საქმე # 020142220700127844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №30აგ-21 ქ. თბილისი
ქ. თ., 30აგ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენით, თ. ქ–ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და ამავე კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ თ. ქ–ს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მოსახდელი დარჩა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით (1961 წლის რედაქცია). პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო - 2006 წლის 26 მაისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენი თ. ქ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება და თ. ქ–ს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, თ. ქ–ეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა მითითება 25 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნაზე.
5. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, თ. ქ–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით თ. ქ–ეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე: ¼ -ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 105-ე და 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლისა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ¼ -ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვით. ¼ -ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვით.
საბოლოოდ, თ. ქ–ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განაჩენით არასწორად იყო განსაზღვრული თ. ქ–სთვის მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ხანგრძლივობა. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თ. ქ–ს უნდა განსაზღვროდა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუნიშნა უფრო ნაკლები სასჯელი - 11 წელი და 3 თვე. აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გააუარესა მსჯავრდებულის მდგომარეობა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით თ. ქ–ს შუამდგომლობა (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
9. 2020 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს თ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ნ–მ და გ. გ–მ და ითხოვეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინების გადასინჯვა. კასატორებმა წარმოადგინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება „ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი N......
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
თ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ვ. თ–მ, რომელიც არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და ითხოვს საქმის განხილვას.
12. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში: საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.
3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით (Kartsivadze v. Georgia, no. 30680/09, ECtHR, 12/12/2019) დადგენილია, რომ თ. ქ–ს მიმართ განხორციელებული სამართალწარმოებისას ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მე-3 პუნქტის „დ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დარღვევას მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდების ნაწილში.
4. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაუსწრებელი მამხილებელი მოწმის ჩვენება (საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საკმაოდ დაბალ მტკიცებულებით მნიშვნელობასთან შედარებით), წარმოადგენდა მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში თ. ქ–ს მსჯავრდების ერთადერთ პირდაპირ და ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას (§63). სასამართლოს განმარტებით, მსჯავრდებულის მამის ჩვენება არ შეიცავდა საკმარის დეტალებს და სავარაუდოდ არ შეესაბამებოდა დაუსწრებელი თვითმხილველი მოწმის - დ. მ–ს ჩვენებას (§66), ხოლო საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მყარი და თანმიმდევრული მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა დ. მ–ს დეპონირებულ ჩვენებას (§66), არც თ. ქ–ეს და არც მის ადვოკატს არ ჰქონდა შესაძლებლობა არც დაეკითხათ მოწმე გამოძიების ეტაპზე და არც მოგვიანებით - დაესვათ მისთვის კითხვები მათ შორის მაგალითად, წერილობით (§67). სასამართლოს შეფასებით დ. მ–ს მამხილებელი დეპონირებული ჩვენების გარდა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ იყო საკმარისად მყარი და თანმიმდევრული (69).
5. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
6. მოცემულ შემთხვევაში თ. ქ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 105-ე და 17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში ემყარება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (რომლებიც არ შესწრებიან უშუალოდ ამ დანაშაულის ჩადენის ფაქტს), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნებს და დაზარალებული დ. მ–ს გამოქვეყნებულ ჩვენებას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებას. კერძოდ:
7. დაზარალებული მ. წ–ს, მოწმეების ნ. ჯ–ს, თ. მ–ს ჩვენებებით დასტურდება თ. ქ–ს მიერ 1992 წლის 12 სექტემბერს დაზარალებულის სახლში მისვლა, დაპირისპირება დ. მ–სთან, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მის მიერ დ. და გ. მ–სთან ერთად ბინის დატოვება და სამივეს ერთად მანქანით წასვლა.
8. დაზარალებულ დ. მ–ს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნებული გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ „კ“-მ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა 2-ჯერ, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა „კ–ა“-ს მისამართით. „კ–მ“ დ. მ–ე და მამამისი წაიყვანა ხ–ს რ/ნის სოფ. ს–ში. გზაში ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ „კუსამ“ გააჩერა მანქანა და წინა სავარძლიდან პირდაპირ მათი მისამართით მოახდინა გასროლა, რა დროსაც დაკარგა გონება და არ ახსოვს თუ როგორ მოხვდა ლაბორატორიის ჭიშკართან. მისი მტკიცებით ა/მანქანაში მათ გარდა სხვა არავინ იმყოფებოდა.
9. მოწმე ე. ქ–ს (მსჯავრდებულ თ. ქ–ს მამა) ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს იგი წასული იყო თ–ში და ჩამოსვლის შემდეგ უთხრეს რომ მის შვილს შემოაკვდა კაცი. მისი მტკიცებით თ. ქ–ეს მამა-შვილ მ–ესთან „საქმის გარჩევისას“ შემთხვევით გაუვარდა იარაღი, რაც თავისი შვილისგან იცის.
10. მოწმეების დ. გ–სის და ვ. დ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს - 1992 წლის 12 სექტემბერს ბინის აივანზე მდგომ დ. გ–სს ა/მანქანით მიმავალი დ. მ–ე ხელით დაემუქრა, რის შესახებაც დ. გ–სმა უთხრა მასთან სტუმრად მყოფ თ. ქ–ეს (უამბო რომ ფულის გამოძალვის ორგანიზატორი - დ. მ–ე აგრძელებდა მათ მიმართ მუქარას). საღამოს 11 საათისთვის თ. ქ–ე წავიდა მათი ოჯახიდან, მას თან გაჰყვა მათი შვილიშვილი თ–ი, მაგრამ სად მიდიოდნენ არ უთქვამთ. დაახლოებით 24 საათზე მათი შვილიშვილი დაბრუნდა სახლში. მეორე დღეს გაიგეს, რომ მოუკლავთ ჯ. მ–ე.
11. მოწმე თ. დ–ს (მ. დ–ს შვილი) ჩვენების თანახმად, დ. მ–ე და თ. ქ–ე მათი ოჯახის ახლობლები იყვნენ. გაიგო, რომ მათი ოჯახისგან ფულის გამოძალვაში მონაწილეობს ღებულობდა დ. მ–ე. 1992 წლის 12 სექტემბერს ოჯახში სტუმრად მივიდა თ. ქ–ე, რომელსაც გაურეცხა ა/მანქანა. ეზოში ჩასულმა თ. ქ–ემ უთხრა წასულიყვნენ დ. მ–ესთან. თ. ქ–ე ავიდა დ. მ–ესთან, თვითონ კი დარჩა ავტომანქანაში. დაახლოებით 10 წუთში მოესმა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა დ–ს ბინიდან. 10 წუთის შემდეგ კი დ., თ. და უცნობი პიროვნება ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ ი–ს ქუჩის მიმართულებით. ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ დაბალი ხმით. თავად კი თ–ს მოთხოვნით ჩავიდა მანქანიდან და წავიდა სახლში.
13. მოწმეების ი. ხ–ს და ე. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1992 წლის 12 სექტემბერს, გვიან ღამით გაიგონეს სროლის ხმა. ჩხუბი გრძელდებოდა 30-40 წუთი. შემდეგ მოვიდა ჯ. და დაწყნარდა სიტუაცია.
14. თ. ქ–ს მსჯავრდება ემყარება ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, 1992 წლის 16 სექტემბრის ჩხრეკის ოქმს, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნას, №.. ექსპერტიზის დასკვნას.
15. აჭარის შს სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების 1992 წლის 30 სექტემბრის №.. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მასრა, ამოღებული მამულაძის მკვლელობის ადგილიდან შეიძლება ნასროლი იყოს (არ არის გამორიცხული შესაძლებლობა) 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღიდან ლულის (ძველი) არხით და დამრტყმელ - სასხლეტი მექანიზმის დეტალებით. ტყვია ამოღებულია ქალაქ ბ–ში მ–ს ქუჩა №.. და დაზარალებულის სხეულის დათვალიერებისას გასროლილია 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ერთი და იგივე ლულის არხიდან (უცხოური წარმოების - არ არის გამორიცხული შესაძლებლობა).
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რომ დ. მ–ს ჩვენების გარდა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები აკმაყოფილებს მკვლელობის და მკვლელობის მცდელობაში თ. ქ–ს მსჯავრდებისთვის დადგენილ მტკიცებით სტანდარტს.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე