Facebook Twitter

საქმე # 010142221700141615

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №31აგ-21 2 დეკემბერი, 2021 წელი

ჭ. ს., 31აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჭ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

ს. ჭ–ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ს. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 16 იანვრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჭ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 8 წლით მთლიანად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის 1 თვის და 28 დღით და საბოლოოდ, ს. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის 1 თვის და 28 დღით;

ს. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2014 წლის 19 მაისიდან.

4. 2021 წლის 18 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ჭ–ემ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2021 წლის 5 მარტის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაციის შეცვლა და სასჯელის შემცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ჭ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ს. ჭ–ს მიმართ, შევიდა ცვლილება:

ს. ჭ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);

ს. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ს. ჭ–ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 8 წლით მთლიანად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის 1 თვის და 28 დღით და საბოლოოდ, ს. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლის 1 თვის და 28 დღით;

ს. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების მიღების დღიდან - 2014 წლის 19 მაისიდან;

დანარჩენ ნაწილში ს. ჭ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ჭ–ემ, რომელიც ითხოვს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 9 მარტს განხორციელებული (ამოქმედებული) ცვლილების საფუძველზე 2021 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ამასთან, მსჯავრდებული უთითებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონზე და განმარტავს, რომ ის მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გასაჩივრებული განაჩენით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს მითითებული კანონი კი ითვალისწინებს იმ პირის გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების დამზადებას, შენახვასა და გასაღებას, ჩადენილს დიდი ოდენობით. კერძოდ, მითითებული განაჩენით ს. ჭ–ეს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0052 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ შემცველი ხსნარის უკანონო დამზადებისთვის, საიდანაც ნაწილს - 0.0033 გრამ (დიდი ოდენობა) ნარკოტიკულ საშუალება ,,დეზომორფინის“ შემცველ ხსნარს ინახავდა პირადად, ხოლო ნაწილი - 0,0019 გრამი (დიდი ოდენობა) ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის“ შემცველი ხსნარი გაასაღა სხვა პირებზე.

4. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტის N324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით დაზუსტდა ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი და დიდი ოდენობები. კერძოდ, ცვლილების შემდგომ ,,დეზომორფინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისს ოდენობად განისაზღვრა 0,001 გრამზე მეტი - 0,01 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ხოლო დიდ ოდენობად 0,01 გრამზე მეტი - 1 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით).

5. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ–ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება - 0,0052 გრამი „დეზომორფინის“ შემცველი ხსნარის უკანონო დამზადებისთვის, საიდანაც ნაწილს - 0.0033 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,დეზომორფინის“ შემცველ ხსნარს ინახავდა პირადად, ხოლო ნაწილი - 0,0019 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის“ შემცველი ხსნარი გაასაღა სხვა პირებზე, რაც დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ს. ჭ–ს მიმართ, შევიდა ცვლილება, კერძოდ, ს. ჭ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია);

ს. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ს. ჭ–ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 8 წლით მთლიანად დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის 1 თვის და 28 დღით და საბოლოოდ, ს. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლის 1 თვის და 28 დღით;

ს. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების მიღების დღიდან - 2014 წლის 19 მაისიდან;

დანარჩენ ნაწილში ს. ჭ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ–ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 წლამდე, რის გამოც მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის შემდგომ განსაზღვრული მუხლის ( საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის 2015წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სანქციის ფარგლებშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. ჭ–ს მითითებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე (სს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული), სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება ვრცელდება აღნიშნული კანონის ძალაში შესვლისას მოქმედი საქართველოს სსკ-ის რედაქციაზე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს აღნიშნული კანონის ძალაში შესვლისას (და დღესაც მოქმედი რედაქციით) ს. ჭ–ს მიერ განხორციელებული ქმედება - ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის გასაღება - შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ს. ჭ–ე მსჯავრდებულია და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მათ შორის გულისხმობს - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, დიდი ოდენობით, ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით მითითებული მუხლი გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ხოლო დღეს მოქმედი რედაქციით ნარკოტიკული საშუალების გასაღება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილს. ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (რომელსაც შეესაბამება ს. ჭ–ს მიერ ჩადენილი ქმედება), მითითებული კანონი ამ ნაწილში ვერ იქნება გამოყენებული ს. ჭ–ს მიმართ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე