საქმე # 330802221005216843
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№449I-21 ქ. თბილისი
ჩ. ჰ. 449I-21 2 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კორეის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ კორეის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2019 წლის 11 სექტემბერს კორეის რესპუბლიკის ინჩხონის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ჰ. ჩ-ს დაკავების ბრძანება.
1.2. 2021 წლის 25 მარტიდან ჰ. ჩ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. კორეის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ჰ. ჩ-ს კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოთხოვნილია მის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების განხორციელების მიზნით, შემდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით:
2.1. კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე მუხლთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთი ბილიონი კორეული ვონის ან მეტი ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 5-დან 10 წლამდე.
2.2. კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთასი მილიონიდან ხუთ ბილიონ კორეულ ვონამდე ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) გათვალისწინებული დანაშაულის 2 ეპიზოდი, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 3-დან 10 წლამდე.
2.3. კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) გათვალისწინებული დანაშაულის 4 ეპიზოდი, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით - 10 წლამდე.
3. კორეის რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში მითითებული ფაქტები:
3.1. 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჰ. ჩ-მ, რომელიც დაკავებული იყო საზღვარგარეთიდან საქონლის, მათ შორის, ფეხსაცმლის იმპორტითა და ვაჭრობით, სხვა პირთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დაზარალებულების - ი. ჯ-ს, ტ. ი-ს, კ. ს-ს, კ. ბ-ს, ლ. გ-ს, ჩ. ე-სა და ლ. ს-ს ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, რომ სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შედეგად შეძლებდა მისთვის გადაცემული თანხისა და დამატებითი პროცენტის უკან დაბრუნებას, უკანონოდ დაეუფლა ზემოხსენებული პირების მიერ გადაცემულ თანხას, ჯამურად - 15 075 053 254 სამხრეთ კორეულ ვონს. ამასთან, ჰ. ჩ-ს არ გააჩნდა მიღებული თანხისა და შესაბამისი პროცენტის დაზარალებულებისათვის დაბრუნების განზრახვა და ობიექტური შესაძლებლობა.
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
4.1. 2021 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს კორეის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ჩ.
4.2. 2021 წლის 17 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ჰ. ჩ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 150 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.
4.3. შეფარდებული გირაოს თანხის სრულად გადახდის შემდეგ, 2021 წლის 2 სექტემბერს, ჰ. ჩ. გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4.4. 2021 წლის 10 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის თაობაზე კორეის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
4.5. 2021 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ჰ. ჩ-ს კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის შესახებ კორეის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობაში და დასჯადია: კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე მუხლთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთი ბილიონი კორეული ვონის ან მეტი ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ); კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთასი მილიონიდან ხუთ ბილიონ კორეულ ვონამდე ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) - 2 ეპიზოდი; კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) - 4 ეპიზოდი;
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ჩ-ს (H. CH.) კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის შესახებ კორეის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობაში და დასჯადია: კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე მუხლთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთი ბილიონი კორეული ვონის ან მეტი ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ); კორეის რესპუბლიკის კონკრეტულ ეკონომიკურ დანაშაულთათვის დამძიმებული სასჯელის დანიშვნის შესახებ აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტითა და სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ხუთასი მილიონიდან ხუთ ბილიონ კორეულ ვონამდე ოდენობით, ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) - 2 ეპიზოდი; კორეის რესპუბლიკის სისხლის სამართლის აქტის 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ერთობლივად, 347-ე მუხლის პირველი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ, დანაშაულთა ერთობლიობით) - 4 ეპიზოდი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას. ასევე - დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი აუდიოჩანაწერისა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის მტკიცებულებად დაშვებას.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა მხარეების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ჰ. ჩ-ს მიმართ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიება მიკერძოებულია, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები - არადამაჯერებელი; ჰ. ჩ-ს შესაძლოა, დაემუქროს სიკვდილით დასჯა, ვინაიდან კორეის რესპუბლიკაში სასჯელის ეს სახე არაა გაუქმებული; ჰ. ჩ-ს მიმართ დაირღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან მისი ოჯახის წევრები 2018 წლიდან ცხოვრობენ საქართველოში; კასატორი ასევე ითხოვს, დასაშვებად იქნეს ცნობილი აუდიოჩანაწერი, რომლის მოპოვება მხარეებს შორის მტკიცებულებათა გაცვლისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე იყო შეუძლებელი.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ჰ. ჩ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 15 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჰ. ჩ-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ კორეის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი, სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის აშკარად დაუსაბუთებელია; ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების დასაშვებობისა და სარწმუნოობის შეფასებისა და ბრალდების შინაარსობრივი დასაბუთებულობის ხარისხი, თუ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე არ აღწევს აშკარა არაგონივრულობის ან უკანონობის ზღვარს, არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დაცვის სფეროში. განსახილველ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე, მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ.: Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება, გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ჰ. ჩ-ს მიმართ კორეის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას ჰ. ჩ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი სიკვდილით დასჯის რისკების თაობაზე, ვინაიდან ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, თუკი დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს კანონის მიხედვით ისჯება სიკვდილით და თუ იმავე დანაშაულის ჩადენისათვის თხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სიკვდილით დასჯა ან, როგორც წესი, იგი სისრულეში არ მოიყვანება, შეიძლება ექსტრადიციაზე უარის თქმა, თუ თხოვნის მიმღები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თხოვნის გამგზავნი მხარე ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს იმის შესახებ, რომ სასიკვდილო განაჩენი არ იქნება სისრულეში მოყვანილი, ხოლო ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა. კორეის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, არცერთი დანაშაული, რომლისთვისაც მოითხოვება ჰ. ჩ-ს ექსტრადიცია, არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, კორეის რესპუბლიკა შეზღუდულია სპეციალობის წესით და ჰ. ჩ-ს მიმართ სისხლის სამართლის წარმოება განხორციელდება მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებისთვისაც მოთხოვნილია მისი ექსტრადიცია.
8. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (იხ.: King v. The United Kingdom, no. 9742/07, გადაწყვეტილება, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (იხ.: Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, ECHR). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰ. ჩ-ს ოჯახის წევრები არიან კორეის რესპუბლიკის მოქალაქეები და არ გააჩნიათ საქართველოში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი, რისი მხედველობაში მიღებითაც, არ იკვეთება არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ კორეის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ჩ-ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
9. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საექსტრადიციო მასალების მიღების შემდეგ უფლებამოსილი პროკურორი პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რის თაობაზეც 10 დღით ადრე ატყობინებს დაცვის მხარეს. ამავე მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეები ვალდებული არიან, მოთხოვნის შემთხვევაში ერთმანეთს გაუცვალონ იმ დროისთვის მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ, ხოლო ამავე მუხლის მე-62 პუნქტის საფუძველზე - მხარეები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში გაცვალონ მათ ხელთ არსებული ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სასამართლოში გამოყენება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, არის მართებული, ვინაიდან დაცვის მხარემ დაარღვია საპროცესო მოწინააღმდეგისათვის მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გაცვლის კანონით დადგენილი წესი, რაც ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის უპირობო საფუძველია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი