და სხვ. აღნიშნული ორგანიზაციების ანგარიშზე ირიცხება თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული არაერთი ტერორისტული აქტი.
საექსტრადიციო მასალის თანახმად, 2012 წლის 9 აგვისტოს თურქეთის რესპუბლიკის .. გამზირზე გადაადგილდებოდა ფოჩას საზღვაო სამხედრო სამმართველოს დაქვემდებარებული სამხედრო სატრანსპორტო მანქანა, რა დროსაც დაახლოებით 08:07 საათზე გზის მარცხენა მხარეს ამოქმედდა დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე, თხუთმეტი კი მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით, დაახლოებით 08:17 საათზე, შემთხვევის ადგილიდან 10-15 მეტრის დაშორებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სამხედრო მოსამსახურეების მისვლის შემდეგ, ამოქმედდა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც დამატებით დაშავდა ექვსი ადამიანი. შემდგომში, 2012 წლის 12 აგვისტოს, ,,ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელში (ANF) გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ზემოხსენებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო ,,ქურთისტანის თავისუფლების შევარდნების” სახელით ცნობილმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ.
ზემოხსენებული ტერორისტული აქტი დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგნაირად: 2011 წელს PKK/KCK-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, ჰ. დ-თან ერთად, ჩავიდნენ თურქეთის რესპუბლიკის .. ოლქში, სადაც ჰ. ქ-მ მოცემული პირები მიიყვანა თავისი ნათესავის - შ. რ-ს საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც ამ პირებმა, შ. და შ. რ-ებთან ან ერთად, ამ უკანასკნელის სახლიდან დაახლოებით 250 მეტრის მოშორებით, შენახვის მიზნით, მიწაში დამარხეს თან მოტანილი იარაღი და ასაფეთქებელი მასალები.
აღნიშნულის შემდეგ, 2012 წელს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა - ი. ჩ-მ და ბ. ბ-მ, რომლებიც სირიის არაბულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, მიიღეს დავალება თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის განხორციელების თაობაზე და ამ მიზნით ჩავიდნენ თურქეთის რესპუბლიკის .. ოლქში. მითითებულ პირებს გზაში შეხვდა ჰ. დ. და ისინი შ. რ-ს სახლში მიიყვანა, რის შემდეგაც მათ, შ. და შ. რ-ებთან ერთად, ამოიღეს წინასწარ დამარხული და შენახული ასაფეთქებელი მასალები და იარაღი. შემდგომ, შ. რ-მ ბაინდირის ოლქში შეიძინა და ი. ჩ-სა და ბ. ბ-ს ბომბის ასაწყობად გადასცა ქანჩი, ბატარეა, ლენტი და სხვა მასალები, ხოლო შ. რ-მ შეიძინა მობილური ტელეფონი და გამოსაყენებლად გადასცა ამავე პირებს. მოგვიანებით შ. და შ. რ-ებმა ი. ჩ. და ბ. ბ. ავტომანქანებით წაიყვანეს და დატოვეს .. ოლქში, სადაც ამ უკანასკნელებმა 2012 წლის 9 აგვისტოს განახორციელეს ზემოაღნიშნული ტერორისტული აქტი. ამასთან, მითითებული ქმედებების ჩადენამდე შ. და შ. რ-სათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ დასახელებული პირები წარმოადგენდნენ ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს.
3. შ. რ-სა და შ. რ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 23 აპრილსა და 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო შ. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2019 წლის 24 აპრილსა და 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო შ. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2021 წლის 14 სექტემბერს შ. რ. და შ. რ., ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2021 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით შ. რ-სა და შ. რ-ს შეეფარდათ საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2021 წლის 12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა:
დასაშვებად იქნეს ცნობილი შ. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის იარაღის მიწოდება/უზრუნველყოფა).
ასევე დასაშვებად იქნეს ცნობილი შ. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის იარაღის მიწოდება/უზრუნველყოფა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი შ. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის იარაღის მიწოდება/უზრუნველყოფა).
დასაშვებად იქნა ცნობილი შ. რ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ N3713 კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციისათვის იარაღის 17 მიწოდება/უზრუნველყოფა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების – შ. რ-სა და შ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: შ. რ. და შ. რ. ისე გასამართლდნენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვებში, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ქართულ ენაზე არასრულყოფილად არის თარგმნილი, რომლის შინაარსის სრულყოფილად გაგება შეუძლებელია.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების – შ. რ-სა და შ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. რ. და შ. რ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 14 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მათ მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
5. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და ამის შესახებ არც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი. თავის მხრივ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შ. რ-სა და შ. რ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში, მათ მიმართ სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებათა სხვაგვარი დარღვევის საფრთხე იარსებებდა.
6. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიის მიხედვით, ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას შ. რ-სა და შ. რ-ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და მოცემული პირები არ დაექვემდებარებიან წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას სისხლის სამართლის პროცესის წარმოების არცერთ ეტაპზე.
7. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში შ. რ. და შ. რ. დაექვემდებარებიან წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მათი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
9. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ შ. რ. და შ. რ. არ იყვნენ ინფორმირებულები სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვებში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაში. სასამართლო პროცესის წარმართვა ბრალდებულის დაუსწრებლად შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი აშკარად გამოხატავს უარს გამოცხადებასა და საკუთარი თავის უშუალოდ დაცვაზე (Poitrimol v. France, §§ 35-39, ECHR; Pelladoah v. the Netherlands, § 40, ECHR; Sejdovic v. Italy [GC], §§ 81-84, ECHR). ამასთან, თუ ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, იგი პროცესზე წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატით (Van Geyseghem v. Belgium, [GC] § 34, ECHR; Pelladoah v. the Netherlands, § 40, ECHR; Krombach v. France, § 89, ECHR; Galstyan v. Armenia, ECHR, § 89).
11. წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება, რომ დაცვის მხარე არათუ ინფორმირებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვის თაობაზე, არამედ - მონაწილეობდა კიდეც მასში და ბრალდების მხარის თანაბარ პირობებში ჰქონდა მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევის შესაძლებლობა, კერძოდ: ქარშიაქას რაიონული პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენთან დაკავშირებით, საქმის განხილვის ეტაპზე შ. რ. და შ. რ. მონაწილეობდნენ როგორც უშუალოდ, ასევე მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მეშვეობით. ამასთან, როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირებმა სასამართლოს მისცეს ჩვენებები. აღნიშნული განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა მათი ადვოკატი, რომელმაც განაჩენი გაასაჩივრა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასევე არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც.
12. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ქართულ ენაზე არასრულყოფილად არის თარგმნილი, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ქართულენოვანი თარგმანი შინაარსობრივად სრულად გასაგებია და არ იკვეთება არსებითი ხასიათის ტექნიკური ხარვეზები, ბრალდების მხარემ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შუამდგომლობაში დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურებისა და ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამასთან, როგორც საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 25 ოქტომბერს შ. რ-სა და შ. რ-სა სრულად გადასცა თურქულენოვანი საექსტრადიციო მასალები, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის მითითებული პრეტენზია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების – შ. რ-სა და შ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი