Facebook Twitter

საქმე # 330802221005281515

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№453I-21 ქ. თბილისი

ო. ჰ., 453I-21 27 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო–ს ინტერესების დამცველ ადვოკატ დ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. ო–ს მიმართ თ–ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1999 წლის 21 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ჰ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 497-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 522-ე მუხლით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 4 თვით. ჰ. ო–ი ესწრებოდა საქმის განხილვას.

თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 სამმართველოს 2000 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2000 წლის 23 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს საქალაქო მძიმე სისხლის

სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰ. ო–ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, თუმცა

ჰ. ო–მ გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, 2003 წლის 13 აპრილს, ჩაიდინა დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება (აღნიშნული დანაშაულისათვის ექსტრადიცია არ იქნა მოთხოვნილი).

თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 სამმართველოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჰ. ო–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი და საქმე, ხელახლა განხილვის მიზნით, დაბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

2015 წლის 21 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის ახალი დებულებების ჰ. ო–ს სასარგებლოდ გამოყენების საკითხი, რის საფუძველზეც აღნიშნული სასამართლოს განაჩენით ჰ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 10 თვით. ამავე განაჩენით ჰ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ N5237 კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი მოტყუებით, იარაღის ან მუქარის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 სამმართველოს 2018 წლის 5 დეკემბერს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2019 წლის 24 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ჰ. ო–ს მიმართ 2000 წლის 23 დეკემბერს გამოყენებული პირობითი მსჯავრი და მას დაეკისრა 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1056 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვალდებულება. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ჰ. ო–ს ექსტრადიცია მოითხოვება მის მიმართ N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1056 დღით თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით.

თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდის ვალდებულების დაკისრების შესახებ.

2019 წლის 16 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს რესპუბლიკურმა მთავარმა

პროკურატურამ გამოსცა ჰ. ო–ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2. ჰ. ო–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2021 წლის 7 ივლისს შევიდა ჰ. ო–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა შესაბამისი მასალებით.

2021 წლის 28 აგვისტოს ჰ. ო–ი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ჰ. ო–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბერს განჩინებით ჰ. ო–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2022 წლის 28 თებერვლამდე.

ამჟამად ჰ. ო–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში: 19.. წლის 6 მაისს თ–ს რესპუბლიკის ქ. ს–ში, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჰ. ო–ი, თ. ე–ი, ა. ჰ–ი და ჰ. ა–ი, იარაღითა და ხელბორკილებით შეიარაღებულნი, ღამის საათებში მივიდნენ ბ–ს რაიონში მდებარე, დაზარალებულ ა. ფ–ს სახლში, რის შემდეგაც დაზარალებულს თავი წარუდგინეს პოლიციის თანამშრომლებად და განუცხადეს, რომ ხსენებულ სახლში უკანონოდ შენახული იარაღის ამოღების მიზნით უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. აღნიშნულის შემდეგ სახლში მყოფი სტუმრები აიყვანეს ზედა სართულზე მდებარე ოთახში და ჩაკეტეს, ხოლო დაზარალებულს მუქარის გამოყენებით მოსთხოვეს სეიფის გახსნა, რის შედეგადაც დაეუფლნენ მასში მოთავსებულ ფულს და ძვირფასეულობას, ხოლო შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

4. 2021 წლის 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ჰ. ო–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო–ს ადვოკატი დ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ჰ. ო–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ. ო–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ო–ი 2021 წლის 28 აგვისტოს ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ჰ. ო–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, განსახილველი ექსტრადიცია დასაშვებია აგრეთვე ჰ. ო–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელის სახისა და ზომის გათვალისწინებით. კერძოდ:

5. ჰ. ო–ს მიერ შუამდგომლობის თანახმად ჩადენილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე. ამასთან, აღნიშნული დანაშაულისათვის ჰ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 10 თვით.

6. მითითებული ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

7. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

8. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ჰ. ო–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

9. თურქეთის რესპუბლიკაში ჰ. ო–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულია 1999 წლის 21 მაისს, ხოლო 2000 წლის 23 დეკემბრამდე იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან, თუმცა ჰ. ო–ს მიერ გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ახალი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჰ. ო–ს მიმართ 2000 წლის 23 დეკემბერს გამოყენებული პირობითი მსჯავრი და მას დაეკისრა სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1056 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვალდებულება. ამასთან, 2019 წლის 16 მაისს ბ–ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ო–ს დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

10. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰ. ო–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 20 წლით და ამავე კოდექსის 71-72-ე მუხლების თანახმად, ამოიწურება 2023 წელს, შესაბამისად, იგი გასული არ არის.

11. ჰ. ო–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. ო–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ჰ. ო–ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 12 ნოემბერს ჰ. ო–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცედურა არ აფერხებს ექსტრადიციის საკითხის დასაშვეობის საკითხის განხილვას, მაგრამ დაუშვებელია ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის მინისტრის მიერ საერთაშორისო დაცვის პროცესის სრულად დასრულებამდე.

14. კასატორის მტკიცებით ჰ. ო–ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე; ჰ. ო–ს არ ჩაუდენია დანაშაული, პოლიციელები მასზე ახდენდნენ ზეწოლას დანაშაულის აღიარების მიზნით; ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დატოვა ქვეყანა.

15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21).

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი მხოლოდ უთითებს ჰ. ო–ს მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის ან სიცოცხლის უფლების შელახვის საფრთხეზე მაგრამ არ უთითებს აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. კასატორი არ უთითებს გარემოებებზე, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

19. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

20. სასამართლო ითვალისწინებს, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) . შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

21. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ბ–ს საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში ჩადენილი ძარცვა, იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო–ს ინტერესების დამცველ ადვოკატ დ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე